მსოფლიო ითხოვს ქართველი გმირის გათავისუფლებას! - კვირის პალიტრა

მსოფლიო ითხოვს ქართველი გმირის გათავისუფლებას!

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორ კვირაზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთაში ადანაშაულებს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს. ექიმის გათავისუფლებას მსოფლიოს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ.

თავდაპირველი ვერსიით, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში ჭაში ჩავარდნილი თამარ გიგაურის მოსანახულებლად მიდიოდა (ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა), თუმცა მოგვიანებით გიგაურის ოჯახმა უარყო ეს ინფორმაცია, რაც ადგილობრივების ნაწილმა იმით ახსნა, რომ შესაძლოა, მათ ამის გამოაშკარავებას თავი აარიდეს... მათივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ გაფრინდაშვილი რაიონში დარჩენილი სხვა პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რომლებიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის აღშფოთებას იწვევეს ის, რომ გაფრინდაშვილი არ უარყოფს "სახელმწიფო საზღვრის" შეგნებულად გადაკვეთის ფაქტს, რაც "შეურაცხყოფს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, მით უფრო, რომ სასამართლო პროცესზე მან თარჯიმანი მოითხოვა".

"არ ვიცი, ამ ვითარებაში სხვა როგორ გაუძლებდა სტრესს, თუმცა ვაჟა ექიმი სიმშვიდეს ინარჩუნებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. საქმეს ჯერ სრულად არ გავცნობივარ და ძნელია იმის თქმა, რა იქნება ხვალ, თუმცა უდანაშაულო ადამიანი ეკლესიაში სალოცავად ჩამოვა თუ პაციენტების მოსანახულებლად, არ უნდა დაისაჯოს. სხვა დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ახლა ყველა სიტყვას აწონ-დაწონა სჭირდება", - გვითხრა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა დამოუკიდებელმა ადვოკატმა ვლადიმერ ფიდაროვმა.

"ვაჟა ექიმს კონსულტაციისთვის ხშირად ვურეკავთ"

"კვირის პალიტრა" ცხინვალში ესაუბრა ოს ექიმს, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა აქვს. მიზეზთა გამო მის ვინაობას ვერ ვამხელთ.

- მე მქონდა პატივი, მის გვერდით მემუშავა. ის თავისი საქმის უბადლო მცოდნეა, არაერთხელ მოუცია რჩევა. ჩვენს ხელისუფლებას უჭირს იმის აღიარება, რომ სამედიცინო და კიდევ არაერთ სფეროში არსებობს პრობლემები, ეს განსაკუთრებით ცხინვალსა და ლენინგორში იგრძნობა. მედიით მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას, რომ უმძიმესი ვითარებაა როგორც მედიკამენტების, ასევე კვების თვალსაზრისით. ამ ძალზე არაჰუმანური საქციელით ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლება ზარალდება - გარდა იმისა, რომ იზოლაციაში აქცევს თავის ხალხს, რომელსაც თავად ვერ უქმნის სრულყოფილი ცხოვრების პირობებს, არც იმის უფლებას აძლევს, იმ სიკეთით ისარგებლონ, რასაც მათ საქართველოს ხელოსუფლება სთავაზობს. ყველაზე საშინელი გრძნობაა ექიმისთვის, როდესაც პაციენტი მოჰყავთ და მას ვერ ვეხმარებით.

- ამაზე თქვენს ხელმძღვანელობასთან გისაუბრიათ? - არაერთხელ. ვცდილობთ ჩვენს პოლიტიკოსებს თეთრხალათიანი ადამიანის ფუნქცია ავუხსნათ. უნდა ნახოთ, რას წერს აქაური სახელისუფლებო მედია - თითქოს ვაჟა ექიმი ნასვამი იყო და მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია.

ქართველი ექიმები, როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთშიც წლების განმავლობაში დადიოდნენ და მათ ხელი არასდროს შეშლიათ. კონსულტაციისთვისაც ხშირად ვურეკავთ როგორც ვაჟა ექიმს, ასევე სხვებს. მუდმივად ვგრძნობდით მათ გულისხმიერებას. ამით ჩვენც ვზარალდებით.

"ის საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს"

21 ნოემბერს ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გაავრცელა სატელეფონი ჩანაწერები, რომლებიც, მათი მტკიცებით, ქართველი ექიმისა და მისი პაციენტის საუბარს ასახავს. ერთ-ერთ აუდიომასალაში ისმის, სავარაუდოდ, გაფრინდაშვილის ხმა, რომელიც კოლეგას ტელეფონით ეუბნება, რომ უკვე სოფელშია. სოფლის სახელს არ ამბობს, თუმცა ამბობს, რომ ის ჯერჯერობით არავის შეუნიშნავს.

"ვაჟა გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა, თუმცა თავისი რელიგიური მრწამსის ახსნა ვერ შეძლო. ასევე, მან უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვაზე, რომელ პარტიას ეკუთვნის და აღნიშნა, რომ მომხრეა საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრების. საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად, რუსეთს კი - საქართველოს მთავარ მტრად" - წერს ოსური მედია.

უფრო ადრე, 19 ნოემბერს, ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებული ექიმი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა.

გავლენიანი მოსკოველი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი ეკჰოკავკაზა.ცომ-თან საუბარში ამბობს: "ეს არის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სერიოზული საგარეო პოლიტიკური შეცდომა. Gგასაგებია, რომ საზღვრის დარღვევის შესახებ თბილისსა და ცხინვალში განსხვავებული შეხედულება აქვთ, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულია, რომ ექიმი ხელშეუხებელია. ეს რეპუტაციის საკითხია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეელახა. ყოველი მომდევნო ნაბიჯით უარესობისკენ მიდიან. ახლა ერთადერთი გონივრული გამოსავალი ქართველი ექიმის გათავისუფლებაა"

წნელისის დაუსრულებელი კრიზისი

ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, სახელმწიფო საზღვრის ხშირი დარღვევა თბილისის მიერ წნელისში უკანონო საპოლიციო ბლოკპოსტის ჩადგმას უკავშირდება, რის გამოც ოსური მხარე თბილისს ულტიმატუმს უყენებდა და სწორედ ამ მიზეზით ახალგორის გზა დაკეტილია. რამდენიმე დღის წინ ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის ვიტალი მამიტოვის ხალხმა ახალგორის მოსახლეობას ურჩია, თქვენს სახელმწიფოს წნელისის საგუშაგო ააღებინეთ და ყველა პრობლემა მოგვარდებაო. შეგახსენებთ, რომ ახალგორის გზა 6 სექტემბერს, ოსური მხარის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაიკეტა.