"დედა მომიკლეს და ხომ შეიძლება კიდევ ვინმე დაიღუპოს მათ ხელში?!" - კვირის პალიტრა

"დედა მომიკლეს და ხომ შეიძლება კიდევ ვინმე დაიღუპოს მათ ხელში?!"

არცთუ ისე იშვიათად პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში, არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო არაერთ ასეთ საჩივარს განიხილავს. არაერთი ექიმი დასჯილა ჩადენილი გადაცდომისთვის. ექიმს უფლებამოსილება შეიძლება შეუჩერდეს ერთიდან 6 თვემდე, ან, თუ შემთხვევა უმძიმესია, გაუუქმდეს სერტიფიკატი. ხშირად მათ რამდენიმე თვით უჩერებენ უფლებამოსილებას და შემდეგ სამედიცინო საქმიანობას აგრძელებენ, ეს კი დაზარალებული ოჯახების პროტესტს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი გარდაიცვალა.

"საჩივარი 5 ივნისს შევიტანე, მაგრამ პასუხს დღემდე ველოდები"

გვანცა ფოფხაძე დედის, ხათუნა (ნატალია) ჩიმაკაძის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს და უკვე მეექვსე თვეა, მათ დასჯას უშედეგოდ ელოდება.

- 65 წლის დედას წნევის გარდა არაფერი აწუხებდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე თავბრუ დაეხვა, სამსახურში კიბეზე წაბორძიკდა და ეს გადაღლილობას დავაბრალეთ, თუმცა მაშინვე მივედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ ზვიად მათეშვილთან. რასაც დედა ადრეც სვამდა - წნევის მარეგულირებელს და გულის მკვებავს - ისინი მოუხსნა და დაუნიშნა ძვირად ღირებული მედიკამენტები. ვიყიდეთ და დაიწყო მკურნალობა, მაგრამ სამჯერ გული წაუვიდა. რამდენჯერმე დავურეკე ექიმს, რომ დედა წამლების მიღების შემდეგ ცუდად იყო და ხომ არ აჯობებდა შეგვეწყვიტა მკურნალობა. გვითხრა, არავითარ შემთხვევაში, გააგრძელეთ მკურნალობაო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო ცუდად გრძნობდა თავს. ექიმი ირწმუნებოდა, რომ მისი დანიშნული წამლები უკუჩვენებას არ გამოიწვევდა, არადა ყველა წამალს ინსტრუქციაში სწორედ ის უკუჩვენებები ეწერა, რაც დედას სჭირდა.

მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ დედას სამსახურში გული წაუვიდა. "სასწრაფომ" ისევ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიგვიყვანა და ისევ ექიმ მათეშვილის ხელში აღმოვჩნდით. განსაკუთრებული არაფერიაო, გვითხრეს. რეანიმაციაში იწვა და მხოლოდ გადასხმას უკეთებდნენ. - მედიკამენტები მოუხსნეს?

- მოუხსნეს. მეორე დღეს ჩვეულებრივად იყო. მარკეტში ნაყიდი მაწონი ვაჭამე - ახლა მეუბნებიან, თითქოს მაწვნით მოიწამლა და ამიტომ გარდაიცვალა! მას შემდეგ, რაც კორონაროგრაფია გაუკეთეს, იმის მიუხედავად, რომ საღამოს მდგომარეობა დაუმძიმდა, მაინც პალატაში გადაიყვანეს. იქაური პალატა და პირობები ცალკე თემაა - 80-იანი წლების გადმონაშთია! დედა ვერ სუნთქავდა, კიდევ უფრო ცუდად შეიქნა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, თან გამომიცხადეს, მაწონმა მოწამლაო (არადა ქილა კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ვადაგასული არ იყო). თანაც წინადღეს ნაჭამმა მაწონმა მეორე საღამოს მოწამლა?

იმ ღამეს რეანიმაციაში დატოვეს. მეორე დილით დედამ 7 საათზე დამირეკა, ახლა ერთ გადასხმას გამიკეთებენ და 9 საათზე მომაკითხეთ, ექიმი სახლში მიშვებსო. ჩემი აზრით, დედას შეტევა იყო კორონაროგრაფიით გამოწვეული, დაითრომბა სისხლი და ამან გამოიწვია ღებინება. ხელი ერთი საათი ჰქონდა გადახვეული, არადა, მთელი დღე უნდა ჰქონოდა! ამხელა პროცედურის შემდეგ თავისი ფეხით ატარეს! ეტლი ვერ ვნახე, რომ დამესვა და პალატამდე მიმეყვანა!

სანამ წავიყვანდი, მათეშვილს ვკითხე, ხომ არ ჯობია, კლინიკაში დავტოვოთ-მეთქი. არაო, მითხრა, ჩვენი პაციენტი აღარ არის, კორონაროგრაფიის დასკვნით ყველაფერი წესრიგშია, 10 დღეში მომიყვანე და 90 წლამდე იცოცხლებს, პირობას გაძლევო.

დასუსტებული ძლივს ჩამოვიყვანე ეზოში. ორჯერ გაჩერდა გზაში, მაგრამ იძულებული ვიყავი, წამომეყვანა, რადგან არ დატოვეს. ჩავსვი მანქანაში და 10 წუთში სახლში ვიყავით. როგორც კი შევედით, დედამ ძალიან ცუდად ვარ და დამაწვინეო. დავაწვინე და ხელებში ჩამაკვდა...

დედა ექიმების არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობას შეეწირა! ამ ტრაგედიის შემდეგ რესპუბლიკურში მისულს პალატის ექიმი ლალი ფაცია დამემალა. განყოფილების გამგე მამუკა ქობალავა დამპირდა, რომ მეორე დღეს დანიშნავდა თათბირს და მოიწვევდა სპეციალისტებს, მაგრამ... ეს ექიმები დღემდე მუშაობენ. ფაცია იმ დღეებში დასასვენებლად საზღვარგარეთ წავიდა. არც ადარდებს, მისი უცოდინარობით პაციენტი რომ გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანე საჩივარი, მაგრამ პასუხი არ არის...

- რეგულირების სამსახურში როდის შეიტანეთ საჩივარი? - დედა 31 მაისს გარდაიცვალა. საჩივარი 5 ივნისს შევიტანე. ყველა დოკუმენტაცია დავურთე, მაგრამ პასუხს დღემდე ველოდები. რომ ვრეკავ, მეუბნებიან, მოკვლევა მიდისო, ეს ექიმები კი მუშაობენ. დედა მომიკლეს და ხომ შეიძლება კიდევ ვინმე დაიღუპოს მათ ხელში?!

"წელს ექვს ექიმს სამუდამოდ შეუჩერდა სერტიფიკატი"

დღეს ასეულობით დაზარალებული ელოდება საჩივარზე რეგულირების სამსახურის დასკვნას. წელს 91 საქმე განიხილა პროფესიულმა საბჭომ და 6 ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა. მართალია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე კონკრეტულ ფაქტებზე არ ლაპარაკობს, თუმცა ადასტურებს, რომ ექვსივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

- ექვს ექიმს სამუდამოდ შეუჩერდა სერტიფიკატი. დადასტურდა, რომ საქმიანობის დროს მოხდა გადაცდომები და გარდაიცვალნენ პაციენტები.

- ალბათ, ეს არ იქნებოდა ამ ექიმების ერთადერთი შეცდომა. ადრეც დაისაჯნენ? - რამდენიმეს დროებით ჰქონდა შეჩერებული ლიცენზია და უფლებამოსილება, მერე აღუდგათ. ეს იყო მორიგი ფაქტი.

- ხშირად ექიმებს რამდენიმე თვით უჩერდებათ უფლებამოსილება, მერე მუშაობას აგრძელებენ. თუ კონტროლდება მათი საქმიანობა? - თუ ექიმს შეუჩერდება უფლებამოსილება, ვადის გასვლის შემდეგ ის აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება გაკონტროლებას, რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს კლინიკებს და თუ გამოვლინდება, რომ უფლებამოსილებაშეჩერებული ექიმი აგრძელებს მუშაობას, კლინიკაც ისჯება. საქართველოში 3000-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულებაა, ძალიან ბევრი ექიმია და კონკრეტული ექიმის საქმიანობას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ვაკონტროლებთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, შვიდ კლინიკაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ექვს ექიმს გააუუქმდა ლიცენზია და ყველა შემთხვევაში ლეტალური შედეგი დადგა. ასეთ შემთხვევებში თუ ეკისრებათ ექიმებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა? - პირის გარდაცვალების შემთხვევაში კლინიკა ვალდებულია, ეს აცნობოს სამართალდამცავებს და ისინი იწყებენ გამოძიებას. სამართალდამცავები ხშირად მოგვმართავენ და ვუგზავნით ჩვენს შესწავლილ დასკვნებს. ითვალისწინებენ თუ არა ამ დასკვნებს გადაწყვეტილების მიღებისას, არ ვიცი.

- ექიმების არაპროფესიონალიზმს ხშირად უჩივიან პაციენტები. თქვენს სამსახურში ხშირად თუ შემოდის მოქალაქეთა საჩივრები და, ძირითადად, რა დარღვევებს აწყდებით? - განცხადებები თითქმის ყოველდღიურად შემოდის. წლის განმავლობაში 800-მდე განცხადებას ვიღებთ.

ძირითადად, უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს; არის შემთხვევები, როცა ექიმის სამედიცინო მანიპულაციამ გამოიწვია მძიმე შედეგი; უკმაყოფილო არიან ექიმის მომსახურებით, იმ სერვისით, რომელსაც კლინიკა სთავაზობთ.

- წელს რამდენი განცხადება შემოვიდა და რამდენის შესახებ არსებობს დასკვნა?

- დღემდე 798 სხვადასხვა საკითხზეა განცხადება შემოსული. პროფესიული განვითარების საბჭომ 91 საკითხი განიხილა და 12 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. როგორც გითხარით, მათგან ექვსს გაუუქმდა ექიმის ლიცენზია.

- დაზარალებულები ძალიან დიდხანს ელოდებიან პასუხს. თქვენც აღნიშნეთ, რომ წელს შემოსული 800 საჩივრიდან მხოლოდ 91 განიხილა პროფესიულმა საბჭომ. რატომ ჭიანურდება ეს პროცესი? - ყველა საჩივარი არ მიდის პროფესიულ საბჭომდე, ყველა განცხადებას მსვლელობა არ ეძლევა, რადგან ყოველთვის არ იკვეთება ის დარღვევები, რაზეც სააგენტომ რეაგირება უნდა მოახდინოს. ზოგიერთი განცხადება სცდება ჩვენს კომპეტენციას. რაც შეეხება იმ საქმეებს, რომელთაც ვსწავლობთ, როცა კითხვები გვაქვს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ინიშნება ექსპერტიზა. ამ ექსპერტიზაში შესაძლოა ჩართული იყოს რამდენიმე დარგის ექიმი და ველოდებით დასკვნას, რომ ამის შემდეგ მომზადდეს მოხსენება და გაირკვეს, დადგეს თუ არა კონკრეტული ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი. ხშირად მოგვდის დასკვნები, მაგრამ ეს სენსიტიური თემაა და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ამ დასკვნის შემდეგაც შეიძლება კითხვები გაგვიჩნდეს ექსპერტიზასთან და ამ კითხვებს ისევ მათ ვუგზავნით, რომ დაზუსტდეს, ამას კი დრო სჭირდება. ეს ხელოვნური გაჭიანურება არ არის, დრო სჭირდება საქმის განხილვას.

არის შემთხვევები, რომლებიც არ არის რთული შესასწავლი და ექსპერტები დროულად გვაწვდიან დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება პროფესიულ საბჭოს, ვუსმენთ ექიმებსაც და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველა მხარეს შეუძლია გაასაჩივროს და თავისი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი გაუქმებული ლიცენზია ექიმს სასამართლომ აღუდგინა?

- ასეთი შემთხვევაც ყოფილა.

- გასულ წელთან შედარებით წელს მომართვიანობა გაზრდილი ხომ არ არის?

- 2018 წელს შემოსული იყო 795 განცხადება, წელს უკვე 798-ია..

- წელს ივნისში თქვენთან შემოვიდა მოქალაქე გვანცა ფოფხაძის საჩივარი. ის დედის, ხათუნა ჩიმაკაძის გარდაცვალებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ორ ექიმს ადანაშაულებს და 5 თვეა, უშედეგოდ ელოდება პასუხს. - პაციენტ ჩიმაკაძის შვილი უჩიოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხს. რეგულირების სააგენტომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოკვლევა დაასრულა და ეს საქმე შესასწავლად გაგზავნა ექსპერტებთან. ახლა ველოდებით მათ დასკვნას. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ, უნდა დადგეს თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი.