ატენის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
ატენის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
ფოტო:ლევან აბაშიძე
"ლევანს თავის ტრავმა ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ აგურებით გაუჭეჭყეს თავი, მაშინ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, პრობლემებიც მას მერე დაიწყო"

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ კვირას ატენის ქუჩაზე ლევან აბაშიძემ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. უკვე მიწას მიაბარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინე გედევანიშვილი და მისი ორი შვილი - თაკო და ლევან აბაშიძეები. როგორც სამართალდამცავებს რამდენიმე მეზობელმა უთხრა, შუაღამისას ზედიზედ სამი გასროლა გაიგონეს, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ, ეგონათ, ვიღაცამ ტკაცუნა გაისროლა.

ყველაფერი 17 ნოემბერს გაცხადდა - თაკო აბაშიძის მანქანას სადარბაზოსთან გასასვლელი ჩაკეტილი ჰქონდა, ამიტომ მეზობლებს მანქანები ვერ გაჰყავდათ და გედევანიშვილებთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ერთმა მობინადრემ ირინეს ნათესავს, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობს, დახმარება სთხოვა, სწორედ მან გამოიძახა სამაშველო სამსახური, რათა გაერკვიათ,
ბინაში რა ხდებოდა - მაშველებს ბინაში სამი ცხედარი დახვდათ.


ტყვიის ტრაექტორიითა და სროლის მანძილით ჩანს, რომ ლევანმა თავი მოიკლა. დედა-შვილსაც თავში თითო-თითო ნატყვიარი აქვთ. ნაპოვნია მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი, ვინჩესტერი.

როგორც ჩანს, ტრაგედიას წინ კონფლიქტი უძღოდა. თაკო აბაშიძე შინ ღამის 4 საათზე დედის სატელეფონო ზარის­ შემდგომ მივიდა (ამონაწერით დასტურდება, რომ ქალიშვილს დედამ დაურეკა).­

ახლობლების თქმით, თაკო ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რადგან ძმასთან კონფლიქტი ჰქონია. ერთი ვერსიით, ლევანმა ნარკოტიკული ნივთიერება "ბიოს" ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა დანაშაული. აღმოჩნდა თუ არა მის სისხლში ნარკოტიკი, ჯერ უცნობია. როგორც შსს-დან შევიტყვეთ, ის წამალდამოკიდებული იყო.

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციელებმა ქვეყნის დატოვება მომთხოვეს"

ლევანს სამართალდამცავებთანაც პრობლემები რომ ჰქონდა, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა გაახმაურა - ლევან აბაშიძემ ამ ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა. მის ადვოკატთან, ეკა ქობესაშვილთან ინახებოდა ლევანის ვიდეომიმართვა, რომელიც ადვოკატმა მისი დაღუპვის შემდგომ გაასაჯაროვა. "გამარჯობა, მე ვარ ლევან აბაშიძე. მინდა მოგიყვეთ საქართველოს მოქალაქის ისტორია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან სახლში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და ქვეყნის დატოვება მომთხოვეს. რადგან ისინი მაღალჩინოსნები იყვნენ, მათ მოთხოვნას დავემორჩილე და ქვეყანა სასწრაფოდ დავტოვე. ქვეყნის დატოვების შემდეგ, ყველანაირად ვეცადე, რისი საშუალებაც მქონდა, გარკვევა, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ არავინ მელაპარაკება, თითქოს არც ვარსებობ. აგერ, უკვე სამი თვეა ვიმყოფები სახლიდან და ქვეყნიდან გამოძევებული. თუმცა ვაპირებ დაბრუნებას. სხვაგან წასასვლელი არა მაქვს. ჩრდილო კორეის მოქალაქე რომ ვიყო, დახვრეტილი ვიქნებოდი, მაგრამ, რადგანაც საქართველოს მოქალაქე ვარ, ვფიქრობ, ნარკოტიკს ან იარაღს ჩამიდებენ ან რაიმე სახის პროვოკაციას მომიწყობენ. ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება მომიწევს. მინდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება ჩემს თავს. არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი, არასდროს ვმჯდარვარ ციხეში. ვფიქრობ, არავის ვაწუხებ ჩემი არსებობით, ვცხოვრობ პატიოსნად", - ამბობს აბაშიძე მიმართვაში, რომელიც 2016 წლის 9 სექტემბრით არის დათარიღებული.

"ლევანმა გაიხსენა, სუფრაზე სუს-ის თანამშრომელს ვეკამათე და მითხრა, გაგაქრობ ამ ქვეყნიდანო"

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ითხოვს, გამოძიება ვიდეომიმართვის დეტალებითაც დაინტერესდეს.
- ლევანმა ვიდეომიმართვა გამომიგზავნა და მითხრა, თუ რამე საფრთხე შეექმნებოდა ან დააკავებდნენ, ეს ვიდეო მეჩვენებინა საზოგადოებისთვის. ამბობდა, რომ კანონთან კონფლიქტი არ ჰქონდა და ითხოვდა, გარკვეულიყო, რა ხდებოდა. ადამიანადაც არ თვლიდნენ, პასუხს არავინ სცემდა. პერიოდულად საზღვარგარეთ მიდიოდა და როცა ბრუნდებოდა, საზღვარზე ყოველთვის პრობლემა ექმნებოდა. ერთხელ პირადად მე ჩავედი წითელ ხიდზე, რადგან საზღვარზე არ უშვებდნენ. მესაზღვრეები ამბობდნენ, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რატომ უზღუდავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაგრამ ჰქონდათ დავალება, რომ არ შემოეშვათ საქართველოში. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა როგორც შს სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაეცვათ ლევან აბაშიძის უსაფრთხოება და უზრუნველეყოთ საქართველოში მისი თავისუფლად შემოსვლა და გადაადგილება.

2018 წელს კვლავ შეექმნა პრობლემა საქართველოში შემოსვლის დროს, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შემოუშვეს.

მაშინ ვკითხე ლევანს, იქნებ რამე ახსნა მოუძებნო შენს დევნას-მეთქი და ასეთი ფაქტი გაიხსენა - სუფრაზე სუს-ის თანამშრომელს ვეკამათე და მითხრა, გაგაქრობ ამ ქვეყნიდანო. ამბობდა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნები,­ თუმცა მმართველი პარტიისგან იყო მოთხოვნა, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვიო. ამას უკავშირებდა თავიდან მის დევნას. არჩევნების შემდეგაც რომ გაგრძელდა დევნა, უკვე ახსნას ვერ პოულობდა. ის საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, ლოგიკურად მსჯელობდა ყველა საკითხზე.

არაერთი წერილი გვაქვს გაგზავნილი უწყებებში, ვითხოვდით აეხსნათ, რატომ დევნიდნენ და იქიდან გვწერდნენ, პერსონალური ინფორმაციაა და ვერ მოგაწვდით ამაზე ინფორმაციასო.

"დედამისი ლევანს ხატად ჰყავდა, სიგიჟემდე უყვარდა და არ ვიცი, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ"

ეკო ფანგანი, თაკო აბაშიძის მეგობარი: - ამ დრომდე არაფერი გარკვეულა. ცნობილია, რომ ირინეს ტელეფონიდან დარეკეს შუა ღამით თაკოსთან, რაზე ისაუბრეს არავინ იცის, ამის შემდეგ მივიდა თაკო იქ. თაკო ძალიან კარგი ადამიანი იყო, უამრავი მეგობარი ჰყავს, ერთად გავიზარდეთ. ყველას ძალიან უყვარდა. ლევანი არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ და-ძმას პრობლემები ჰქონდა, ამიტომ თაკო იმ სახლში აღარ ცხოვრობდა. სახლიდან იმიტომ წავიდა, რომ ლევანთან კონფლიქტები არ უნდოდა. ლევანი უცხოეთში პერიოდულად დადიოდა, ცოლი ჰყავდა ლონდონში, მგონი დაშორდნენ. ლევანი მძიმე ხასიათის იყო, თაკო ამბობდა, საშიშიაო. ლევანს დედამისი ხატად ჰყავდა, სიგიჟემდე უყვარდა და არ ვიცი, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ, ფაქტია, სრულ ჭკუაზე არ იქნებოდა. ალბათ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა იმ მომენტში. ფანტასტიკური ქალი იყო ირინე, ძალიან სიმპათიური, სასიამოვნო და თბილი. ლევანს თავის ტრავმა ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ აგურებით გაუჭეჭყეს თავი, მაშინ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, პრობლემებიც მას მერე დაიწყო.

- ლევანის ადვოკატმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, ამაზე რას იტყვით?
- ეს არის რამდენიმე წლის წინანდელი ვიდეო, მაშინ დაატოვებინეს ქვეყანა, მაგრამ არ ვიცი, რა კავშირში უნდა იყოს ახლა ეს ამბავი მომხდართან?

რატომ დევნიდა პოლიცია, არ ვიცი, არც კრიმინალი იყო, არც არაფერი, უბ­რალოდ, პრობლემური ბიჭი იყო. თაკოს მეგობარია ნახევარი თბილისი, უბოროტო ადამიანი იყო. შარშან ჩააბარა მაგისტრატურაში, სწავლობდა, დედის მსგავსად ისიც ფსიქოლოგი იყო. ფსიქიკური აშლილობის და ნარკომანიის პრევენციის თემა ჰქონდა არჩეული, მაღალი ქულებით ჩააბარა და უამრავი გეგმა ჰქონდა. ერთხანს თბილისის მერიაში მუშაობდა, მერე შს სამინისტროში, მაგრამ სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება, რადგან სწავლას დიდი დრო მიჰქონდა. ბოლო დროს მუშაობდა ქართული მოდის სახლში. თაკოს მელანომა ჰქონდა, სულ მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ძალიან უვლიდა თავს, მზეზეც კი არ გასულა მაგის მერე. ამ ვერაგ დაავადებას გადაურჩა, მაგრამ...

ბოლო დროს თითქოს ძმასთანაც დალაგდა ყველაფერი, რა მოხდა, არ ვიცით. ირინე ულამაზესი, საოცარი გარეგნობის და სულის ადამიანი იყო. ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა, მუდმივად შრომობდა, რომ მის შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ. 9 წლის იყო თაკო და ლევანი 4 წლის, მამა რომ გარდაეცვალათ.

დღემდე არ გვაქვს არაფერზე პასუხი, უამრავი ვერსია და ჭორია გავრცელებული. მინდა მათ მივმართო, ამ ტრაგედიით თამაში არ შეიძლება, ყველა გაჩუმდეს. ეს იყო არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური ოჯახი, სიყვარულში გაზრდილები, მაგრამ ამ ბიჭს შეუჩნდა რაღაც და გააგიჟა. სამი ადამიანი დავკრძალეთ. უმძიმესი დღეებია, დახოცილები არიან ყველანი, ვინც ამ ოჯახს იცნობდა.

"გამორიცხულია, ლევანს ეს ფხიზელ მდგომარეობაში ჩაედინა"

ქეთევან ჩიგოგიძე, ირინეს მეზობელი: "არაჩვეულებრივი ოჯახი იყო. ირინეს მამა მამაჩემის მეგობარი იყო, დედაჩემი დედამისთან მეგობრობდა. ირინე ადრე დაქვრივდა და ორი არაჩვეულებრივი ბავშვი გაზარდა, უპატიოსნესი, განათლებული ოჯახი ჰქონდათ. ლევანი ძალიან თბილი და ყურადღებიანი ბიჭი იყო. ბავშვობიდან სიყვარულით "ტაისონას" ეძახდნენ. ლონდონში ცხოვრობდა, იქ კურსებიც დაამთავრა, უცხოელი მეუღლე ჰყავდა და როგორც ვიცი, განქორწინდა. ირინე ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა და ახლახან გარდაეცვალა. გამორიცხულია, რომ ლევანს ეს ფხიზელ მდგომარეობაში ჩაედინა, არადა, მისთვის წამალდამოკიდებულება არასდროს შემიმჩნევია...

P.S. თავიდან ითქვა, თითქოს საქმეში სხვა პირი ფიგურირებდა და მან ამოხოცა ოჯახი, მაგრამ ეს ვერსია არ დადასტურდა. როგორც შევიტყვეთ, ამ ვერსიას არც განიხილავენ ძალოვანები, რადგან შემთხვევის ადგილის დათვალიერებამ ცხადყო, რომ მკვლელობა ლევანის ჩადენილია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები