"სუფრაზე სუს-ის თანამშრომელს ვეკამათე. მითხრა, გაგაქრობ ამ ქვეყნიდანო" - რას ჰყვებოდა ბიჭი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, დედა და და მოკლა და მერე თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

"სუფრაზე სუს-ის თანამშრომელს ვეკამათე. მითხრა, გაგაქრობ ამ ქვეყნიდანო" - რას ჰყვებოდა ბიჭი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, დედა და და მოკლა და მერე თავი მოიკლა

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ კვირას ატენის ქუჩაზე ლევან აბაშიძემ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. უკვე მიწას მიაბარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინე გედევანიშვილი და მისი ორი შვილი - თაკო და ლევან აბაშიძეები. ამ ტრაგედიაზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ლევანს სამართალდამცავებთანაც პრობლემები რომ ჰქონდა, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა გაახმაურა - ლევან აბაშიძემ ამ ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა. მის ადვოკატთან, ეკა ქობესაშვილთან ინახებოდა ლევანის ვიდეომიმართვა, რომელიც ადვოკატმა მისი დაღუპვის შემდგომ გაასაჯაროვა. იხილეთ მიმართვა

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ითხოვს, გამოძიება ვიდეომიმართვის დეტალებითაც დაინტერესდეს:

- ლევანმა ვიდეომიმართვა გამომიგზავნა და მითხრა, თუ რამე საფრთხე შეექმნებოდა ან დააკავებდნენ, ეს ვიდეო მეჩვენებინა საზოგადოებისთვის. ამბობდა, რომ კანონთან კონფლიქტი არ ჰქონდა და ითხოვდა, გარკვეულიყო, რა ხდებოდა. ადამიანადაც არ თვლიდნენ, პასუხს არავინ სცემდა. პერიოდულად საზღვარგარეთ მიდიოდა და როცა ბრუნდებოდა, საზღვარზე ყოველთვის პრობლემა ექმნებოდა. ერთხელ პირადად მე ჩავედი წითელ ხიდზე, რადგან საზღვარზე არ უშვებდნენ. მესაზღვრეები ამბობდნენ, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რატომ უზღუდავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაგრამ ჰქონდათ დავალება, რომ არ შემოეშვათ საქართველოში. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა როგორც შს სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაეცვათ ლევან აბაშიძის უსაფრთხოება და უზრუნველეყოთ საქართველოში მისი თავისუფლად შემოსვლა და გადაადგილება.

2018 წელს კვლავ შეექმნა პრობლემა საქართველოში შემოსვლის დროს, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შემოუშვეს.

მაშინ ვკითხე ლევანს, იქნებ რამე ახსნა მოუძებნო შენს დევნას-მეთქი და ასეთი ფაქტი გაიხსენა - სუფრაზე სუს-ის თანამშრომელს ვეკამათე და მითხრა, გაგაქრობ ამ ქვეყნიდანო. ამბობდა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნები, თუმცა მმართველი პარტიისგან იყო მოთხოვნა, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვიო. ამას უკავშირებდა თავიდან მის დევნას. არჩევნების შემდეგაც რომ გაგრძელდა დევნა, უკვე ახსნას ვერ პოულობდა. ის საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, ლოგიკურად მსჯელობდა ყველა საკითხზე.

არაერთი წერილი გვაქვს გაგზავნილი უწყებებში, ვითხოვდით აეხსნათ, რატომ დევნიდნენ და იქიდან გვწერდნენ, პერსონალური ინფორმაციაა და ვერ მოგაწვდით ამაზე ინფორმაციასო.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ვიცოდით, რომ და-ძმას პრობლემები ჰქონდათ, ბოლო ხანს თაკო ამბობდა ძმაზე, საშიშიაო, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ დედას და დას სასიკვდილოდ გაიმეტებდა"