"მეწყვილეები იყვნენ, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი" - პოლიციელთა ორმაგი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"მეწყვილეები იყვნენ, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი" - პოლიციელთა ორმაგი მკვლელობის დეტალები

27 ნოემბერს, ცაგერის სოფელ ლოჯანაში პოლიციელებს შორის მომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი ადგილობრივი პირი - 60 წლის მურთაზ სილაგაძე, რომელიც შეესწრო ფაქტს და როგორც ამბობენ, მოჩხუბარი პოლიციელების გაშველებას შეეცადა. მკვლელობა, სავარაუდოდ, ტაბელური იარაღებით არის ჩადენილი. რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ერთმანეთი სამართალდამცავებმა, ამაზე პასუხი არ აქვთ ადგილობრივებს. ისინი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი რომეო მანდარია "ქართული ოცნების" დეპუტატის, კარლო კოპალიანის ძმისშვილის მეუღლეა. "რომეო ადგილობრივია, 37 წლის. აგრესიული პიროვნება არ ყოფილა, მშვიდი და კარგი ადამიანი იყო. წლებია პოლიციაში მუშაობს და არასოდეს გაგვიგია მასზე ცუდი. ორი შვილის მამაა. რა მოხდა იქ, ნამდვილად არ ვიცით, მეორე პოლიციელი გოჩა ონიანია, ლენტეხის რაიონიდან, მინახავს ეს პიროვნებაც, ეკლესიური ადამიანი იყო, ხშირად ვხედავდი ტაძარში. რა მოხდა და რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცით. როგორც გავიგეთ მესამე პირი ადგილობრივია, რომელიც შეეწრო ფაქტს. არასოდეს ამ ბიჭებს შორის უთანხმოება არ გაგვიგია, მიზეზები სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ", - ამბობს ცაგერის მკვიდრი, აკაკი პირველი.

ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა: "ორივეს პირადად ვიცნობდი, კარგი ადამიანები იყვნენ. გოჩა ლენტეხიდან იყო. მესამე დაჭრილი ადგილობრივია, რომელიც შეესწრო ამ ამბავს, ხელოსანი კაცია, გაშველებას ცდილობდა და მიიღო დაზიანება. ბიჭები პატრულირებდნენ ამ ტერიტორიაზე. ეს სოფელი დაშორებულია ცაგერიდან. მეწყვილეები იყვნენ იმ დღეს, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი. ჩვენთან ზოგადად კადრები ძალიან მწირია და ამიტომ ძალიან რთულია მთელი რაიონის სრული კონტროლი. არ ვიცით, რა მოხდა. მანქანიდან გადმოსულები იყვნენ სოფელ ლაჯანას ცენტრში და იქ მოხდა შელაპარაკება. თვითმხილველი ის დაზარალებული პირია. გოჩა ადგილზე დაიღუპა, რომეო საავადმყოფოში, დაველოდოთ გამოძიებას ძალიან მძიმე ამბავი მოხდა".

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ, ჩვენი ინფორმაციით, გოჩა ონიანი იქვე იყო გარდაცვლილი, ხოლო რომეო მანდარია საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა. მესამე დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარცხენა ფეხის ბარძაყში მიაყნეს. "შემოყვანილია 60 წლამდე მამაკაცი, ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში აქვს. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა  ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა თემურ აფხაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და დაწყებულია გამოძიება. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

(სპეციალურად საიტისთვის)