"მოკლეს ადამიანი, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა" - რას ამბობს ადგილობრივი პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

"მოკლეს ადამიანი, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა" - რას ამბობს ადგილობრივი პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე

მომხდარს პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის მშენებლობას, - ამის შესახებ პანკისის მკვიდრმა ლუიზა მუთოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე განცხადებით, ორ გვარს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული პირი მისი ბიძაა.

მუთოშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ორ გვარს ასახელებს, რომლებიც მისივე განცხადებით, ჰესის მშენებლობის მომხრეები არიან და მათ ხელისუფლება ლობირებს.

"ერთადერთი რამ მინდა განვმარტო, რომ საზოგადოებამ გაიგოს - ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს პანკისში მომხდარი ფაქტი პირად დავამდე და გარჩევამდე დაიყვანოს, მაგრამ ამას პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას. ღიად ხეობაში ვინც ამ საკითხს ლობირებს, არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები. დაპირისპირება დაახლოებით, 1-2 თვის წინაც მოხდა იგივე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. დღეს ყველაზე მძიმე შედეგი დადგა და შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.

ჩვენი მხრიდან დაჭრილია ერთი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი, ისიც გვარად მუთოშვილი. ახლა უტარდება ოპერაცია და სტაბილურია მისი მდგომარეობა. მეორე მხრიდან არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ვინ და რამდენი ადამიანია დაჭრილი. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. დაკავებული ჯერ არავინაა და ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმე დააკავონ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს იცავენ.

ყველას ვთხოვ, ყველა ორგანიზაციას და ინსტიტუციას, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, რადგან მსხვერპლი კიდევ არ იყოს. ძალიან მძიმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ერთი ადამიანის სიცოცხლე იყოს საკმარისი, ამ თემის დასამთავრებლად. ეს არ მოხდებოდა კომპანიას და მთავრობას მთელი 1 წლის განმავლობაში ხალხთან კომუნიკაცია რომ ჰქონოდა. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ერთადერთი ის იყო, რომ ადამიანური ენით ესაუბრათ ჩვენთან და არა მასხრად აგდების ენით, რაც, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს და დღემდე იგივეს აგრძელებენ", - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

ცნობისთვის, პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო