"უდანაშაულო ბიჭი მოკლეს, ხუთი შვილის მამა, მე-6 შვილს ელოდა ოჯახი და ასეთი ტრაგედია მოხდა"
"უდანაშაულო ბიჭი მოკლეს, ხუთი შვილის მამა, მე-6 შვილს ელოდა ოჯახი და ასეთი ტრაგედია მოხდა"
ფოტო:ვისური მუთოშვილი
პანკისის ხეობაში გლოვაა, 28 ნოემბერს მიწას მიაბარეს 5 შვილის მამა, 36 წლის ვისური მუთოშვილი. უმძიმესი ფაქტი სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება უდიდესი ტრაგედიით დასრულდა. მოკლულია ერთი და დაჭრილია 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა სხვა დეტალებს ძალოვნები ჯერჯერობით არ ახმაურებენ. მართალია ოფიციალური განმარტება ჯერ სამართალდამცავებს არ გაუკეთებიათ და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, თუმცა, როგორც გავრცელებული კადრებიდან
ჩანს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ატეხილ ორმხრივ სროლებს პოლიციელები შეესწრნენ, მაგრამ დანაშაულის აღკვეთა ვერ შეძლეს.
ტელევიზიით გავრცელდა კადრები, რომელშიც სროლები ისმის და იმ კადრებში აშკარად ჩანს პოლიციის ორი პიკაპი. ძალოვანთა იქ ყოფნას არც უწყებაში უარყოფენ, თუმცა სხვა განმარტების გაკეთებისგან ისინი თავს იკავებენ.

დაჭრილებიდან ერთ-ერთი პანკისის ხეობაში "ქართული
ოცნების" კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის ძმა, მურად ქავთარაშვილია. არსებული ინფორმაციით, სწორედ მათ ჰქონდათ დაპირისპირება მუთოშვილებთან. ერთ-ერთი ვერსიით, გვარები ერთმანეთ პირადი მიზეზით გადაეკიდნენ, მეორე ვერსიით კი მკვლელობა, სავარაუდოდ, "ხადორი 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, ამ ორი გვარის წარმომადგენლებს შორის, ამ ტრაგედიამდე, არაერთი დაპირისპირება მოხდა. რაც დრო გადიოდა ეს დაპირისპირება უფრო ღრმავდებოდა. ამაზე ინფორმაცია სოფლის მაცხოვრებლებს და უხუცესებს ჰქონდათ და ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ როგორმე მოეგვარებინათ პრობლემა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ტრაგედიის დღესაც, 11 საათზე იყო დაგეგმილი შეხვედრა ამ საკითხზე, მაგრამ გადაიდო და ამასობაში უბედურებაც მოხდა.

ლუიზა მუთოშვილი, გარდაცვლილის ახლობელი:
- ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს პანკისში მომხდარი ფაქტი პირად დავამდე და გარჩევამდე დაიყვანოს, მაგრამ მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ამას პირად კონფლიქტთან მართლა არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას. ღიად ხეობაში ვინც ამ საკითხს ლობირებს, არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები.

დაპირისპირება დაახლოებით, 1-2 თვის წინაც მოხდა იგივე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. ჩვენი მხრიდან დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი, ისიც გვარად მუთოშვილი. ოპერაცია ჩაუტარდა და სტაბილურია მისი მდგომარეობა. დაკავებული ჯერ არავინაა და ეჭვი მეპარება, საერთოდ ვინმე დააკავონ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს იცავენ.

ყველას ვთხოვ, ყველა ორგანიზაციას და ინსტიტუციას, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, რადგან მსხვერპლი კიდევ არ იყოს. ძალიან მძიმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ერთი ადამიანის სიცოცხლე იყოს საკმარისი, ამ პრობლემის დასამთავრებლად. ეს არ მოხდებოდა კომპანიას და მთავრობას მთელი ერთი წლის განმავლობაში ხალხთან კომუნიკაცია რომ ჰქონოდა. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ერთადერთი ის იყო, რომ ადამიანური ენით ესაუბრათ ჩვენთან ".

მეორე მხარეს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა, მერაბ ქავთარაშვილი ირწმუნება, რომ მომხდარი არანაირად არ უკავშირდება ჰესის მშენებლობას. "პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა. დაპირისპირების მიზეზი სხვა რამეა. მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის შეკამათება 4 თვის წინ დაიწყო, 4 აგვისტოს. ახლა უნდათ, რომ ჰესზე გადაიტანონ ყურადღება, მაგრამ ჰესი არაფერ შუაშია", - განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

ქალბატონი მექა ხანგოშვილი ძალიან წუხს პანკისში მომხდარი ტრაგედიის გამო. მისი თქმით, მოკლული ახალგაზრდა უბრალოდ მსხვერპლია და ის ამ დავაში ჩართული არ იყო.

მექა ხანგოშვილი:
- ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი იყო და სამწუხაროდ, ასე ცუდად დამთავრდა და ამას ყველანი განვიცდით. ხეობაში 21 აპრილის დაპირისპირების შემდეგ იყო ახალგაზრდების შეკრება და იქ დასახელდა ის გვარები და სახელები ვინც ლობირებდა ჰესებს, ახსენეს ქავთარაშვილების გვარმა და ამას მოჰყვა დაპირისპირება. ყველაფერი გაღვივდა და დადგა ეს უმძიმესი შედეგიც. მანამდე, არ მგონია, მათ შორის რაიმე პრობლემა ყოფილიყო. როგორც ვიცი, ვინც ეს გვარები დაასახელა, მათ ჩაუსაფრდნენ კიდეც და ყველაფერი ასეთ მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა. ვიცი, ამ ზაფხულსაც იყო ინციდენტი და უხუცესები ცდილობდნენ რამენაირად მოეგვარებინათ ეს პრობლემა. პირადად მეც ვთხოვდი, რადგან ვხედავდი ძალიან ცუდისკენ მიდიოდა საქმე. ხეობა ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. არავის აწყობს ამ პატარა ხეობაში გვარებს შორის დაპირისპირება. სიტუაცია შერიგებისკენ მიდიოდა, იმ დღეს იქ რა მოხდა, არ ვიცი.

- ითქვა, რომ მაშინ შეხვედრის ვიდეოც გავრცელდაო, ეს ვიდეო ხომ არ გინახავთ?
- პირდაპირი ჩართვა იყო 23 აპრილს და ამას მეც ვუყურე, ჩეჩნურ ენაზე მიდიოდა "ლაივი", ჩართო ვიღაცამ, შემდეგ კი ვიდეო მალევე გაქრა. ვინც იქ ეს გვარები დაასახელა მათზე იყო სულ ზეწოლა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ვინც მოკლეს, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში იყო, ეტყობა შემთხვევით წავიდა. იმ გვარს კი წარმოადგენდა, მაგრამ კონფლიქტში ჩართული და მონაწილე არასოდეს ყოფილა.

პანკისში აპრილის ხმაურიანი მოვლენების შემდეგ ბევრ რამე შეიცვალა. ამაზე თვალს ნამდვილად ვერ დავხუჭავთ. ძალიან მძიმე კვალი დატოვა - აბსოლუტურად ყველა პროექტი შეწყვეტილია და ამაზე უხუცესებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ.

- ცნობილია, რომ ასეთი დანაშაულის შემდეგ, გვარები სისხლის აღებას ცდილობენ, ეს საფრთხე დღეს არსებობს?

- სამწუხაროდ, კარგი არაფერი ხდება. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე რთულად არის საქმე, მითუმეტეს ამ შემთხვევაში, როცა განზრახ მკვლელობა ხდება, ეს მოუგვარებელი პრობლემაა. სამწუხაროდ, გვარიდან გვარს გადაეცემა და ღმერთმა დაგვიფაროს და 40-50 წლის შემდეგაც მომხდარა გვარებს შორის სისხლის აღება.  ერთი ადამიანის უკან მთელი გვარი დგას. სრულიად უდანაშაულო, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი გახდა ამ დაპირისპირების მსხვერპლი. მის მეუღლეს ვიცნობ, ულამაზესი გოგოა, 5 შვილი ყავთ და ახლა მეექვსეს ელოდებიან.

- დაჭრილის ძმა ამბობს, რომ ჰესს არ უკავშირდება მომხდარიო, სხვა ვერსია განიხილება?
- ჰესთან დაკავშირებით რომ წამოიწყო კონფლიქტი ამ გვარებს შორის ეს უდავოა, მაგრამ მერე პირად კონფლიქტში გადაიზარდა თუ რამე სხვა იყო მიზეზი, ამაზე მე არ მაქვს ინფორმაცია.

- ფარეულიძეების გვარიც უკავშირდება ამ საქმეს, მათზე რას იტყვით?
- ისინი ქავთარაშვილების ნათესავები არიან. როგორც ვიცი, დაჭრილია მურად ქავთარაშვილი, ახლა მთავარია მშვიდობა დამყარდეს და მოხდეს ამ გვარების შერიგება. უხუცესები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მორიგებამდე იყო მისული საქმე და ეს ტრაგედია არ უნდა დატრიალებულიყო.

- გავრცელებულ კადრებში პოლიციის მანქანები ჩანს და აშკარაა, ამ დაპირისპირებას ისინიც შეესწრნენ. ისიც ცალსახაა, რომ პოლიციის იქ ყოფნის მიუხედავად ორივე მხარე შეიარაღებული იყო. ხეობაში იარაღების არსებობის პრობლემა ისევ დგას?
- სამწუხაროდ ასეა, ვიდრე ჩეჩენი იარსებებს, ალბათ ეს პრობლემაც იქნება. წარმოუდგენელია ჩეჩენი იარაღის გარეშე, თუმცა ტარების უფლება ალბათ იშვიათად ვინმეს თუ აქვს. იარაღის სიყვარული კი ყველა ჩეჩენს აქვს.

(სპეციალურად საიტისთვის)

123
02 დეკემბერი 2019 11:37
ვინ მართალი იყო და ვინ მტყუანი, ადრე თუ გვიან გამოჩნდება, მაგრამ პანკისში რომ დიდი რაოდენობით იარაღია, ამას რატომ გაურბიხართ? თავად მოკლულიც კი ყველა სურათში ავტომატითაა. ყველაზე დიდ პრობლემას დიდძალი იარაღი წარმოადგენს, რომელზეც ნებისმიერ პანკისელს მიუწვდება ხელი. რომ არ იყოს იარაღი, არც ეგეთი საშიში იქნებოდა ეგ რეგიონი
30 ნოემბერი 2019 10:30
ხშირია საქართველოდან ინფორმაცია მკვლელობების თაობაზე, რაც აფერხებს მის ამ სახით ევრო კავშირში შესვლას... ვიზიარებ მწუხარებას.
ძმებო!
29 ნოემბერი 2019 14:21
ხოდა ვინც მაგ გესის წინააღმდეგ დაგაყენათ, რომელიც მართლა არაფერს არ აშავებს იმდენად პატარაა და ვინც ეგ არეულობა გამოიწვია იმათ მოთხოვეთ პასუხი!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები