მასობრივ, მათ შორის, საქართველოში ჩადენილ მკვლელობებში ბრალდებული მადლენა რუსეთს გადასცეს - როგორ გაგრძელდება "სისხლიანი ატამანშას" საქმე?
მასობრივ, მათ შორის, საქართველოში ჩადენილ მკვლელობებში ბრალდებული მადლენა რუსეთს გადასცეს - როგორ გაგრძელდება "სისხლიანი ატამანშას" საქმე?
ფოტო:მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი
მრავალგზის გასამართლებული დამნაშავე, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ იმჟამად მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
იმხანად ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ მადლენას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საქმის
დასრულება, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მადლენამ საქართველო დატოვა.

ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე 65 წლის რუსეთის მოქალაქე მადლენა ზვორიკინა დააკავეს. იგი ბელარუსმა სამართალდამცველებმა იზოლატორში მოათავსეს, სადაც მან 40 დღე დაჰყო მანამ, ვიდრე რუსეთისადმი
საექსტრადიციო დოკუმენტები მზადდებოდა. 25 ნოემბერს მადლენა ზვორიკინა რუსეთს გადაეცა.

როგორც რუსული პრესა წერს, ეს პიროვნება იმითაა ცნობილი, რომ მან 1990-იან წლებში,  "საქმიან" პარტნიორ ალექსანდრე როშინთან ერთად , რომელიც როგორც ამბობენ, მისი საყვარელიც იყო, მოსკოვში ბანდა შექმნა, რომლის ანგარიშზეც, სავარაუდოდ,13 მკვლელობაა. ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულებათა გამო მადლენას "სისხლიანი ატამანშა" დაარქვეს.

რას წერს რუსული და ბელარუსული პრესა?

მასობრივი მკვლელობები

1993 წლის დეკემბერში მოსკოვის იასენევოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების მქონე ექვსი გვამი აღმოაჩინეს. ყველა მოკლული წარმოშობით უკრაინიდან, ლვოვიდან იყო. მილიციის ოპერატიული სამსახურის მუშაკებმა მიაკვლიეს, რომ ისინი მოსკოვში ავტომანქანების მოპარვა-გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. რადგანაც მომხდარი ფაქტი აშკარად უკავშირდებოდა მსხვერპლთა კრიმინალურ ბიზნესს, მილიციამ ეჭვი კონკურენტებზე მიიტანა.

გამოძიება კვალმა საქართველოში მცხოვრებ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილამდე მიიყვანა. როგორც გაირკვა, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წლით ადრე მან ბედის საძებნელად მოსკოვს მიაშურა და სავაჭრო ფირმა "წმინდა გიორგი" შექმნა, თუმცა კომერციული საქმიანობა მისთვის მხოლოდ ერთგვარი საფარის როლს ასრულებდა - სინამდვილეში "წმინდა გიორგის" თანამშრომლები მკვლელობებითა და ბანდიტიზმით იყვნენ დაკავებულები. თავდაპირველად გამოძიება დაჯგუფების ლიდერად სწორედ მადლენას მიიჩნევდა, მაგრამ შემდეგ, 1995 წელს, როცა "წმინდა გიორგის" თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს, აღმოჩნდა, რომ ბანდის მეთაური მადლენას სამოქალაქო ქმარი - ალექსანდრე როშინი იყო.

2002 წლის ზაფხულში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე როშინს, რომელსაც პირადად ხუთი ადამიანი ჰყავდა მოკლული, იმ დროისათვის სასჯელის მაქსიმალური ვადა - 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იდენტურად დაისაჯა მისი თანამზრახველი ალექსეი ფოკინი - რვა ადამიანის მკვლელი.

რაც შეეხება მადლენას, მას მკვლელობის ბრალდების ნაწილი მოეხსნა, მაგრამ გისოსებიან შენობაში 9 წლით მაინც გაიგზავნა. ამასთან, მხედველობაში იქნა რა მიღებული, რომ ზვორიკინა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში დაკავებული იყო, მას ეს ვადა პატიმრობად ჩაეთვალა და იგი ციხიდან განაჩენის გამოტანიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. გათავისუფლებულმა მადლენამ ტეროროზმის მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ფონდი "ალდოედი" დააფუძნა, მაგრამ ფონდის ხელმძღვანელობა არ დასცალდა - მალე თავი ისევ ციხეში ამოჰყო.

ქართული "გასტროლები"

2004 წელს მადლენა ზვორიკინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს, სადაც მასზე 1990-იანი წლებიდან ძებნა იყო გამოცხადებული. ქართველი ძალოვნების მონაცემებით, 1993 წელს მადლენა ალექსანდრე როშინთან, ალექსეი ფოკინთან და ბანდის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად კახეთში ჩავიდა ადგილობრივ მძღოლებში ფულის აკრეფის მიზნით. მეტი დამაჯერებლობისათვის ბანდიტებმა მოიმარაგეს იარაღი, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის უწყებისა და უშიშროების ორგანოების მუშაკთა ყალბი პირადობის მოწმობები.

როგორც გამოძიება მიიჩნევს, მადლენას ბრძანებით "გასტროლიერების" მიერ რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ასე მაგალითად - თბილისი-გურჯაანის ავტოტრასაზე მოკლული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შემდეგ ისინი ადგილობრივი მცხოვრების - გივი იმერლიშვილის ოჯახს გაუსწორდნენ: არ დაინდეს არც მისი ცოლი ლამარა და არც შვილი ანეტა. სახლიდან წაიღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანადირო თოფები, გაიტაცეს ავტომობილი "ნივა", რომელიც გაყალბებული დოკუმენტებით გაყიდეს და რუსეთში დაბრუნდნენ.

საქართველოს პროკურატურამ საქმე ბანდიტიზმზე და ოთხი ადამიანის მიმართ წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე აღძრა, რომელიც ჩადენილი იქნა განსაკუთრებულად უმძიმესი გარემოებებით. ანგარიშწორების ოთხივე მონაწილეზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. იგი დააკავეს, მაგრამ მადლენა ზვორიკინა საქართველოს პენიტენციალური სისტემის დაწესებულებაში (საპყრობილეში) არ მოხვდა. საქმე იმაშია, რომ მას რუსული პასპორტი აქვს და კონსტიტუციის 61-ე მუხლის თანახმად, რუსეთი თავის მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოებს არ გადასცემს. ამიტომაც მადლენამ მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში მცირე ხანს დაჰყო და გათავისუფლდა.

რას საქმიანობდა მომდევნო წლებში მადლენა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 2014 წელს იგი აზერბაიჯანში იქნა დაკავებული, ბაქომ ეჭვმიტანილი საქართველოს გადასცა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარ პატიმრობა მიუსაჯა. "ამასთანავე, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ხელისუფლება საქმის კურსში არ ჩააყენეს მადლენა ზვორიკინას დაკავებისა და მისთვის სისიხლის სამართლის ბრალდებების წარდგენის დროს", - განაცხადა იმ დროს ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, - მისმა ადვოკატებმა კლიენტის გათავისუფლება დაბეჯითებით მოითხოვეს და 2015 წლის 21 მარტს სასამართლოს დადგენილებით, იგი გათავისუფლდა".

ეპიზოდები მადლენას "მხედრიონული" ცხოვრებიდან

კრიმინალური წარსულის გარდა, მადლენა ზვორიკინას მდიდარი საბრძოლო გამოცდილებაც აქვს. ქართველი სამართალდამცველთა მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისში იგი გასამხედროებული ორგანიზაციის - "მხედრიონის" ("მაშველთა კორპუსის") კახეთის ფრთას ხელმძღვანელობდა, რომელიც 1989 წელს პოლიტიკოსმა და სამხედრო პირმა (შეთავსებით კი "კანონიერმა ქურდმა") ჯაბა იოსელიანმა დაარსა. "მხედრიონელები" ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობდნენ და საკვანძო როლი შეასრულეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში.

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დამნაშავეობამ იმატა. იოსელიანის დაჯგუფება კრიმინალურ საქმეებს განაგებდა. ქართველი სამართალდამცველები წესრიგის მტკიცე დაცვას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს და 1991 წლის თებერვალში ჯაბა იოსელიანი და მისი გარემოცვის წევრები დააკავეს. თუმცა იმავე წლის დეკემბერში, როცა თბილისში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, "მხედრიონელებმა" საპყრობილე შტურმით აიღეს და თავიანთი ლიდერი გაათავისუფლეს.

მაგრამ, როგორც ნათქვამია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული: 1995 წელს, საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ჟამს, ჯაბა იოსელიანი ქვეყნის მეთაურზე მოწყობილ თავდასხმაში (იმავე წლის 29 აგვისტოს) და რამდენიმე მკვლელობაში დაადანაშაულეს. "მხედრიონის" საქმიანობა ქვეყანაში აიკრძალა, ხოლო წევრების უმრავლესობა ციხეში აღმოჩნდა. იგივე ბედი ეწია ჯაბა იოსელიანსაც - 1998 წელს მას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა იგი 2000 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. გარდაიცვალა 2003 წელს.

დღეისათვის მადლენა ზვორიკინას სამომავლო ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ მას საქართველოს ისევ არ გადასცემენ, რადგან, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, იგი რუსეთის მოქალაქეა. წყარო


რა იძებნება "კვირის პალიტრის" არქივში

რამდენიმე წლის წინ, "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილითან, რომელიც ჩვენს არქივში ინახება, გთავაზობთ ამონარიდებს:

- ღმერთი არავის აპატიებს ამხელა ცილისწამ­ებას. ვერ ამიხსნია, რატომ დამაბრალეს ის, რაც არ ჩამიდენია...

- გურჯაანში 22 წლის წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულში გედებათ ბრალი. ბევრს ახსოვს, გურჯაანში უშიშროების თან­ამ­შრომლის, ვასილ იმერლიშვილის ოჯახის­ ტრაგედია. ამბობენ, თქვენმა დაჯგუფებამ ამ ოჯახის ოთხი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქროო. ამ უმძიმესი ბრალდებების მიუხედავად, დღეს თავისუფალი ხართ.
- 9 თვე თბილისის ციხეში გავატარე. პატიმრობის ვადა ისე ამოიწურა, დანაშაული ვერ დამიმტკიცეს...

- გაგათავისუფლეს, მაგრამ საქმეზე სასამართლო გამოძიება გრძელდება, არა?

- პროკურორმა ვერც ერთი მოწმე ვერ მოიყვანა, ვინც მამხელდა. მე იმ მკვლელობასთან კავშირი არ მქონია. ამბობდნენ, თითქოს ბანდა რუსეთიდან ჩამო­ვიყვანე და იმ ჯგუფმა იმერლიშვილების ოჯახი ამოხოცა. არადა, არ ვიცნობდი იმერლიშვილებს­, არასდროს მინახავს ისინი. საქმ­ეში არც ერთი გარდაცვლილის ფოტოსურათიც კი არ დევს. ტყუილია ეს ყველაფერი. საიდ­უმლო მიმოწერა იდო საქმეში, მაშინდელი გენპროკურორი ბაბილაშვილი რუსეთის პროკურატურას სწერდა, არავითარი დამამტკიცებელი მასალა არ გაგვაჩნია და საქმე სასამართლოში ვერ გამყარდებაო.

- ყოფილი გამომძიებელი ბათუ საღინაძე ამბობდა, რომ ერთ-ერთ საქმეზე თქვენი დაკავება მოსკოვში სცადეს, მაგრამ ვერ მოხერხდა. თითქოს­ საღინაძეს მილიონიც შესთავაზეთ, რათა თქვენთვის თავი დაენებებინა...
- საღინაძე შევარდნაძის დაკვეთას ასრ­ულებდა და ჩემი ლიკვიდაცია სცადა­. 1994 წლის 26 ივლისი იყო, ჩემმა მძღოლმა­ დაიგვიანა და სახლიდან გამოვედი. ეზოში გამ­აჩერეს ქართველმა ძალოვანებმა და ირონ­იულად მითხრეს, შევარდნაძემ 50.000 დოლარად შეგაფასაო. გამეცინა, მეგონა­, ხუმრობდნენ, ამ დროს დააძრეს იარ­აღი და ერთმა თავში მესროლა, მეორემ - მარჯვენა მხარში. ეს ის ფაქტია, რასაც­ ვით­ომ სპეცოპერაციას უწოდებს საღინაძე. თუ დაკავება­ სურდათ, ოფიციალური საბუთით მოვიდოდნენ და დამაკავებდნენ, მაგ­რამ იცოდნენ, ეს შეუძლებელი იყო, რადგან უკვე რუსეთის მოქალაქე ვიყავი. ამიტომ ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს. მაშინ­ მართლა სასწაულით გადავურჩი სიკვდილს. მარცხენა ყურთან გამიარა ტყვიამ. ჩვენს კორპუსში საიუველირო მაღაზია იყო, იქაური დაცვა გამოვარდა და პირიქით, ესენი დააწვინეს ძირს, ამიტომ ვერ მოასწრეს საკონტროლო გასროლა. მაშინ ერთმა ჩანთა ჩამომგლიჯა მხრიდან და რომ დავიკვნესე, გავიგონე მისი ნათქვამი, მგონი, ცოცხალია, ბიჭოო; მეორემ უთხრა, არა, კაცო, თავში მოვახვედრე ტყვიაო.

ჩანთა იმიტომ ჩამომგლიჯეს, რომ ბინის კარი გაეღოთ და იქ იარაღები ჩაედოთ, მაგრამ ვერ მოასწრეს. ბათუ საღინაძეს არ ვიცნობდი, მერე ფოტოებით ამოვიცანი... ტყუილია, თითქოს ფული შევთავაზე. (იხილეთ სრულად)

მოამზადა სიმონ კილაძემ


111
02 დეკემბერი 2019 09:12
ადრე იყო მულტსერიალი და პერსონაჟები არიან ძმები გავსები, მათი დადაა "მამაშა გავსი", ამ ტიპის პროტოტიპია

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები