"...ასე ჯობია ყველასთვის" - აზარტული თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლის სასიკვდილო "გამოსავალი"...
"...ასე ჯობია ყველასთვის" - აზარტული თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლის სასიკვდილო "გამოსავალი"...
ლუდომანი ქალის წერილი შვილებს...

უკონტროლო ბიზნესში ჩათრეულ მოქალაქეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, იზრდება მათი რიცხვიც, ვინც ლუდომანიით იტანჯება და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს. ტრაგედია, რომელზეც ასეთი მსხვერპლის ოჯახის წევრი გვიამბობს, ათასობით ადამიანის სათქმელს ასახავს. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაყიდა, ყველა დანაზოგი გამოლია, 62 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ლუდომანის ტრაგედიაზე მისი და, რუსუდანი გვიამბობს:

- თბილისთან ახლოს მშობლების სახლი გვქონდა, მე და ჩემმა დამ, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ბავშვ­ობა­­ იქ გავატარეთ. ნანამ
გაარემონტა და მის სახელზე იყო გაფორმებული. ჰოდა, ითამაშა­ და გაუყიდია, მაგრამ ეტყობა, ახალი მეპატრონისთვის გასაღები არ ჰქონდა გადაცემული. იქ დაასრულა სიცოცხლე, იქ იპოვეს შვილებმა...


წლების განმავლობაში თამაშობდა. თავიდან კაზინოში, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა შეერყა და გარეთ ვერ გადიოდა, ონლაინკაზინოში დაიწყო თამაში, ნერვული სისტემა მოშლილი ჰქონდა,
დაძაბულ სიტუაციებში წონასწორობას კარგავდა, სუნთქვა უხშირდებოდა. ფრჩხილები დასისხლიანებამდე ჰქონდა დაჭმული და მუდმივად ხელთათმანები ეკეთა. სახსრები სტკიოდა და დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა არ შეეძლო. თუ საძილე წამალს არ მიიღებდა, თითქმის არ ეძინა. მოსიარულე გიჟი იყო. უამრავ დამამშვიდებელს სვამდა, ფსიქოლოგებთან, ასტროლოგებთან, ეზოტერიკოსებთან დადიოდა...

უკვე ხვდებოდა, რომ დაღუპვის პირას იყო. თუმცა მანამდე აწყვეტილი თამაშობდა და თუ ვინმე რამეს ეტყოდა, ყველას ერჩოდა - არ ვსვამ, არ ვგრიალებ, სიგარეტი და თამაშია ჩემი გასართობიო...

რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად მესტუმრა, ნამტირალევი იყო. ქმარს რომ დაშორდა, მაშინაც არ მინახავს მის თვალებზე ცრემლები. არადა, ჩემი და 15 წლის იყო, სიძე კი 18-ის, რომ გაიპარნენ და მთელი ცხოვრება უყვარდა ქმარი.

ერთი სიტყვით, შემომჩივლა, შვილებს ჩემ გამო რცხვენიათ, მე კი ყველაფერი გავაკეთე ფეხზე რომ დამეყენებინაო. გაბრაზებული ვიყავი და ვუთხარი, მარტო მათ კი არა, მეც და ყველას გვრცხვენია, ამხელა ქალი ხარ, დაფიქრდი, რას აკეთებ, სადამდე აპირებ ასეთ ცხოვრებას-მეთქი... ძალიან ვნანობ ამ სიტყვებს, მაგრამ მაშინ სამი ბინა, აგარაკი და მიწის ნაკვეთი უკვე გაყიდული ჰქონდა. ეს ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში მოასწრო... მხოლოდ ეს მითხრა, რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი სიბერე მექნებოდა, ნეტავ ისევ გაჭირვებაში ვცხოვრობდეთო.

- საიდან დაიწყო ყველაფერი, როგორ გახდა თამაშდამოკიდებული?
- რამდენიმე წლის წინ მან და რამდენიმე­ მისმა კლასელმა ბიზნესი წამოიწყეს - თურქეთიდან, ისრაელიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ტანსაცმლის შესაკერად ქსოვილები ჩამოჰქონდათ და სამკერვალო სალონებსა და მაღაზიებს ამარაგებდნენ. შემდეგ ჩემმა დამ აქედან სხვადასხვა ქვეყანაში მუშახელის გაგზავნა დაიწყო, თავიდან არალეგალურად, მერე უკვე ლეგალურად. 12.000 დოლარი ღირდა და წასვლის მსურველი ძალიან ბევრი იყო.

არ ვიცი, პირველმა რომელმა დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ერთხანს ყველანი თამაშობდნენ.
ჯერ ერთმანეთის ვალი დაედოთ და ამის გამო მოუვიდა უსიამოვნება, რადგან ვალი ვერ გაისტუმრეს, შემდეგ კი დაიფ­ანტნენ. რამდენიმე თამაშს შეეშვა, ჩემი და კი განაგრძობდა. ვიცოდი, რომ თამაშობდა და მისი წარმატება თან მიხაროდა, თან არა, როგორც კი დიდ თანხას ჩაიგდებდა ხელში, აუცილებლად ითამაშებდა. შემოსავლის ზრდის პარალელურად თამაშსაც უმატებდა. მისი ვაჟი ამბობდა, სახლში მოსული დედაჩემი თავის ოთახში ჩაიკეტება და გარეთ არ გამოდის, აღარც შვილიშვილები აინტერესებს, არც ოჯახი, დილამდე ონლაინკაზინოში თამაშობს, ჩემი ცოლის მრცხვენიაო.

- შვილებმა არ სცადეს დახმარება?
- ყველამ ვცადეთ, სათითაოდ და ერთად. მის ვაჟს შეგონებით რომ არაფერი გაუვიდა, ემუქრებოდა, დედა, იცოდე, სახლში გამოგამწყვდევო. ამის გამო თავი ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო და დაუყვირია, ისე არ გააკეთო, ვინმემ გაგაგოროსო. ამის გამო ბიჭი თითქმის ერთი წელი ხმას არ სცემდა, მამამისს სთხოვა, ჩამოდი და დაელაპარაკეო. ის მოსკოვში ცხოვრობს, სხვა ოჯახი ჰყავს. 90-იან წლებში წავიდა ვითომ­ სამუშაოდ და დარჩა, როგორც ხდება ხოლმე... მოულოდნელად ჩამოვიდა და ესტუმრა ყოფილ ცოლს. ჩემმა დამ კარიც არ გაუღო, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი, მაშინ მიმატოვე და ახლა ჭკუის დასარიგებლად როგორ ჩამოხვედიო.

ბოლო დროს მოთმინება ღალატობდა. გოგონებიც სულ საყვედურობდნენ. წლების განმავლობაში ტკბილი სიტყვით ვერაფერს გავხდით. ოჯახის საერთო ანგარიშიდან ფულს იღებდა სათამაშოდ და ამაზეც ეჩხუბებოდნენ, არაფერი გვინდა შენგან, მხოლოდ ნორმალურად იცხოვრე, როგორც სხვა ქალები, დედები და ბებიები ცხოვრობენ, როდის უნდა დაასრულო ეს ყველაფერიო?..

სამწუხაროდ, ვეღარ დაასრულებდა. უკვე მასზე აღარ იყო დამოკიდებული. დღესასწაულზე სადმე რომ შევ­იკრიბებოდით, ცოტა ხანში აუცილებლად გაქრებოდა... სათამაშოდ მიდიოდა. ცუდად ვიყავი მისი შემყურე. მონასტერში წასვლას ვთავაზობდი. არ არის ეგ ჩემი საქმეო.

- ვიცი, რომ ერთხანს ისრაელში ცხოვრობდა.
- სინამდვილეში, იმიტომ მიდიოდა, რომ არ ეთამაშა და დამშვიდებულიყო. რაღაც დროის შემდეგ ვეღარ უძლებდა, ჩამოვიდოდა­ და თამაშობდა. შვილებს ეშინოდათ, შვილიშვილებზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა­ და არიდებდნენ - ბიჭები მოზარდები არიან.
ყველაზე მეტად ამას განიცდიდა, კეთროვანივით მექცევიან, შვილიშვილები მენატრება და შვილები ცდილობენ მომარიდონო. უკიდურესად დამცირებულად გრძნNობდა თავს, მაგრამ თავს ვეღარ ერეოდა.

ზუსტად არ ვიცი, როდის დაიწყო თამაში და დამოკიდებული როდის გახდა, მაგრამ თითქმის 10 წელს ვებრძოდით ამ პრობლემას.
ჩემი და ავად იყო. ბრაზობდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებო, მაგრამ ამას მხოლოდ ჩემთან ამბობდა, შვილებთან რცხვენოდა.

- წერილი დატოვა, ხომ?
- ბოდიშს უხდის ყველას. მეგონა, თავის გაკონტროლებას შევძლებდი, სუსტი აღმოვჩნდიო... ასე ჯობია ყველასთვის. დასვენება მჭირდება და ამას ამქვეყნად ვეღარ შევძლებდიო.

ყველას, შვილებს თუ ახლობლებს, დანაშაულის განცდა გვაქვს, რომ ვერ დავეხმარეთ, რაღაც დროს, რაღაც მომენტში... რამდენიმე კვირა იქნებოდა, არ მენახა­ და ამ ხნის განმავლობაში საოცრად გამხდარა და გალეულა. ალბათ, ღამეები არც ეძინა, იჯდა, ეწეოდა და გამოსავალზე ფიქრობდა... და იპოვა კიდეც... შეიძლება სხვანაირი მიდგომა სჭირდებოდა, აკრძალვები და ჩხუბი კი არა... ჯერ არ ვიცი, ჯერ შოკი მაქვს.
დედა სამსახურში რომ მიდიოდა, ჩვენ ვუვლიდით ერთმანეთს. მამა მეზღვაური გვყავდა და თვეობით წასული იყო. 6-7 წლის ბავშვები დიდი ქალებივით ვაკეთებდით საჭმელს, ვრეცხავდით, ვალაგებდით... მიუხედავად იმისა, ქმარმა მიატოვა, ფეხზე დადგა და სამი შვილიც ფეხზე დააყენა.

ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, მაგრამ ასეთი დასასრულისგან ღმერთმა დაგვიფაროს.

მკითხველის კომენტარი (2)
ქართვეკს
11 დეკემბერი 2019 16:50
ამ სენს, იოლი ფულის შოვნის წყურვილი ჰქვია..ვერა და ვერ გაიგო ქართველმა, რომ კაზინო მდიდრებისთვისაა შექმნილი, რომ ფული დახარჯონ და შესაბამისი რელაქსაცია მიიღონ, მდიდრები კაზინოში ფულის დასახარჯად მიდიან, რომ ამ თანხაში ისიამოვნონ..საქართველოში ყველაფერი უკუღმაა, ღარიბი, უქონელი, ნასესხები ფულით შედის, რომ ფული მოიგოს, რაც ბუნებაში შეუძლებელია, რადგან კაზინო ისეა მოწყობილი ფსიქოლოგიურად, რომ მოგებულ ფულს არ გაგატანს, იქვე დაგატოვებინეს და როგორც უმეტესად ხდება საქართველოში, სიცოცხლესაც კი
ქართველი
11 დეკემბერი 2019 15:52
ძალიან გულის სატკენი ისტორიაა. ეს რა სენია ასეთი, დაიღუპა მთელი ქვეყანა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები