"20 წელზე მეტია ჩემი მოკლული ახლობლების ცხედრებს ვეძებ" - შოკის მომგვრელი დანაშაულის დეტალები
"20 წელზე მეტია ჩემი მოკლული ახლობლების ცხედრებს ვეძებ" - შოკის მომგვრელი დანაშაულის დეტალები
ფოტო:დავით იმერლიშვილი
რუსული პრესის ინფორმაციით, ამ ცოტა ხნის წინ, უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე დაკავებული 65 წლის რუსეთის მოქალაქე, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი ბელარუსმა სამართალდამცველებმა 25 ნოემბერს რუსეთს გადასცეს.

არაერთგზის გასამართლებული ქალბატონი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და მისი სახელი არაერთ დანაშაულს უკავშირდება. ის 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა. იმხანად
ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ მადლენას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო მალევე დატოვა. რუსული პრესის ინფორმაციით, მას რუსეთში ჩადენილ არაერთ დანაშაულში ედება
ბრალი.
მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი
კახეთის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამდენიმე კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორობაში ედებოდა ბრალი. მართალია, მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ გურჯაანში ყველას ახსოვს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ იმერლიშვილის, სახლში დატრიალებული ტრაგედია - დანაშაულებრივმა ჯგუფმა ოჯახის ხუთი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქრო.

2014 წელს "კვილის პალიტრის" ჟურნალისტმა თეა ხურცილავამ იმერლიშვილების ოჯახის ერთ-ერთ გადარჩენილ წევრს, დავით იმერლიშვილს მიაკვლია. მან ჟურნალისტს შოკის მომგვრელი დანაშაულის დეტალები ექსკლუზიურად გვიამბო.

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან:

დავით იმერლიშვილი:

- მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა. ჩემი უფროსი ბიძაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასიკო იმერლიშვილი, უშიშროების მაშინდელი მინისტრის, იგორ გიორგაძის, მოადგილე იყო. 1993 წლის 9 აგვისტოს მომიკლეს ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი ვასიკო და მოხუცი ბებია, მანამდე კი მეორე ბიძაშვილი გია მოსკოვში მოკლეს.

ობლად გავიზარდე, მშობლები რომ დამეხოცა, 9 წლის ვიყავი და ბიძამ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად შვილივით გამზარდა. ეს ტრაგედია რომ დატრიალდა, აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. თავზარდამცემი ამბავი თვე-ნახევრის შემდეგ, ომიდან დაბრუნებულმა გავიგე. სოფლის ცენტრში მეზობლის ბიჭმა რომ დამინახა, გაკვირვებულმა მკითხა, ცოცხალი ხარო? მერე დაამატა, სახლში არ შეხვიდე, დანაღმულიაო. ენა ჩამივარდა, რომ უნდა მეკითხა, რას მეუბნები, ერთი კარგად ამიხსენი-მეთქი, სწრაფად გამშორდა.

სახლისკენ წავედი. ბიძაჩემს ძაღლები ჰყავდა, როგორც კი დამინახავდნენ, სიყვარულით მეგებებოდნენ. საწყლები გათიშული ეყარნენ, ურეაქციოდ, ეტყობა, რაღაც გაუკეთეს. მეორე სართულზე რომ ავედი, გავოგნდი, მარტო კედლები იყო დარჩენილი, ყველაფერი გაეტანათ... მერე გავიგე, რომ ჩემიანები დაუხოცავთ.

- რას საქმიანობდნენ ოჯახის სხვა წევრები?

- უმცროს ბიძაშვილს, გიას, ანტიკვარული იარაღის კოლექცია ჰქონდა, ყველა რეგისტრირებული. ნაწილი ჩემთან ინახებოდა, ნაწილი - ბიძაჩემთან. 1993 წელს მე და გიამ რუსეთში პორტვეინი, ღვინო და არაყი წავიღეთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ. მაშინ საქმეში მადლენა ჩაერია, მოგება სამად უნდა გაგვეყო. დავუტოვეთ პროდუქცია და წამოვედით. მერე მადლენამ აღარ მოინდომა თანხის განაწილება, არადა, მანამდე გიას აცნობა, ყველაფერი გორკის ავტოქარხანას ჩავაბარე და სანაცვლოდ ახალი 15 "ვოლგა" უნდა მოგვცენო. აქედან 5 მადლენასი უნდა ყოფილიყო, 10 - ჩვენი.

- არ მოგცათ მანქანები?
- მადლენა რომ აღარ გამოჩნდა, გია წავიდა მოსკოვში, მას მერე აღარც გვინახავს. სამაგიეროდ, მადლენამ ვასიკოსთან გამოგზავნა კურიერი, გია მოსულია ლარსის საზღვართან, ახალი მანქანები მოჰყავს, პრობლემები ექმნება მესაზღვრეებთან და დაეხმარე ძმას მანქანების გადმოყვანაშიო. ვასიკო თავისი წითელი "ნივით" წავიდა და ერთ საათში გურჯაანში დაუნახავთ, რომ ვასიკოს უკვე უნომრო მანქანის საჭეს ვიღაც უცნობი ეჯდა, მას მერე ვასიკოც გაქრა. იმ საღამოს ჩვენს სახლში მოსულან სამხედროფორმიანი რუსები და უთქვამთ ბიძაჩემისთვის, კარგად არის საქმე, ვასიკოს ველაპარაკეთ რაციით, საზღვარი გადმოკვეთეს და ცოტა ხანში მოვაო. ბიძაჩემმაც საკლავი დაკლა, შვილების მოლოდინში სახლში დიდი სუფრა გაშალა, ამის მერე რა მოხდა, ეს უკვე მადლენამ იცის.
ბიძია გივი, ბიცოლა ლამარა და ბებიაჩემი გაქრნენ, არც მათი საფლავები მაქვს.
გავიგე, რუსებთან ერთად გურჯაანელებიც ყოფილან გარეული მათ სიკვდილში. არავის უფიქრია მათი მოძებნა, თითქოს არც ყოფილიყვნენ, მე კი წლებია, დეტალებს ვიკვლევ.

- დაგვისახელეთ მათი ვინაობა?
- ის ხალხი მაშინ მადლენას პირად დაცვაში იყვნენ. ერთს პორტუგალიამდე ვდიე, ამის გამო სახლიც გავყიდე, მაგრამ ვერ შევხვდი. ის ახლა ესპანეთის მოქალაქეა.

- რუსეთში გიას ცხედარიც არ გიპოვიათ?
- არა. 1993 წელს, როცა მადლენა სხვა დანაშაულისთვის დააკავეს, მოსკოვში შევხვდი მისი საქმის გამომძიებელს. მითხრა, 3 მილიონი რუბლით დაგვაფინანსე და თქვენი ოჯახის საქმესაც გამოვიძიებთო. ფული ვერ მოვაგროვე და დარჩა გიას საქმე გამოუძიებელი. მადლენასთვის გიას საქმეზე არც მიუსჯიათ პატიმრობა.
ვიცი, რომ გია მოსკოვში მოკლეს, ფერფლიც არსებობდა, ეს გამომძიებელმა მითხრა, მკვდარია თქვენი ძმა და თუ გინდათ, ფერფლი წაიღეთო, მაგრამ საჭირო საბუთები ვერ მოვაგროვე, ვერც ფული ვიშოვე, მისი ფერფლი მაინც რომ ჩამომეტანა.

მადლენა ციხიდან რომ გამოვიდა, წითელწყაროში ვიღაცის ძროხების ფერმას აფარებდა თავს. ბევრჯერ შევუთვალე, შენი არც სიკვდილი მინდა, არც დაჭერა, ოღონდ მითხარი, სად არის ცხედრები-მეთქი, მაგრამ რამდენი კურიერიც გავუგზავნე, მერე ისინიც ვეღარ ვნახე...

მე ჩემს მიცვალებულებს ვეძებ. მადლენამ ჩემი არსებობა არ იცოდა, თორემ ჩემი მოცილებაც არ გაუჭირდებოდა. ვასიკოს მეუღლე და შვილი თბილისში იყვნენ და ამიტომ გადარჩნენ. მარტო ჩემი ოჯახი კი არ დააზარალა მან და მისმა ბანდამ.

მითხრან, ვინ მოკლა ზაურ მანიჟაშვილი, გურჯაანის პრეფექტი?

ის ბიძაჩემის მეგობარი იყო და საქმის გამოძიებით დაინტერესებული.

ბევრჯერ მინატრია, ნეტავ მეც სახლში ვყოფილიყავი და მათთან ერთად მოვმკვდარიყავი-მეთქი. მთელი ცხოვრება დარდს შევალიე, ოჯახიც არ შემიქმნია. მხოლოდ იმას ვნატრობ, მათი საფლავები მქონდეს. იხილეთ სრულად


თეა ხურცილავა

!!!
02 დეკემბერი 2019 14:39
ხოდა გაამტყუნეთ აფხაზები ეს ბანდა შევიდა აფხაზეთში და არ მიიღეს. დაიწყო ბრძოლა და შეეწირა უდანაშაულო აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა,ზვიადი რომ ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა აფხაზებს ზვიადი უყვარდათ და პატივს ცემდნენ, ეს ხალხი ქართველებს არ ინდობდნენ და სხვას დაინდობდნენ? საშვილთაშვილოდ გადაგვკიდეს ერთმანეთს.
magnolia
02 დეკემბერი 2019 12:28
სამწუხაროა, ჩვეულებრიფი მაფიოზური წილების დაყოფაა, ეს ქალი კი მაფიის დედა ყოფილა
dariko
01 დეკემბერი 2019 18:26
gmertma apovninos saflavebi .

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები