"პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება" - რას ითვალისწინებს შეწყალების ახალი წესი?! - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება" - რას ითვალისწინებს შეწყალების ახალი წესი?!

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პატიმრების სკანდალური შეწყალების შემდეგ მორატორიუმი გამოაცხადა. ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც გაირკვა, რომ მარიამობას შეწყალებულ 34 პატიმარს შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდადებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდადებული ასლან ბეჟანიძეც ყოფილან. არადა, მათ სასჯელის ნახევარიც არ ჰქონდათ მოხდილი. საზოგადოების პროტესტის შემდგომ საქმის მოკვლევა გენპროკურატურამ დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა თუ არა ვინმეს ბრალეულობა, კომენტარი დღემდე არ გაუკეთებიათ. სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების მიზეზად შეწყალების ახალი წესის შემუშავება დაასახელა - 2021 წლის 1-ლ იანვრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგება, სადაც თავმოყრილი იქნება შეწყალების მსურველი ყველა პატიმრის შესახებ სრული ინფორმაცია და პროგრამასთან წვდომა უფლებამოსილ პირებს ექნებათ.

როგორც ამბობენ, პრეზიდენტი ახალი წლისთვის შეიწყალებს პატიმრებს, მათ შორის აღმოჩნდება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე, არავინ იცის. ირკვევა, რომ შეწყალების ახალი მოთხოვნის პირობებს ის ვერ აკმაყოფილებს, რადგან წესში წერია, რომ პრეზიდენტი არ განიხილავს იმ მსჯავრდადებულის საქმეს, ვისაც სასჯელის 2/3 არა აქვს მოხდილი და გამოიყენებს თუ არა შეწყალების ექსკლუზიურ უფლებას, უცნობია.

ახალი წესდებით დადგენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა შეწყალების კრიტერიუმები. გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდადებულთა პირობები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის უწყებებსა და დარგის სპეციალისტებთან. თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაშიც.

ადრე მოქმედი დებულებით, თუ პირს მისჯილი ჰქონდა უვადო პატიმრობა და 15 წელი გაატარა ციხეში, შეეძლო პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართა. ახალი ცვლილებით კი პრეზიდენტი არ განიხილავს იმ პირის შეწყალების საკითხს, ვისაც შეფარდებული აქვს უვადო პატიმრობა და მოხდილი არა აქვს 20 წელი.

პრეზიდენტი არ განიხილავს იმ პირის საქმეს, რომელიც მსჯავრდადებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, შეფარდებული აქვს 5 წელზე მეტი და მოხდილი არა აქვს ვადის 2/3. ძველი წესით, ასეთ პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონოდა ვადის ნახევარი. 5 წლით თავისუფლებააღკვეთილ პირს კი მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ვადის 1/4, წინა წესდებით - 1/3.

თუ პირი მსჯავრდადებული იყო წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი სასჯელის ვადის 2/3, საქმეს პრეზიდენტი არ განიხილავს. ისეთ მსჯავრდადებულს, რომელიც ამნისტიით ან შეწყალებით გათავისუფლდა და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ვადის 2/3, თუკი მსჯავრდადებული სასჯელისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასჯელის ვადის 2/3-ის მოხდის შემდეგ შეუძლია პრეზიდენტს შეწყალება სთხოვოს.

პრეზიდენტი არ განიხილავს იმ პირთა საკითხს, რომელთა საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში, ან თუ არ არის გასული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა.

პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც მსჯავრდადებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში; ასევე იმ პირს, რომელიც მსჯავრდადებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში. თუ მსჯავრდადებულს ერთხელ უარი ეთქვა შეწყალებაზე, შეუძლია 6 თვის შემდეგ ისევ მიმართოს პრეზიდენტს.

თუკი პრეზიდენტი მსჯავრდადებულს შეიწყალებს, განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება პენიტენციარულ სამსახურს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს და შსს-ს. უარის შემთხვევაში, პენიტენციარულ სამსახურს პასუხი ეგზავნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში გააუქმა შეწყალების კომისია. ახალი დებულებით, პრეზიდენტისთვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური. შეწყალების მიმართვიდან ერთ თვეში სამსახური უწყებებიდან გამოითხოვს დოკუმენტაციას, რომელშიც შედის განაჩენი, პირის ჯანმრთელობის ცნობა და სასამართლოს გადაწყვეტილებები.

პრეზიდენტს შეუძლია უვადო და ვადიანი სასჯელისგან პატიმრის გათავისუფლება, სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, ან ნასამართლობის მოხსნა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

- მთავარი ცვლილება შეწყალების კომისიის გაუქმებაა. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ გარე ჩართულობა არ სჭირდება და გადაწყვეტილებას საკუთარი ადმინისტრაციის ძალებით მიიღებს.

პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება მძიმე კატეგორიის საქმეების მიმართ. ამ დებულების გვერდის ავლითაც პრეზიდენტს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მსჯავრდადებულის შეწყალება შეუძლია.