რა მოხდა პანკისში - კვირის პალიტრა

რა მოხდა პანკისში

"მახო მუთოშვილი მე და ჩემს ძმას გამუდმებით შეურაცხყოფას გვაყენებდა. ტარიელი და და მისი ვაჟები გავაფრთხილე, მახო გაეჩერებინათ. დამპირდნენ, თუ კიდევ რამე გითხრა, რაც გინდა, ის უქენიო"

27 ნოემბერს პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში სისხლიან გარჩევას სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 36 წლის ვისური მუთოშვილი შეეწირა. კონფლიქტის მონაწილე მურად ქავთარაშვილი, რუსლან მუთოშვილი და შამილ დუიშვილი დაჭრილი არიან და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კონფლიქტში სხვა პირებიც ფიგურირებენ.

დუისელი მურად ქავთარაშვილი, რომელიც ფეხში დაიჭრა, ახმეტის მერის მრჩევლის ძმაა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მან დაიბარა საბედისწერო შეხვედრაზე მუთოშვილები, სადაც 5 შვილის მამა მოკლეს. როგორც გაირკვა, გვარებს შორის გაჩაღებულ ორმხრივ სროლას სამართალდამცველებიც შეესწრნენ, თუმცა კონფლიქტის აღკვეთა ვერ შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, ჯერ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ქისტური ტრადიციებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ხეობის უხუცესთა საბჭო გვარების შერიგებას ცდილობს და შესაძლებელია უხუცესები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდანაც მოიწვიონ.

"მე და ჩემს ძმას გამუდმებით შეურაცხყოფას გვაყენებდნენ"

დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმის, პანკისის ხეობაში "ქართული ოცნების" კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის თქმით, გვარებს შორის დაპირისპირება ივლისში დაიწყო:

- ეს უთანხმოება ჩემი ძმისა და ტარიელ მუთოშვილის ოჯახებს უკავშირდება. ტარიელის და ვისურის ბიძაშვილი მახო მუთოშვილი მე და ჩემს ძმას გამუდმებით შეურაცხყოფას გვაყენებდა. ტარიელი და და მისი ვაჟები გავაფრთხილე, მახო გაეჩერებინათ. დამპირდნენ, თუ კიდევ რამე გითხრა, რაც გინდა, ის უქენიო. მახომ ეს რომ გაიგო, მისაყვედურა, როგორ გავბედე მისი ბიძაშვილების საქმეში ჩარევა.

ჩემი ძმა მურადი თბილისში ბრუნდებოდა, მეგობრის სანახავად შეიარა საავადმყოფოს ეზოში და მახოს შეხვდა. ბიჭები შეკამათდნენ და ჩემს ძმას მისთვის წიხლი ამოურტყამს. ტარიელის ბიჭებმა ეს რომ შეიტყვეს, უთქვამთ, არ შევარჩენთო.

3 აგვისტოს დილით ტარიელთან მივედი 10 კაცით და შერიგება ვთხოვე. იმ დღეს ჩემი ძმა დუისში, მეჩეთში იყო, მუთოშვილებს მანქანით ჩამოუვლიათ და ჩემი ძმა რომ დაუნახავთ, გზაზე ჩასაფრებიან და მერე ერთმანეთს დარევიან. მას შემდეგ 4 თვის განმავლობაში უხუცესები, მოჭიდავეები და სხვები 2-3ჯერ გავუგზავნეთ, რომ შერიგებაზე მოსულიყვნენ. მათგან მუდმივად იყო უარი, დროს წელავდნენ. ამ პერიოდში ჩემი ძმა თბილისში იყო, ამათ ერიდებოდა (ტურისტულ ფირმაში მუშაობს). თანასოფლელს ბიჭი შეეძინა და 27 ნოემბერს ჩამოვიდა. ქორეთში იყო ცხვრის საყიდლად, ორი მანქანით მოდიოდნენ, მუთოშვილები საკობიანოს შესასვლელთან რომ გადაუდგნენ. 15 იყვნენ შეიარაღებულნი. საწყალი ვისურისთვის ტარიელის ბიჭებს დაურეკავთ და სახლიდან ჩაუყვანიათ. მუთოშვილები იმიტომ ამბობენ, თითქოს ჩვენ დავესხით, რომ ვისური ტარიელის ოჯახმა დაღუპა, მისთვის ვიღაცას ავტომატი მიუცია, ერთს უთქვამს ვისურისთვის, იარაღი მოაშორეო, მაგრამ მან ცეცხლი გახსნა და სამივე ადამიანი დაჭრა. ჯერ მათ გაწირეს სასიკვდილოდ ჩვენები და მერე ამათაც ამოიღეს იარაღი. ვისურის თავზე "რიკოშეტმა" გაუარა და ნაკაწრი აქვს. მას 10 წუთის შემდეგ ბარძაყის ზევით მოხვდა ტყვია და 15 წამში დაიღუპა. ვაჟკაცი კაცი იყო და ძალიან ვწუხვართ, ასე რომ დამთავრდა ეს ამბავი.

"სისხლის აღება შეეხება მხოლოდ იმ პირს, ვინც კაცი მოკლა..."

ზელიმხან წუწაშვილი, პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე:

- აქამდე ვიცოდით, რომ მხარეები მშენებარე ჰიდროელექტროსადგურ "ხადორი 3"-ის გამო კამათობდნენ, ახლა ავრცელებენ ხმას, თითქოს ჰესი არაფერ შუაშია. ეს ხალხი თვეების წინ დაუპირისპირდა ერთმანეთს. მიდიოდა ლაპარაკი მათ შერიგებაზე. კონფლიქტში უხუცესებიც ჩავერიეთ, ჩემი მეგობარი ხასო ხანგოშვილი ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას. გვარები მეორე დღეს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ წინადღეს დატრიალდა ტრაგედია. ჩვენი ხალხი ფიცხია, მოთმინება აკლია, ამიტომაც დასრულდა უთანხმოება ასეთი ფინალით. ახლა საჭიროა დაპირისპირებულების შერიგება, რაც ცოტა ძნელია და დრო უნდა.

- ქისტური ადათით, სისხლის პატიება თუ არ მოხდა, შურისძიება გარდაუვალია? - სისხლის აღება შეეხება მხოლოდ იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, კაცი მოკლა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მშვიდობიანად დასრულდეს ეს ამბავი, მსხვერპლს მსხვერპლი არ მოჰყვეს. შერიგება თუ მოხდა, დამნაშავეს შინაპატიმრობა მიესჯება და სხვა სოფელში წასვლა გვარის უფროსთან შეთანხმების შემდეგ შეეძლება.

ხელისუფლებას კომუნიკაცია რომ ჰქონოდა და ჰესის საკითხი დაწვრილებით აეხსნა ხალხისთვის, გაგვეგო, რასთან გვქონდა საქმე, ეს ტრაგედია ხომ არ მოხდებოდა?

"ყველა გვარი თავისიანს და თავის სიამაყეს იცავს და ღმერთმა ნუ ქნას, ვითარება დამძიმდეს"

მექა ხანგოშვილი, ხეობის წარმომადგენელი: - კონფლიქტი ჰესთან დაკავშირებული შეხვედრის შემდგომ დაიწყო და ახლა გვარებს შორის ჩამოვარდა შუღლი.

- როგორ ფიქრობთ, ეს ხელოვნურად ჩამოგდებული შუღლია? - ძნელია ამის თქმა, შეიძლება არსებობდეს ასეთი მოსაზრებაც.

23 აპრილს მოსახლეობის შეკრება გაიმართა, სადაც დასახელდა მათი გვარები, ვინც ჰესების აშენებას ლობირებდნენ. იმ დღიდან გაღვივდა კონფლიქტი. ზაფხულშიც იყო შეხლა-შემოხლა, მაგრამ საქმეში იარაღი არ ჩარეულა. დაპირისპირებული მხარეები მაშინაც მანქანებით შეხვდნენ გზაზე, გადმოხტნენ და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

- რით შეიძლება განიმუხტოს ვითარება? - ვცდილობდით, ეს კონფლიქტი სწრაფად აღმოფხვრილიყო. იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, 11 საათზე უხუცესები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეორე დღისთვის გადადეს ახალგაზრდების შერიგება. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, არ თმობენ და დღის წესრიგში შურისძიება დგას. ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემს მეზობლად მცხოვრებმა ცალხელა კაცმა მკვლელობისთვის ათწლიანი სასჯელი მოიხადა, გამოვიდა თუ არა ციხიდან, მეორე დღესვე მოკლეს. ყველა გვარი თავისიანს და თავის სიამაყეს იცავს და ღმერთმა ნუ ქნას, ვითარება დამძიმდეს. უხუცესთა საბჭოს დიდი დამსახურება აქვს შერიგების საქმეში. როცა არ არის განზრახ მკვლელობა და შემთხვევითობაა, ადვილად რიგდებიან და მერე ძმობაც იციან, მაგრამ განზრახ მკვლელობა რთული შემთხვევაა. უხუცესები შეეცდებიან ჩეჩნეთ-ინგუშეთიდანაც ჩამოიყვანონ პატივცემული პიროვნებები...

"ქავთარაშვილების უკან მთავრობა და შსს დგანან"

ლუიზა მუთოშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, გარდაცვლილის ნათესავი:

- "ხადორი 3"-ის გამო დაიწყო უთანხმოება. ამ საკითხს და ჰესის მშენებელი კომპანია "ალაზანი ენერჯის" ინტერესებს ქავთარაშვილები ლობირებდნენ - ისინი იყვნენ იმ კამპანიაში ჩართული, რათა მოსახლეობას დაეჯერებინა, რომ ხეობაში ჰესი აშენებულიყო. ქავთარაშვილების უკან მთავრობა და შსს დგანან, მათი მხარდაჭერა აქვთ. მსგავსი ბიზნესინტერესების უკან ყველა რეგიონში ყოველთვის ადგილობრივ ჯგუფებს იყენებენ. ვერ გეტყვით, ამათ რა გარიგება ჰქონდათ, თუმცა არის ვიდეომასალა, სადაც ჩანს, საჯარო შეხვედრების დროს როგორ იცავენ ეს ჯგუფები კომპანიის ინტერესებს. გვარებს შორის დაპირისპირება ამ საკითხზე დაიწყო, რადგან პრეტენზია გვქონდა მათთან, ვინც ჰესის მშენებლობას ემხრობოდა.

- გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ კონფლიქტს პოლიციის თანამშრომლებიც ესწრებიან. რატომ ვერ აღკვეთეს დანაშაული? - მეც ეს კითხვა მაწუხებს, ჩვენი ტელეფონები ისმინება და მათ წინასწარ იციან ჩვენი ყველა ნაბიჯი. ჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელებს რეაქცია არა აქვთ. ვინც ბიძაჩემი მოკლა, ის ბიჭი ძლივს ჩასვეს მანქანაში და გაარიდეს იქაურობას. ბიძაჩემისთვის სასიკვდილო ტყვია მურად ქავთარაშვილს არ უსვრია, მან თავში ესროლა, მაგრამ ვისური ამის მერეც უწევდა წინააღმდეგობას თავდამსხმელებს. მეორე სასიკვდილო ტყვია მას მუცელში მოხვდა. თავდამსხმელებმა მანქანიდან გადმოსვლისთანავე გახსნეს ცეცხლი, ჩვენებს იარაღი არ ჰქონდათ, ამიტომ მანქანების უკან იმალებოდნენ. როდესაც დღისით-მზისით ასეთი რამ ხდება მაღაზიასთან, სადაც არიან თვითმხილველებიც, რატომ არის პოლიცია უმოქმედოდ? პოლიციას არც რამაზ ხანგოშვილი დაუკავებია და არც სხვები, ჩვენები დაკითხვაზე მაინც ატარეს. ამიტომ ჩნდება კითხვები, რატომ იქცეოდა ასე პოლიცია და საერთოდ, რა როლი და ფუნქცია აქვს მას?

- რა მიზნით შეიკრიბნენ მხარეები? - ქავთარაშვილებმა ჩვენები მოსალაპარაკებლად დაიბარეს და მანქანებიდან ჩამოვიდნენ თუ არა, ეგრევე სროლა დაიწყეს, ეს ვიდეომასალაშიც ჩანს. ეტყობა, იმ განზრახვით მივიდნენ, რომ ყველანი ჩაეხოცათ. რამაზ ხანგოშვილი მურად ქავთარაშვილის ხელის ბიჭია, ისევე, როგორც სხვები, ვინც ცეცხლი გახსნა. მათ მთავრობა იყენებს. რასაც ეს ადამიანი ბედავს, მფარველობა-მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.

ამ ინციდენტში კიდევ 4-5 გვარია ჩართული. ალბათ, ორივე მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს პრობლემა. მე წინააღმდეგი ვარ ამ პრობლემის სისხლით გადაჭრის, სიცოცხლის წართმევის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს. სისხლის პატიება ძნელი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, შერიგება მოხდება.

- თქვენც 21 აპრილის აქციის შურისძიებად აფასებთ მომხდარს? - 21 აპრილს მძიმე სურათი ვნახეთ - არც მშენებელმა კომპანიამ და არც მთავრობამ ხალხი არაფრად ჩააგდეს. მოსახლეობისთვის არავის აუხსნია, რატომ უნდა აშენებულიყო ჰესი, არავის მოუსმენია, რატომ ვაპროტესტებდით... საკობიანოში რაც მოხდა, პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მთავრობისგან შეგულიანებული ჯგუფები ყველაფერზე აწერენ ხელს, რომ დავალება შეასრულონ. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რასაც ემსხვერპლა ბიძაჩემი - რომ ჰესი არ აშენებულიყო. ჩვენ იმ გარემოს ვიცავდით, სადაც ვცხოვრობთ.