"გვარი შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღო - მკვლელობაში მონაწილე ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით" - კვირის პალიტრა

"გვარი შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღო - მკვლელობაში მონაწილე ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით"

რამდენიმე დღის წინ პანკისში მომხდარი მკვლელობა ძალოვნებმა გახსნილად გამოაცხადეს და ორი პირი დააკავეს. როგორც შს სამინისტრო იუწყება, "ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.

დაკავებული 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ჩვენთვის ცნობილია დაკავებულთა ვინაობა. ესენი არიან: რამაზ ხანგოშვილი და დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმისშვილი, არბი ქავთარაშვილი. ორივე დაკავებული დაპირისპირებულთა ერთ მხარეს წარმოადგენს. ადგილობრივები თავიდანვე აცხადებდნენ, - რამაზ ხანგოშვილის გასროლილმა ტყვიამ შეიწირა ვისური მუთოშვილის სიცოცხლეო.

პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობის საქმეზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაპირისპირებისას დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა განუცხადა.

დაკავებული არბი ქავთარაშვილი

"ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია - არბი ქავთარაშვილი და მეორე რამაზ ხანგოშვილიც ჩვენი ნათესავია", - განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

შეგახსენებ, უმძიმესი ფაქტი სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სავარაუდოდ, "ხადორი 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება. მკვლელობის კიდევ ერთ ვერსიად - პირად კონფლიქტს განიხილავენ, ამბობენ, - დუისელ ქავთარაშვილებსა და ჯოყოლოელ მუთოშვილებს შორის ჰესთან დაკავშირებულ პრობლემამდეც არსებობდა დაპირისპირებაო.

ორმხრივ სროლას პანკისში ბევრი თვითმხილველი ჰყავს. ადგილზე გარდაიცვალა ვისური მუთოშვილი, ასევე დაიჭრა მისი ნათესავი რუსლან მუთოშვილი. დაჭრილია ამ გვართან დაპირისპირებული მურად ქავთარაშვილიც. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ატეხილ ორმხრივ სროლებს პოლიციელები შეესწრნენ, მაგრამ დანაშაულის აღკვეთა სამწუხაროდ ვერ შეძლეს. მოკლულის ახლობლები კი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ პოლიციას დროულად რომ ემოქმედა ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა.

დაჭრილებიდან ერთ-ერთი პანკისის ხეობაში "ქართული ოცნების" კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის ძმა, მურად ქავთარაშვილია, სწორედ მას ადანაშაულებენ მოკლულის ნათესავები მომხდარში, ამბობენ, რომ თითქოს მან გაისროლა პირველმა. მართალია მომხდარს სამართლებრივი შეფასება მიეცა და დამნაშავეები ალბათ დაისჯებიან სისხლის სამართლებრივი წესით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებს მოკლულის ოჯახს და მისი გვარის წარმომადგენლებს. ისინი სისხლის აღებაზე ალაპარაკდნენ და ვიდრე სამართალდამცავები ამ პირების დაკავებაზე გაავრცელებდნენ ინფორმაციას მანამდე მუთოშვილების გვარის შეკრება პანკისში 1-ლ დეკემბერს შედგა.

მოკლული ვისური მუთოშვილის ნათესავი ლუიზა მუთოშვილი:

- 1 - ლ დეკემბერს შეიკრიბა ჩვენი გვარი და მძიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით. მათი გვარის უხუცესებს ეს ამბავი უკვე შეატყონინეს.

- კონკრეტულად რომელ გვარებს დაედოთ ეს სასჯელი?

- ამ საქმეში მონაწილე ოთხივე გვარს: ქავთარაშვილს, დუიშვილს, ხანგოშვილს და ალდამოვს. ამას მარტო გვარი არ წყვეტს, წყვეტენ უხუცესები. ისინი იღებდნენ ამაში მონაწილეობას. საერთოდ თემი მონაწილეობს ასეთ დროს და ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.

- უხუცესები ამბობდნენ, სურდათ რომ სისხლის აღება აცილებული ყოფილიყო, ეს რატომ ვერ მოხერხდა? - არავის უხარია დღეს ასეთი რამე. ჩვენებისთვისაც ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოჯახის პოზიციაც, ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწვეტილებაში ყველა ერთსულოვანი იყო. ასეთი რამე ხეობაში არ მომხდარა ადრე, ეს იყო გამიზნულად ჩადენილი მკვლელობა. სასწაულად გადარჩნენ სხვები, განწირული იყო 8 ადამიანი ჩვენი გვარიდან. ჩვენი მხრიდან ყველას კლავდნენ, ეს არის რეალობა, სრულიად დაუცველია ეს ხეობა ამ ჯგუფისგან. ამისწინათ ზუსტად იგივე გააკეთეს შენგელი ტოღოსაშვილის მიმართ, ისიც სასწაულად გადარჩა. ეს არის ბანდა, დაჯგუფება. მოსულები იყვნენ ყველა რომ მოეკლათ და სასწაულის წყალობით მარტო ერთი ადამიანი ემსხვერპლა ამ ამბავს. მეორე დაჭრილიც ჩვენი ბიძაშვილია, რუსლან მუთოშვილსაც ორი ჭრილობა ჰქონდა, საბედნიეროდ,მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბიძაჩემი განზრახ მოკლეს. ბევრი თვითმხილველი ჰყავს ამ ამბავს, როგორც არ უნდა ეცადონ თავის გამართლებას, ამას ვერ გაექცევიან. როგორც ჩვენთვის არის მძიმე, ასეთივე სიმძიმისაა ეს ამბავი დანარჩენი 4 გვარისთვისაც, ვისი სისხლის აღებაც გადაწყდა. ისიც მთელმა ხეობამ იცის, რომ მურად ქავთარაშვილმა გარია კიდევ სამი გვარი ამ საქმეში.

ბიძაჩემი უშუალოდ რამაზ ხანგოშვილმა მოკლა. ამის თვითმხილველი ბევრი ადამაიანია, ცენტრალურ გზაზე მოხდა ეს ამბავი, სადაც სულ ხალხმრავალობაა...

- სამართლადამცავებმა დააკვეს 2 ადამიანი, ისინი კანონის თანახმად დაისჯებან, რას ნიშნავს ამ დროს სისხლის აღებაზე ლაპარაკი?

- თუ მოკლულის ოჯახი არ უჩივის დამნაშავეს პოლიციაში, რომც გაასამართლოს სასამართლომ და სასჯელი მან მოიხადოს, გვარი მაინც აიღებს სისხლს. ამ შემთხვევაში გადაწყდა რომ უშუალოდ მონაწილეებზე მოხდეს სისხლის აღება და არა გვარის სხვა წარმომადგენელზე. ვისურის ჰყავს ძმა, მამა, მაგრამ ამ დროს ჩვენთან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. პასუხისმგებლობა, ვალდებულება მთელ გვარზე ერთნაირად ვრცელდება. ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის მთელი გვარის პრობლემა. ყველას ჭირი და ტკივილია, რაც ხდება.

ვისური ძლიან კარგი ადამიანი იყო. ამ ადამიანებს ამოჩემებული იმიტომ ყავდათ რომ ძალიან პრინციპული ადამიანი იყო. შეუძლებელი იყო მისი შეშინება ან სხვა რამე, თუ პოზიციას დააფიქსირებდა, არ იცვლიდა. ძალიან სამართლიანი იყო. გავიგეთ რომ ორი პირი დააკავეს. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, პირველ რიგში მურად ქავთარაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, სწორედ მან ატეხა სროლა. ძალიან მძიმეა, რომ გვარების დაპირისპირებამდე და სისხლის აღებამდე მივიდა ეს ყველაფერი.

იხილეთ ასევე: "უდანაშაულო ბიჭი მოკლეს, ხუთი შვილის მამა, მე-6 შვილს ელოდა ოჯახი და ასეთი ტრაგედია მოხდა"