"დაბნეულია, ტირის, რა მიჭირდა, რომ ჩემი შვილისთვის ეს გამეკეთებინაო" - რას ამბობს, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთ მშობლის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"დაბნეულია, ტირის, რა მიჭირდა, რომ ჩემი შვილისთვის ეს გამეკეთებინაო" - რას ამბობს, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთ მშობლის ადვოკატი?

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მშობელი, რომელიც 13 წლის შვილის დედაა, აცხადებს, რომ ამ საქმეში დაზარალებულია. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა.

როგორც ვათიაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებით დაბნეულია, ტირის და ამბობს, რომ მას ფინანსურად არ უჭირს და არც შვილს ჩართავდა პორნოგრაფიაში. ვათიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სქემაში შვილის კლასელის მშობელმა ჩართო და მას ეგონა, რომ არასრულწოვან გოგონას სამოდელო სააგენტო უღებდა ფოტოებს.

"დუმილის უფლებას იყენებს და რა თქმა უნდა, დანაშაულს უარყოფს. ის დაბნეულიც არის. პირიქით, დაზარალებული ვარო ამბობს, თავს და შვილს დაზარალებულად თვლის. საქმის მასალებს ხვალ გადმომცემენ, ვინ, რას ამბობს, რა მტკიცებულებები აქვთ, ვერ გეტყვით. ის დაბნეულია, ტირის, დაზარალებული ვარ, ასე რომ მომექცნენ, რა მიჭირდა, რომ ჩემი შვილისთვის ეს გამეკეთებინაო, ამბობს. შეძლებული ოჯახი ჰყავს და ამას როგორ გავაკეთებდი, რომც მიჭირდესო. თავისი შვილის კლასელის დედისგან ჩაება ასე ვთქვათ, ამ ამბავში. შეთავაზება იყო ასეთი, სამოდელო სკოლასავით იყო, ბავშვებს საჩვენებელ სურათებს უღებდნენ და საზღვარგარეთ, სამოდელო ფირმებში აგზავნიდნენ, რომ გზა გახსნოდათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფოტოსესიებს არ ესწრებოდა, გარეთ ველოდებოდი, შიგნით რა ხდებოდა არ ვიცოდი, სურათები რომ მოვიკითხე, რა გამოვიდა მანახეთ-მეთქი რომ ვუთხარი, არ მანახეს და იმის შემდეგ აღარ მიმიყვანია შვილი, ვინაიდან საეჭვოდ მივიჩნიეო, ამბობს. მასწავლებელი ორგანიზატორია, რომელმაც, როგორც ვიცი, ყველა ამ საქმეში ჩააბა. მასწავლებელი დიახ, ქართველია. ბავშვმა რამდენიმე სესიაში მიიღო მონაწილეობა. თბილისში, ტანსაცმლის გახდის, გამოცვლის დროს გადაუღიათ ამ ბავშვისთვის, ბავშვი ასე ფიქრობს. ვიმეორებ, საქმის მასალებს არ ვიცნობ და არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს", - აცხადებს ვათიაშვილი.

დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელი, დანარჩენი კი არასრუწლოვანთა მშობლები არიან. ყველა მათგანს ბრალი ოფიციალურად წაყენებული აქვთ. ისინი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყიფებიან. დაკავებულების მიმართ სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს გაიმართება. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა"  ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. დაკავებულ პირებს 11-დან 17 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"ინტერპრესნიუსი"