მძარცველებმა ცოლ-ქმარი გაკოჭეს და აწამეს - დანაშაული გერმანიაში, რომლისთვისაც დაკავებულ ქართველს მეორედ გაასამართლებენ - კვირის პალიტრა

მძარცველებმა ცოლ-ქმარი გაკოჭეს და აწამეს - დანაშაული გერმანიაში, რომლისთვისაც დაკავებულ ქართველს მეორედ გაასამართლებენ

30 წლის ქართველი მამაკაცი, რომელსაც გერმანიაში 2018 წლის აგვისტოში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ისევ განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა stimme.de წერს. ცნობილია, რომ ქართველი, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, 2017 წლის ნოემბერში ძარცვის მიზნით პენსიონერი ცოლ-ქმრის ბინაში შეიჭრა, როდესაც მოხუცებს ეძინათ. მძარცველებმა ცოლ-ქმარი გაკოჭეს, სცემეს, აწამეს და სიკვდილით დაემუქრნენ, თუ ძვირფასეულობასა და ფულს არ მისცემდნენ.

როგორც გამოცემა წერს, სისასტიკეს ვერც 90 წლის ქალბატონი გადაურჩა, რომელიც სპეციალურ მოვლას საჭიროებდა და იმავე ბინაში ცხოვრობდა. მძარცველებმა მას ჟესტით ანიშნეს, რომ თითს მოაჭრიდნენ, თუ საქორწინო ბეჭედს არ მისცემდა. ასევე მოხუც ცოლ-ქმარსაც ჟესტით ანიშნეს, რომ ყელს გამოსჭრიდნენ, თუ ძვირფასეულობასა და ფულს არ მისცემდნენ. საბოლოოდ ნაძარცვი ძვირფასეულობისა და ფულის ჯამმა 37 000 ევრო შეადგინა.

ბრალდებულის დანაშაულში მოსამართლეებს ეჭვი არ შეჰპარვიათ, რადგან მტკიცებულებები ცხადი იყო, მაგალითად, დნმ-ის კვალი ერთ-ერთი დაზარალებულის საღამურზე. მიუხედავად ამისა უზენაესმა სასამართლომ სასამართლო პროცესის თავიდან დაწყება მოითხოვა და მიზეზად განაჩენის ბუდნოვანი ფორმულირება დაასახელა. თავმჯდომარე მოსამართლე მარტინ ლიბიში ამბობს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეებს წერილობით განაჩენში დნმ-ის დასკვნა უფრო დაწვრილებით უნდა აღეწერათ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო პროცესი ფორმალური შეცდომის გამო ხელმეორედ იწყება. მსგავსი შემთხვევა იყო ლოვენშტაინშიც 2018 წელს, როდესაც სასამართლომ მამაკაცი ცოლის მკვლელობისთვის გაასამართლა.

პენსიონერი ცოლ-ქმარი დღემდე ტრავმირებულია

სასამართლო პროცესის თავიდან დაწყება რთულია ჰაილბრონის სასამართლოსთვის, რომელიც მუდმივად კადრების სიმცირეს განიცდის. ცნობილია, რომ 30 წლის ქართველი მამაკაცი სასამართლოზე ახლაც დუმს, როგორც 2018 წლის პროცესზე.

პენსიონერი წყვილისთვის ეს თავდასხმა დღემდე დიდი ტრავმაა. ისინი ისევ იტანჯებიან უძილობითა და შიშით. პროცესის თავიდან დაწყების გამო ისინიც ხელახლა უნდა გამოცხადდნენ სასამართლოს წინაშე როგორც მოწმეები, რაც ორივესთვის ხელახალი ტრავმაა - აცხადებს წყვილის ადვოკატი ტანია ჰაბერცეტლ-პრახი.

დამნაშავის აყვანა შემთხვევითობა იყო პოლიციამ ქართველი მამაკაცი 2017 წლის დეკემბერში ვალდსჰუტთან (ქალაქი ბადენ-ვურტემბერგში, შვეიცარიის საზღვრებთან) ახლოს დააკავა. მას აღმოუჩინეს ხელსაწყოები, რომლებითაც საკეტების გატეხვა იყო შესაძლებელი. ასვეე მისი მანქანის ნავიგაციაში დამახსოვრებული იყო ჰაილბრონელი ცოლ-ქმრის სახლის მისამართი. პროკურატურის თანახმად, 30 წლის ქართველი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია. ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება დაახლოებით 100 კაცისგან შედგება, ძირითადად ქართველებისგან და მაფიოზური კლანის მსგავსი სტრუქტურა აქვთ. დაპატიმრების შემთხვევაში ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. წყარო

მოამზადა თამარ ზაზაძე