"ზაზა სარალიძე მაფრთხილებს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყო. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ..." - კვირის პალიტრა

"ზაზა სარალიძე მაფრთხილებს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყო. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ..."

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატ ზურაბ თოდუასა და ზაზა სარალიძეს შორის სასამართლოს ეზოში მცირე შელაპარაკება მოხდა. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზურაბ თოდუამ განუცხადა, ის ზაზა სარალიძემ გააფრთხილა, რომ "ჭკვიანად იყოს".

ადვოკატი ამბობს, რომ სარალიძის განცხადებებზე პროკურატურას სთხოვს სათანადრო რეაგირება მოახდინოს.

"მაფრთხილებს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყო. ასეთივე გაფრთხილება მან 27 ნოემბერს გააკეთა სასამართლო პროცესზე. საჯაროდ მინდა განვაცხადო, ასეთი კი არა, უფრო ძლიერი გაფრთხილებებიც არ მოქმედებს ჩემზე. ამასთან დაკავშირებით, აცრილი ვარ. უდავო გარემოებად არის მიჩნეული, რომ კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 51-ე სკოლის საპირფარეშოში, ერთ-ერთი მოსწავლის ძალისხმევით ამოიწურა. ამის შემდეგ წარმოშობილ კონფლიქტზე გაგონებაც არ უნდა არავის, არადა საქმისათვის მნიშვნელოვანია. არ არის გამორიცხული, მისი გაღიზიანება ამით იყოს გამოწვეული და მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ ეს ჩვენი ზემოქმედების შედეგად არის განხორციელებული", - განაცხადა თოდუამ.

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს 3 მოწმე დაიკითხება.