"ბაჩანას მამისთვის უთქვამს, სასწრაფო გამოიძახეთ, მგონი, ვალერი მოვკალიო"
"ბაჩანას მამისთვის უთქვამს, სასწრაფო გამოიძახეთ, მგონი, ვალერი მოვკალიო"
ფოტო:ვალერი ჭიქაშუა
5 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, სადაც 22 წლის ვალერი ჭიქაშუას ცოლის ძმამ, ბაჩანა ცენგირაშვილმა დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკებაა. ვალერი ჭიქაშუა სამტრედიელია, მან რამდენიმე წლის წინ ბაჩანას და, ლიკა ცენგირაშვილი შეირთო ცოლად და წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს შორის ოჯახური უთანხმოება იყო, ამიტომ ლიკა შვილებთან ერთად, ქარელის
სოფელ დირბში, მშობლების სახლში 7 თვის წინ დაბრუნდა.

ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, ქმარი ცოლს პერიოდულად ურეკავდა და შერიგებას სთხოვდაო. ცოლ-ქმარი შეთანხმებულა და ვალერი ცოლ-შვილის სამტრედიაში წამასაყვანად, მეგობართან ერთად, ჩავიდა სოფელ დირბში. ოჯახის წევრების თქმით, თითქოს პრობლემა მოგვარდა. სახლში სუფრაც გაიშალა, ისადილეს, მოერე დღეს კი ეს ტრაგედია
დატრიალდა.

"დილით ვნახე ვალერი და მივესალმე, არ ვიცოდი ცოლ-ქმარი ნაჩხუბარი თუ იყო. არასოდეს უთქვამს ლიკას, რომ სამტრედიიდან გაბრაზებული წამოვიდა. დღის 3 საათი ხდებოდა უცებ სასწრაფო და პოლიცია რომ დავინახეთ. ძალიან გაგვიკვირდა, ამის მერე გავიგეთ, რომ ვალერი ბაჩანას მოუკლავს. ძალიან შეწუხებულები ვართ. წარმოუდგენელია ჩვენთვის ამ დანაშაულის ჩადენა ბაჩანამ როგორ შეძლო. ძალიან მშვიდი და პატიოსანი ბიჭია, ჩვენს თვალწინ გაიზარდა, არ იყო კონფლიქტური და რა მოხდა, არ ვიცით. უსადილიათ, სუფრიდან ამდგარან და ამის შემდეგ თურმე სახლის ქვედა სართულზე, სარდაფში ჩასულან სასაუბროდ. რატომ მივიდა საქმე მკვლელობამდე, არ ვიცით. არც ჩხუბის ხმა გაგვიგიაო ამბობენ ოჯახის სხვა წევრები. ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ თურმე, მერე ბაჩანა ყვირილით მისულა მამამისთან და უთქვამს, სასწრაფო გამოიძახეთ, მგონი, ვალერი მოვკალიო. თვითონ კი გაქცეულა", - გვიამბო ცენგირაშვილების ერთ-ერთმა მეზობელმა.

სავარაუდოდ ორივე ახალგაზრდა ნასვამი იყო.

მზია კოპაძე, მერის წარმომადგენელი სოფელ დირბში:
- ცენგირაშვილებს ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, მშრომელი, პატიოსანი ხალხია, ბაჩანა 24 წლის არის, ცუდს ვერ ვიტყვი, კარგი ახალგაზრდაა, ეს რატომ მოხდა, არ ვიცით. მე რომ მივედი შემთხვევის ადგილზე, უკვე სამართალდამცავები მუშაობდნენ, ბიჭი ადგილზე იყო გარდაცვლილი. დღისით მოხდა ეს ამბავი. გოგოს ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ.

სამართალდამცავებმა ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, იქ ჩაუტარდა ექსპერტიზა და ამის შემდეგ მოკლული ახალგაზრდა სამტრედიაში გადაასვენეს. ძალიან განიცდიან მომხდარს მოკლულის მეზობლები და ახლობლები.

"წყნარი და მშვიდი ბიჭი იყო ვალერი, მეზოლები ვიყავით, ვმეგობრობდი მასთან. 4-5 წელი იქნება, რაც ოჯახი შექმნა და ორი შვილი ჰყავს. მის მეუღლეს, ლიკასაც ვიცნობ, რამდენიმე თვეა სამტრედიაში არ გვინახავს. არ ჩანდა, მაგრამ მიზეზი არ გვიკითხავს. ისიც წყნარი გოგოა. ოჯახი სიყვარულით შექმნეს. მერე შიგნით ოჯახში რა ხდებოდა, ეს ნამდვილად არ ვიცი. ახლა გავიგეთ ეს ტრაგედია და ძალიან შეწუხებულები ვართ. როგორც გავიგე, ცოლთან შესარიგებლად იყო მისული და მოკლეს. მშრომელი ბიჭი იყო, პატიოსნად შრომობდა და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია. ვალერის ძმა და სამი და ჰყავს. მისი ცოლისძმაც რამდენჯერმე ვნახე სამტრედიაში, ჩვენს უბანში, ისიც ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი კაცის მოკვლა თუ შეეძლო, ვალერიც არ იყო კონფლიქტური და ძალიან გვტკივა გული, ასეთი ადამიანი რომ მოკლეს", - მითხრა ვალერის მეზობელმა.

სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს ოჯახის წევრები და ვალერის მეგობარი, რომელიც სამტრედიიდან გაჰყვა და დირბში თან ახლდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


გიორგის
10 დეკემბერი 2019 12:10
სხვის საქმეში რომ ჩავყოთ ცხვირი, მაშინაც ხომ გაგვლანძღავთ, რა თქვენი საქმეა სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაო, ასე რომ მორჩით ერთმანეთისკენ თითის გაშვერას, ოჯახში რა ხდება, არავინ ვიცით
ილია
09 დეკემბერი 2019 13:20
ყველა მკვლელს ანგელოზად რატომ ახასიათებენ ხოლმე მეზობლები და ნათესავები?
ნუკრი
09 დეკემბერი 2019 11:25
გაუკუღმართებული მენტალიტეტის ბრალია ყველაფერი, ვხედავთ, ვიცით რომ რაღაც ისე ვერ ხდება და პრინციპით სხვისი ჭირიო......................................და მერე ვწუხვართ. ყველაფერში ასე არაა? ალბათ ჩვენს შემდეგი თაობები ისწავლიან შხვანაირად ცხოვრებას. ამჟამად რინციპულობას და ობიექტურობას აზრი არაა აქვს იმ წამსვე " ბოზურ" იარლიკს მოგაწებებენ და ვართ ასე გათითოკაცებულები. სამწუხაროდ შვილებს ვუტოვებთ გადასაწყვეტად ყველა პრობლემას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა