"რუსული სპეცსამსახურები არჩევნებამდე ახალ-ახალ პრობლემებს შეგვიქმნიან" - კვირის პალიტრა

"რუსული სპეცსამსახურები არჩევნებამდე ახალ-ახალ პრობლემებს შეგვიქმნიან"

"ვინმე დამაჯერებს, რომ ეს პროცესები არსაიდან იმართება? შეიძლება შემსრულებლები აზრზეც არ იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორივე მართულია"

"შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ პროცესებს გარე ძალები მართავენ, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი ჰყავთ, მაგრამ შეიძლება შემსრულებლები აზრზეც არ არიან... ორივე მხარე (ხელისუფლება და ოპოზიცია) მართულია", - ამბობს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ყოფილი რექტორი, გენერალ-მაიორი, სახელმწიფო და კორპორაციული უსაფრთხოების სპეციალისტ-ანალიტიკოსი თენგიზ ენდელაძე:

- ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სამართებლის პირზე დადის და ორივეზეა დამოკიდებული, მშვიდობიანად განვითარდება თუ არა პროცესები. ხელისუფლებას უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, მან ყველაფერი უნდა იღონოს, რომ თავიდან აგვაცილოს მოსალოდნელი უბედურება. არავინ იცის, ეგზალტირებული მასა რას ჩაიდენს და შესაძლოა პროცესები უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული, დაპირისპირებას სისხლის ღვრაც მოჰყვეს, რისი პროვოცირებაც პროვოკატორებს შეუძლიათ. აგერ, ნიკა გვარამიამ მოიშველია საერთაშორისო დოკუმენტები და მოსახლეობას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა. შეიძლება ცალკეული პირები არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს შესაძლოა გარეშე ძალებმა სათავისოდ გამოიყენონ და საშინელება დატრიალდეს.

- ვინ არიან ეს გარეშე ძალები და ინსპირატორები, ვისზე მიანიშნებთ? - არა მარტო საქართველოში, საზოგადოდ რეგიონში არავის აწყობს სიმშვიდე. ამ პროცესებში არა მარტო კონკრეტული სახელმწიფოს, არამედ შესაძლოა ზოგიერთი ორგანიზაციის ინტერესებიც იყოს, რომლებსაც სახელმწიფოები მართავენ.

- როგორც მარქსი იტყოდა, ისტორია ორჯერ მეორდება, ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი... - ეს ორივე მხრიდან თამაში და ფარსია. ვერ გეტყვით, ამას ვინ დირიჟორობს. საქართველოს სპეცსამსახურებმა ოფიციალურად განაცხადონ, რა საფრთხეებია მოსალოდნელი, საიდან, ვისგან და რომელი მხრიდან. ეს განცხადება ორივე მხარისათვის უნდა იყოს შემაკავებელი და არა მაპროვოცირებელი. ერთ პოსტულატს გეტყვით: სახელმწიფო დაზვერვის გარეშე ბრმაა, კონტრდაზვერვის გარეშე კი დაუცველი. სიბრმავესა და დაუცველობას თავი დაანებონ და უწყინარ პოლიტიკურ ძალებთან ბრძოლას, სერიოზულ ძალებს მიხედონ.

- სერიოზულ ძალებში რუსული სპეცსამსახურები იგულისხმება? - რატომ გგონიათ, რომ მარტო რუსული სპეცსამსახურები გვიტევენ? ყველას ჩვენი ინტერესი აქვს - შორეულ ქვეყნებსაც. დღეს ჩრდილოეთის აქტიურობა იკვეთება. რუსეთი ჩვენს საზღვართანაა და 20%^ ოკუპირებული აქვს. კაცმა არ იცის, მათ თავში კიდევ რა იხარშება. ხელისუფლებამ ისე უნდა იმოქმედოს, არც მისი და არც ქვეყნის იმიჯი არ დაზიანდეს. ამერიკელებს აქვთ ასეთი მატრიცა - წინასწარ იქმნება დოკუმენტი, რა ზომები უნდა მიიღონ ამა თუ იმ მოვლენაზე. ამ გაწერილი ზომებიდან ხელისუფლებამ სახელმწიფო ინტერესებიდან (და არა ხელისუფლების ინტერესებიდან) გამომდინარე უნდა აირჩიოს სასურველი ზომა და აამოქმედოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ქვეყანას.

- რა ტექნოლოგიებს იყენებენ ეს სამსახურები? - აბსოლუტურად ყველას, მათ შორის სამხედრო შემოჭრის ტექნოლოგიას, რომელიც რუსეთმა გამოიყენა. მეორე მეზობელი ტერიტორიის დაუფლების ტექნოლოგიას იყენებს - იმას, რაც გარეჯში მივიღეთ, ტერიტორიის მიტაცება ჰქვია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ზღაპრებს რომ გვიყვებოდა, მოლაპარაკება მიმდინარეობსო, თქვას, ეს საკითხი დიდი ხანია გადავწყვიტეთ, ან ჩვენამდე იყო გადაწყვეტილი და ტერიტორია მივეცითო. რატომ ძაბავენ ხალხებს შორის ურთიერთობას? რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე ოკუპანტის სტატუსით წაგვართმევს ტერიტორიას თუ მეგობრის? რამდენიმე წლის წინ სომხეთმაც გადმოსწია საზღვარი 4 კილომეტრით და ეს საკითხიც გასარკვევია. არ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება კორუფციულ გარიგებაშია ტერიტორიების ხარჯზე. ფაქტობრივად, ვკარგავთ ტერიტორიებს და ამხსნელი არავინაა, კანონიერია ეს თუ უკანონო. ხელისუფლებამ უნდა გაგვარკვიოს, რასთან გვაქვს საქმე, ტერიტორიები ძალით წართმეულია თუ - გაჩუქებული.

- სპეცსამსახურები რით ახალისებენ თავიანთ დასაყრდენ ძალებს და რა შეცდომებს აშვებინებენ ნებსით თუ უნებლიეთ? - ჩვენი აგენტურა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობს. თუმცა ჩვენთან სიტყვა "აგენტი" კარგა ხნის წინ ამოიღეს ლექსიკონიდან, თუმცა აგენტი აგენტად რჩება. ასევე ამოიღეს ტერმინი "ძირგამომთხრელი საქმიანობა". არადა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ჩვენთან ჩანერგილი თუ მოპოვებული აგენტურით ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. ახლა გაალაითეს და ამას "დამაზიანებელი საქმიანობა" დაარქვეს. მანქანა ხომ არ არის, დააზიანო? როცა სახელმწიფოს უკეთებ ამას, ეს სწორედაც ძირგამომთხრელი საქმიანობაა. ყველა ქვეყანას ყველა სამსახურში აგენტები ჰყავს. მათ როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით აქეზებენ, ახალისებენ და უხდიან გასამრჯელოს, ან ხელს უწყობენ დაწინაურებაში. ისიც გამოსარკვევია, რა გზავნილებია მათ მისამართზე. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ქუჩაში რომ ხალხია, იქ რა, გგონიათ, არ არიან ასეთები?

- დღევანდელ აქციებსა და კონტრაქციებს ზოგი 2002-2003 წლების მოვლენებს ადარებს... - ისტორია მეორდება. ჩვენ სპირალური განვითარების ისეთ მონაკვეთზე ვართ, როცა ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. ამაში ორივე მხარეს მიუძღვის წვლილი. თუ ადრე კვარტალში 1-2-ჯერ წარმოიშობოდა დაძაბულობის კერა, ახლა უკვე კვირაში 1-2-ჯერ. ვინმე დამაჯერებს, რომ ეს არსაიდან იმართება? შეიძლება შემსრულებლები აზრზეც არ იყვნენ, მაგრამ ეს პროცესებიც და ორივე მხარეც (ხელისუფლება და ოპოზიცია) მართულია.

- სპეცსამსახურების მიზანი რა არის? - საქართველო ახლა სამართებლის პირზე დადის. ჩრდილოეთისკენ ივლი, დასავლეთი არ მოგასვენებს, მას ხომ ლამის მილიარდები აქვს დახარჯული. დასავლეთისკენ ივლი - ჩრდილოეთი არ გაგახარებს. ორივე გზა ჩვენთვის ეკლიანი იქნება, გარკვეული ძალები ასე იოლად არ გაგვიშვებენ დასავლეთისკენ და ვხედავთ კიდეც ამას. ამ 30 წლის განმავლობაში, გამსახურდიადან მოყოლებული, მივეჩვიეთ, ერთ კაცს შევახოცოთ ხელი, არადა, ჩვენს თავშია პრობლემა. სინდის-ნამუსიანი ხალხი უნდა მოვიყვანოთ ქვეყნის სათავეში. მოგვყავს ერთი და მერე მთელ პასუხისმგებლობას მას ავკიდებთ. არადა, ის რომ გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენთან ერთად იღებს. ისინი გაცილებით მეტ ცოდვას სჩადიან, ვინც ხელისუფლებაშია, ვიდრე ერთი კაცი. რატომ აძლევენ ამდენის უფლებას? სკამის დაკარგვის ეშინიათ? ხომ უნდა იფიქრო, რომ ხვალ მაინც სხვა დაჯდება ამ სკამზე? მთავარია შენი ნაკეთები საქმე.

- "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუსეთიდან მეორე გამოწვევა მივიღეთ - კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ესეც ტესტია ჩვენთვის? - კი ბატონო, ტესტია. რუსეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა, ასეთი კულტურის ცენტრის გავლით გააკეთებს თავის საქმეს. რამდენი ობიექტია ჩრდილოეთისთვის გადაცემული, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს? შეიძლება ამ ობიექტების ხელმძღვანელები ქართველები არიან, მაგრამ გაიკითხეთ, ვინ ჰყავთ მოადგილეებად ან ვინ სტუმრობენ მათ? იქნებ პირდაპირ მოსკოვიდან არა, მაგრამ კიევის გავლით სტუმრობენ? ეგ კი არა, ბუტიკი რომ ბუტიკია, შეიძლება ქვეყანამ იქიდანაც აწარმოოს სადაზვერვო საქმიანობა, აღარ ვლაპარაკობ მსხვილ კომპანიებზე, რომლებიც რუსების ხელშია. ისიც ჰგონიათ, კაცმა თუ რუსეთში ისწავლა, ის მაინცდამაინც აგენტი უნდა იყოს. ვინც ინგლისსა და საფრანგეთში ისწავლა, ის არ შეიძლება რუსეთის აგენტი იყოს? რა, რუსები იქ არ ეწევიან ჯაშუშურ საქმიანობას? საქართველოში დღეს ყველაზე მეტად რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობა ჩანს და არჩევნებამდე ის ახალ-ახალ პრობლემებს შეგვიქმნის. ევროპის სპეცსამსახურების აქტიურობას იმიტომ ვერ ვამჩნევთ, რომ მართლაც დემოკრატიულები არიან და სადაც დემოკრატია მაღალ დონეზეა, იმას ვერ კადრულობენ, რასაც ავტორიტარული სახელმწიფოები.

დღეს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ჰგონიათ, რომ თუნდაც იყოს თბილისი, პარლამენტი, გერბი, დროშა და დანარჩენი საქართველო არ არის საჭირო. გვაქვს უფლება, ეს დავუშვათ?

- რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი? - სიტუაცია ძალზე საგანგაშოა, მაგრამ კონტროლიდან არ არის გასული. ხელისუფლება კონტრაქციებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, გამოსავალი უნდა იპოვოს და გზა დაუთმოს ახალ ძალებს. მათ არ ვგულისხმობ, რომლებიც ახლა "ოცნებას" პარლამენტთან უტევენ. ვითარება დღითი დღე მწვავდება და შესაბამისმა სამსახურებმა შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედონ, რასაც ისტორია და შთამომავლობა არ აპატიებს.