"მეტადონი" ერთ-ერთი შეკვრიდან მე მივიღე, რისი მიღებაც­ დამიდგინდა" - რას წერს ჩვენებაში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერი? - კვირის პალიტრა

"მეტადონი" ერთ-ერთი შეკვრიდან მე მივიღე, რისი მიღებაც­ დამიდგინდა" - რას წერს ჩვენებაში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერი?

ათონის მთაზე მოღვაწე ბერის, სვიმონ (გიორგი) ქავთარაძის დაკავებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

გთავაზობთ ფრაგმენტს ბერის აღიარებითი ჩვენებიდან:

"მეტადონი" ერთ-ერთი შეკვრიდან (ჩემსავე ოთახში, ისე, რომ ეს ფაქტი არავის დაუნახავს) მე მივიღე, რისი მიღებაც დამიდგინდა 2019 წლის 3 დეკემბერს ნარკოლოგიურ კაბინეტში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად. ნასამართლევი არ ვარ. ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ დაკავებულია სრულიად უდანაშაულო ადამიანი რომან მალანია ისეთი ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. იგი არის მსხვერპლი და ამიტომაც გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი პოლიციაში".

სამართალდამცავებმა თავდაპირველად ნარკოტიკული ნივთიერებით ზუგდიდელი რომან მალანია დააკავეს. დაკავებული აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციაში ბერი მივიდა, მალანიამ ადრინდელი ჩვენება უარყო და ახლა ამბობს, რომ ნარკოტიკი ბერს ეკუთვნოდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 10.000 ლარი გირაო შეუფარდა. მალანიამ ჯერ დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა შემდეგ ჩვენება მისცა.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავებმა ზუგდიდში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის თავის ადვოკატთან ერთად პოლიციაში ბრალის აღიარებით მივიდა. დაკავებული ბერი ამბობს, რომ 2019 წლის 2 დეკემბერს, ნაშუადღევს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით სახლისკენ მიმავალმა ხის ძირას პოლიეთილენის პარკში 42 ცალ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" იპოვა და სახლში, ზუგდიდში წაიღო. იმასაც აღნიშნავს, რომ სახლში ყოფნისას მცირე ოდენობით ნარკოტიკი მიიღო. მერე ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი იდო, რომან მალანიას თბილისში წასაღებად გადასცა.

"პირადი ნივთების ქვედა ნაწილში მოთავსებული მქონდა სულ 42 ცალ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი". აქედან, 30 ცალი ელექტროჩაიდანის ქვედა ნაწილში, ხოლო 12 ცალი - ელექტროსაფქვავის ქვედა ნაწილში. როდესაც რომანმა მითხრა, რომ მიემგზავრებოდა თბილისში, გადავწყვიტე, რომ ეს ჩანთა გამეტანებინა. ვუთხარი, რომ მოგვიანებით ჩავიდოდი თბილისში და გამოვართმევდი", - ნათქვამია ბერის აღიარებით ჩვენებაში.

"ძალიან პატარა აღიკვეცა ბერად და ხმათა 100% მიიღო"

ადვოკატი ჯიტა გულუა ორივე ბრალდებულს იცავს:

- მალანიამ თავიდან დაბნეულობის გამო აღიარა დანაშაული, რადგან იცოდა, რომ ბერის იყო ეს ჩანთა. ვიცოდი, გამოძიება დაიწყებოდა და ყველაფერი გაირკვეოდა, თავიდან ამიტომ ვთქვი, რომ ჩემი იყოო.

- დაკავებული ბერი ნარკოტიკის მომხმარებელია? - ეს პირველი შემთხვევაა. ძალიან პატარა აღიკვეცა ბერად ათონის მთაზე ყველა წესის დაცვით და ხმათა 100% მიიღო, რაც იშვიათია. წლებია საბერძნეთში, ათონის მთაზე მსახურობს და ახლა ჩამოსულია ზუგდიდში თავისი ოჯახის მოსანახულებლად. ამ წლების მანძილზე ათონზე მხოლოდ სამ ბერს მიანიჭებს ტაძრის დამაარსებლის, სვიმონის სახელი. იმ სამს შორის ერთ-ერთი სვიმონ ქავთარაძეა, რომლის კურთხევას მეუფე გერასიმე ესწრებოდა.

- საპატრიარქო ამბობს, რომ დაკავებული ბერი ალკოჰოლდამოკიდებული იყო. - 32 წლის ახალგაზრდა 14 წელია, ბერია. ჰქონდა ბრძოლები, დიდი სირთულეები, რადგან არ არის ადვილი, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცმა უცებ ყველაფერზე თქვა უარი და ბერის ცხოვრებით იცხოვრო. სულიერი ტკივილები ჰქონდა და ეტყობა, ვერ გაუძლო ამ ყველაფერს... ძალიან განიცდის, მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც - ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ექიმის დახმარება დასჭირდა.

"ჩვენ მის სასულიერო მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს"

ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი: "ეს ადამიანი ათონის მთაზე აღიკვეცა. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე რომ, ჩვენ მის სასულიერო მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს".

"არა აქვს მნიშვნელობა, რა წოდების ვართ, კანონის წინაშე ყველანი ვაგებთ პასუხს"

მოგვიანებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე გამოეხმაურა ბერის დაკავების ფაქტს: "ის სამი წელი ცხოვრობდა ათონზე. აღკვეცის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დატოვეს, თქვეს, უნდა გაიაროს სულიერი ცხოვრებაო. ერთი წლის მერე დაბრუნდა საქართველოში. ძალიან ცოტა ხანი იყო ჩვენთან, მაგრამ გაუჭირდა და უკან, ათონზე დაბრუნდა. ერთი წელი ისევ იქ იყო და ისევ საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა ჩვენთან არ მოსულა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის: ვის წრეში იყო, ვის ეპარქიაში იყო და ა.შ. ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან იგი ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილია დღესაც. რაც გავიგე, იყო ძალიან მძიმე ტრავმა ჩემთვის, ეკლესიისთვის... ვფიქრობ, ასეთი ფაქტები როცა ხდება, რეაგირება აუცილებელია. არა აქვს მნიშვნელობა, რა წოდების ვართ, კანონის წინაშე ყველანი ვაგებთ პასუხს".