ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა
ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა
"2018 წელს მოკლული ბიზნესმენის საქმე გაიხსნა"

2018 წლის 14 მაისს ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე ლითონის კასრში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოკლული ბიზნესმენი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი იყო. წელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა გამოძიება და გასულ კვირას ეს უმძიმესი მკვლელობა ძალოვანებმა გახსნილად გამოაცხადეს. ნიკოლოზ ქუმსიაშვილის მეგობარი, ბიზნესმენი ალექსანდრე ტოგონიძე მეგობრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე ტოგონიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში ფინანსური დავის გამო კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფით თავისი ბიზნესპარტნიორი ნიკოლოზ
ქუმსიაშვილი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი ბრალდებულმა საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო. დაკავებული ალექსანდრე ტოგონიძე წარსულში გამოძალვისთვის არის ნასამართლევი. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მაგრამ საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეგ სასამართლოზე განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს.

გაგი მოსიაშვილი, ადვოკატი: "ალექსანდრე ტოგონიძე იმიტომ დააკავეს, რომ მოკლულთან ბოლოს ურთიერთობა მას ჰქონდა, ამის შემდეგ კი დაკარგულად ითვლებოდა. ამ დროის განმავლობაში ის არ დამალვია გამოძიებას, ცხადდებოდა პოლიციაში, როცა იძახებდნენ. რადგან სხვა მტკიცებულება არ არსებობდა, საჭირო იყო დაკავებულის აღიარება - სხვაგვარად ბრალს ვერ წარუდგენდნენ, ამიტომ დაკავებამდე ახდენდნენ მასზე ზეწოლას, 2019 წლის 16 ნოემბერს კი ბრალი წაუყენეს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბოლოს ერთმანეთი ნახეს, არ უნდა იყოს წინა პირობა, რომ მას ბრალი წაუყენონ.

თენგიზ გეწაძე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი გამომძიებელი: - გამოძიების ფარგლებში არაერთხელ გამოიკითხა გარდაცვლილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ალექსან­დ­რე ტოგონიძე. აშკარა იყო, რომ ის გამოძიებას შეგნებულად აწვდ­იდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ქუმსიაშვილს ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვეტილი ჰქონდა ცხინვალში­ გადასვლა, იქიდან კი ყალბი პასპორტით რუსეთის ფედერაციაში წასვლა. მისი განმა­რტებით, მან მეგობრის თხოვნით, 100.000 ლარი ნაღდი ფული საჩხერის რაიონის ერთ სოფელში გადასცა უცნობ პირს, რომელსაც რატომღაც ვერ აღწერდა. ტოგონიძე ერთ ჩვენებაში მიუთითებდა, რომ ნიკოლოზ ქუმსიაშვილს დაშორდა ქარელის რაიონის გადასახვევთან, ხოლო მეორე ჩვენებაში განმარტავდა, რომ მეგობარი მიიყვანა სოფელ ჩონთოსთან, სადაც დახვდა იგივე პირი, ვისაც ადრე ფული გადასცა.

- ბიზნესპარტნიორებს რა ურთიერთობა­ ჰქონდათ?
- ისინი 2006 წელს ერთად იხდიდნენ სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ სხვადასხვა სახის ბიზნესს ერთობლივად აწარმოებდნენ.

- რა იყო მკვლელობის მოტივი?
- მკვლელობის წინადღეს ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა ბიზნესგარიგებიდან ხელზე­ მიიღო ნაღდი ფული - 80.000 ლარი. თანხის გადაცემას ესწრებოდა ბრალდებულიც. სწორედ ეს თანხა გახდა მკვლელობის მოტივი. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულს გარდაცვლილისგან ნასესხები ჰქონდა 40.000 ლარი.

ბრალდებული ადასტურებს ქუმსიაშვილის მიერ 80.000 ლარის მიღებას, თუმცა­ განმარტავს, რომ ამ თანხიდან, 25.000 ლარი ეკუთვნოდა. ამ თანხის გამო მოუვიდათ მათ შეკამათება 2018 წლის 11 მაისს, თბილისიდან­ საჩხერის რაიონისკენ მიმავალ გზაზე. კამათის დროს ბრალდებულმა ორლულიანი სანადირო თოფით მოკლა ბიზნესპარტნიორი და გვამი მდინარის ნაპირას გადამალა. მეორე დღეს, ღამით მიიტანა ლითონის კასრი და 10 ლიტრი ბენზინი, გვამი მოათავსა ლითონის კასრში, დაასხა ბენზინი და წაუკიდა ცეცხლი. მომდევნო დღეს, გამთენიისას, კვლავ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, კასრი ჩადო თავის ავტომანქანაში, ჩაიტანა ვანის რაიონის სოფელ შუამთაში და ჩააგდო რიონში.
ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან მიუთითა როგორც მკვლელობის ადგილი, ასევე შუამთაში ის ადგილი, სადაც ლითონის კასრი გვამის ნაწილებით ჩააგდო მდინარე რიონში.

ნიკოლოზ ქუმსიაშვილის უახლოესი მეგობარი სოციალური ქსელში წერს: "მოკლეს ადამიანი, რომელსაც სიკეთისა და სიყვარულის გარდა, არაფერი უკეთებია. უღალატა და სიცოცხლეს გამოასალმა არაკაცმა, რომელსაც ნიკო მეგობრად თვლიდა, რომელმაც გაიმეტა, ორი ტყვიით გამოასალმა იგი სიცოცხლეს და წელიწად-ნახევარი მის ოჯახს ატყუებდა, პრობლემები ჰქონდა და დავეხმარე საქართველოდან წასვლაშიო, სამი დღის წინ კი აღიარა, რომ ეშმაკს მიჰყიდა თავისი ბინძური სული".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები