"ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები რუსეთია, ამ გათავხედებული სახელმწიფოს წინაშე კი ცივილიზებული სამყარო უძლურია" - კვირის პალიტრა

"ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები რუსეთია, ამ გათავხედებული სახელმწიფოს წინაშე კი ცივილიზებული სამყარო უძლურია"

"იმედია, რუსეთი ამ ყველაფრის გამო პასუხს აგებს - საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი რამ მოულოდნელად იცვლება"

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარია. ქართველი ექიმის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ეუთოს წევრმა 15-მა ქვეყანამ, რომლებიც მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა... სამ თვეზე მეტია, ახალგორის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რამდენიმე დღის წინ ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ "დიდსულოვნება" გამოიჩინა და მძიმე პაციენტებს ქართულ მხარეს გადმოსვლის უფლება მისცა, თუმცა უცნობია, ისინი უკან დაბრუნებას შეძლებენ თუ არა.

"არ გვბომბავენ და ტყვიებს არ გვესვრიან, მაგრამ ჩუმად, უპატრონოდ ვიხოცებით, ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ, ასე გვგონია, აღარავის ვახსოვართ", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან საუბრისას.

ეფექტიანია თუ არა საერთაშორისო საზოგადოებრიობის საქმიანობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გვესაუბრება.

- თითქოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ვლაპარაკობთ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე, შედეგი კი არ ჩანს. ამას თავისი წინა პირობები აქვს: 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთის ავტორობით საქართველოს ორ რეგიონში უკანონობისა და უუფლებობის ორი ანკლავი ჩამოყალიბდა. რუსეთმა იქ ე.წ. სახელმწიფოები შექმნა, რასაც თავისი მიზანი ჰქონდა და ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, პროცესების განვითარებაზე რუსეთს ხელები დაებანა. უტიფრად აცხადებენ, გაფრინდაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგი არა ვართ, თუმცა ცხინვალის "ხელმძღვანელობას", როგორც "დამოუკიდებელ" სახელმწიფოს, თავისი არგუმენტები აქვს და მათთან იმუშავეთო... დარწმუნებული ვარ, ვაჟა ექიმი ახალგორში პაციენტების დასახმარებლად წავიდა და მერე ამაზე მათივე უსაფრთხოების გამო აღარ ილაპარაკა. ოსურმა მხარემ კარგად იცის, ის რისთვის დააპატიმრა. გაფრინდაშვილი წლების განმავლობაში მკურნალობდა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადადიოდა. ეს იცოდა ოსურმა მხარემაც და რუსეთმაც.

მსოფლიოში ცხინვალის რეჟიმის უზნეო მოქმედება ოსების გადაწყვეტილებად კი არა, რუსეთის მხარდამჭერ ნაბიჯად აღიქმება, რაც მის ისედაც შერყეულ იმიჯს უფრო აზარალებს. იმედია, რუსეთი ამ ყველაფრის გამო პასუხს აგებს - საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი რამ მოულოდნელად იცვლება.

- თითქმის ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში განხილულია ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის საკითხი, თუმცა ეს რეალობას ვერ ცვლის. რა არის ამის მიზეზი? - ეუთოს მინისტერიალზე გაფრინდაშვილის საკითხი მთავარი თემა იყო, მაგრამ მისი გათავისუფლება სწრაფად მაინც ვერ მოხერხდა. გადაწყვეტილების მიმღები რუსეთია, მისი ხელისუფლება კი ზნეობისგან შორს არის და არც არაფრის ეშინია, რადგან მისი საწინააღმდეგო ძალა არ არსებობს - მას აქვს ბირთვული იარაღი, არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი... ამ გათავხედებული სახელმწიფოს წინაშე ცივილიზებული სამყარო უძლურია.

- მაშ რა გზა გვრჩება? - ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა და ქვეყნების დახმარებით მუდმივად უხერხულ მდგომარეობაში უნდა ვაყენებდეთ რუსეთს. ამ ეტაპზე სხვა მექანიზმი არ ჩანს.

- ცოტა ხმამაღალი შედარებაა, მაგრამ სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილების უფლებების დაცვას ევროკავშირი გულისხმიერად ეკიდება. აქვე, ყურისძირში საქართველოს ოკუპირებულ ზონებში კი ათასობით მოქალაქეს ეთნიკური ნიშნით ავიწროებენ; მესამე თვეა, ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია; სოხუმის ცენტრში ე.წ. კანონიერი ქურდების ჩაცხრილვის შემდეგ სოხუმის რეჟიმი გალელებს სასტიკად ექცევა; ჩაკეტილია ენგურის ხიდი. ამ ყველაფერზე მსოფლიო თითქმის არ რეაგირებს. რატომ? - სირიასა და ერაყში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, მილიონობით მშვიდობიანი ადამიანი იხოცება ან ლტოლვილი ხდება. იქ სხვა სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება - პროცესებში ჩართულია თურქეთი, მრავალმილიონიანი ქურთისტანი... საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერც იქ მიაღწია დიდ წარმატებას; ვერც ლტოლვილებზე ზრუნვით დაიტრაბახებს. თუ არ ჩავთვლით ამერიკის, სირიელი და ქურთი მებრძოლების როლს, რომელთა აქტიურობითაც "ისლამური სახელმწიფო" დამარცხდა. საერთაშორისო თანამეგობრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ რუსეთმა თავის მოკავშირე ბაშარ ასადს ხელისუფლება შეანარჩუნებინა. არადა, სწორედ ის იყო ამ არაადამიანური სისხლის ღვრის მიზეზი და ინიციატორი. კვლავ მოუგვარებელია ირანი-ისრაელის დაპირისპირება და როგორ შეიძლება ეს საერთაშორისო თანამეგობრობას მოუბრუნდეს, არავინ იცის...

ევროკავშირს ახლა შიდაგლობალური პრობლემები აქვს - თუნდაც ბრექსიტი და ისეთი ქვეყნების გაწევრება, რაც მომავალში ინტეგრირების მხრივ ბევრ რამეს შეცვლის. მაგრამ ჩვენ მაინც ყველგან უნდა წარმოვაჩინოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა პრობლემები... დამოუკიდებლად ცხოვრების ისტორიაში თაობები შეიცვალა, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების იქით გახედვა ვერ ვისწავლეთ, საფრთხეების გააზრებას ვერ ვახერხებთ და ასეთ მყიფე ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოებრიობა ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს.