გუდაუთური კლანის წამმზომი ჩართულია
გუდაუთური კლანის წამმზომი ჩართულია
"აფხაზეთში ქართველი "კანონიერი ქურდების" გაძლიერებას ელიან"

ორწლიანი დუმილის შემდეგ აფხაზე­თ­ში­­ ე.წ. კანონიერი ქურდების შეტაკება­ ახალ, უფრო დაძაბულ ფაზაში გადავიდა - 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, რესტორან "სან რემოში" ადგილობრივ კრიმინალებს 80-მდე ტყვია ესროლეს... შემთხვევას ორი ე.წ. კანონიერი ქურდი - ასტ­ამურ შამბა ("ასტიკი") და ალხას ავიძბა ("ხასიკი") შეეწირა. რუსტამ შამბა მძიმედ დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოგვიანებით გარდაიცვალა 22 წლის დომინიკა აკირთავა, მას 2 წლის შვილი დარჩა და ძმა შემთხვევამდე
რამდენიმე დღით ადრე გარდაეცვალა. მოსახლეობა სოციალურ­ ქსელში ითხოვდა, კომაში მყოფი გოგონას მოსკოვში ან თბილისში გადაყვანას, მაგრამ სოხუმის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, ეს დაუშვებელი იყო, რადგან მისი ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა...

რა ხდება გალში


რამდენიმე დღეა ჩაკეტილია ენგურის ადმინისტრაციული საზღვარი. რეიდებია გალის რაიონში - აფხაზეთის ე.წ. მილიცია ეჭვმიტანილს
გალში ეძებს.

გალის მცხოვრები: - ბოლო წლებში აქაურობას გუდაუთელი­ აფხაზის, რაულ ბარცბას, მეტსახელად "პიზას" კლანი აკონტროლებდა და ძალიან მძიმე ვითარება იყო. გარანტია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ქართველი კრიმინალების გავლენის დროს მეტ-ნაკლებად დაცული ვიყავით, ბარცბამ კი აქაც სეპარატისტული განწყობა შემოიტანა, ყველა განდევნა, ან მოკვლით დაემუქრა და გააჩუმა, რაც არ აპატიეს. ბოლო დღეებია, გალში ცალკე მილიცია აწყობს რეიდებს, ცალკე კრიმინალები აქტიურობენ. ბარცბა პოლიტიკაზეც ახდენდა გავლენას და ამის გამოძახილი იყო გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ქართველთმოძულე თემურ ნადარაიას გამოსვლები, რომ ქართული ენა არ უნდა ისწავლებოდეს და ქართველ სტუდენტებს ენგურს იქით გადასვლა უნდა აეკრძალოთ...

ქართველი კრიმინალების გავლენა აფხაზეთში


აფხაზები წერენ, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში ჩართული, რეგიონში ჩაკეტილი "პიზას" არასწორი სტრატეგიის შედეგია, რომ მას საყრდენი გამოაცალეს და ახლა შეიძლება აფხაზეთში გავლენა ქართულმა კლანმა დაიბრუნოს, რადგან ბარცბამ თვითიზოლაციით ე.წ. ქურდულ სამყაროში­ ყველა გზა მოიჭრა.

"ასტიკი" და "ხასიკი" რეგიონში ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, 53 წლის რაულ ბარცბას ნათლულები და უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ. ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ბრძა­ნებით, საქმე უახლოეს ხანებში უნდა გაიხსნას და მკვლელობის დამგეგმავები უნდა გამოვლინდნენ. აფხაზური მედიის უწყებით: "სოხუმში­ მომხდარი მკვლელობის ავტორებმა საქართ­ველოს შეაფარეს თავი"...

ეს ამბავი სათავეს შორიდან იღებს


აფხაზეთში მთავარი "კანონიერი ქურდის" სტატუსის გამო ბარცბას "სოხუმის­ კლანის" მეთაური მერაბ ჯანგველაძე ("მახო") დაუპირისპირდა. უფრო ადრე, 2014 წელს, ბარცბამ ახალი მეტოქე აღარ გაიჩინა და ის ჯანგველაძის პროტეჟეს, ასევე­ გუდაუთელი­ ალხას აგრბასთვის ე.წ. კანონიერი ქურდის­ სტატუსის მინიჭებას შეეწინააღმდეგა. მოგვიანებით ამ საქმესთან­ დაკავშირებით აფხაზეთში ჩავიდა დედით აფხაზი­, გაგრაში დაბადებულ-გაზრდილი და ამჟამად დევნილი ნიკო დგებუაძე ("ნიკო გაგრინსკი"). ბარცბას ნათლულები ავიძბა და შამბა მას გზაზე დახვდნენ და მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2017 წელს გუდაუთელმა "პიზამ" თვითიზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ადგილობრივ კრიმინალებს, ქართველი ქურდების მეგობრებს - ვალერ ხაშბას და თემურ ახუბას, იგივე "დინრიდის" და "მაკოლიას" სცემა.

ბარცბას შესაჩერებლად და ნიკო დგებუაძის დასახმარებლად დმანისში დაბადებული აზერბაიჯანელი ქურდის, სისასტიკით ცნობილი ნადირ სალიფოვის (იგივე "გული ბაკინსკის") დავალებით აფხაზეთში "რომა სტავროპოლსკი" (რომან დმიტრიევი) და "რაშად გიანჯინსკი" (რაშად ალიევი) ჩავიდნენ. აფხაზური მედია წერდა, რომ მაშინ ბავშვობის მეგობრებმა ნიკა დგებუაძე აფხაზეთში დაცვის კოლონით შეიყვანეს, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ვიღაცამ გასცა და სამივეს სასტიკად სცემეს.

ამის შემდეგ რაულ ბარცბა 300-მდე თანამოაზრესთან ერთად ჩავიდა გალში და გალის "ობშიაკის" მისთვის ჩაბარება მოითხოვა. ადრე იქაურობას გალელი ე.წ. კანონიერი ქურდი გია შონია ("ჩირო გალსკი") რუსეთში მცხოვრებ ე.წ. მაყურებელ კახა ფარფალიასთან ერთად განაგებდა. იქ კიდევ ერთი ქართველი, 62 წლის კრიმინალი მურმან ლემონჯავა ცხოვრობს, თუმცა ბარცბას "აღზევების" წლებში რეგიონში არსებული ვითარების გამო ქართველი კრიმინალები მდგომარეობის გამწვავებას მოერიდნენ - ფარფალიამ მოსკოვიდან დარეკა და ქართველ კრიმინალებს "პიზას" მოთხოვნის შესრულება ურჩია.

მაშინ აფხაზები წერდნენ, რომ "პიზამ" ქართველი "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ გაილაშქრა, ისინი გალიდანაც განდევნა და რაიონის ფინანსების კონტროლი ხელთ იგდო, თუმცა, სხვების თქმით, მაშინ ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" სტრატეგიულად უკან დახევა არჩიეს.
გუდაუთელმა ბარცბამ თავი იქაურობის ბატონ-პატრონად იგრძნო და აფხაზეთში და მის გარეთ მტრების გაჩენას აღარ მოერიდა. ამის შემდეგ ნადირ სალიფოვმა ("გულიმ") შეუთვალა, რომ არაფერი შერჩებოდა. სალიფოვის სასტიკი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავდა, რომ "პიზას" სიკვდილი ელოდა. მას შეახსენეს, რომ "გულის" კლანის წევრის, მერაბ ჯანგველაძის "მონათლული" იყო და მეტი წინდახედულობა მართებდა.

ვინ დგას "ხასიკისა" და "ასტიკის" მკვლელობის უკან?


აფხაზეთში მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება და, იქაურების თქმით, ყველას ქართულ კვალთან მივყავართ. აფხაზი ჟურნალისტის, ვიტალი შარიას მოსაზრებით, შეიძლება ავიძბა-შამბას ბარცბას მიერ დაჩაგრული თემურ გვასალია და თემურ ახუბა გაუსწორდნენ, რომლებიც ქართველ კრიმინალებთან მეგობრობენ. მეორე ვერსიით, ეს 2018 წელს ბარცბას მანქანისთვის ყუმბარმტყორცნის სროლის ამბის გაგრძელებაა. მაშინ არავინ დაშავებულა. გუდაუთელმა კრიმინალმა დაცვა გააძლიერა, მაგრამ მტერი მის უახლოეს გარემოცვას მაინც მისწვდა, რაც ნიშნავს, რომ "გულიმ", როგორც ყოველთვის, სიტყვა შეასრულა და ახლა "პიზას" ჯერია. ]]კიდევ ერთი ვერსიით, კახა ფარფალიამ, რომელსაც ასევე აფხაზური ფესვები აქვს და ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, მაშინ ბარცბას კლანს დაუთმო, თუმცა შაქრო კალაშოვმა ("შაქრო მალოდოი") დაპატიმრებამდე მას "ობშჩიაკი" გადააბარა და გავლენებიც გაუზარდა.

გალელი კრიმინალი რუსეთსა და პოსტ­საბჭოთა სივრცეში მაფიოზური თანხების დიდ ნაწილს აკონტროლებს, ამიტომ მასზე კარგა ხანია რუსეთის სპეცსამსახურები ნადირობენ. არსებული ვერსიით, ის რუსეთიდან აფხაზეთში შემოსვლას აპირებდა და ამისთვის ნიადაგი წინასწარ მოიმზადა - სხვებთან ერთად საქმეში "დინრიდი" და "მაკოლიაც" ჩართო.

"ბარცბა მორალურად გატეხილია. მას საყრდენი გამოაცალეს და ეს უკვე ყველაფერში იგრძნობა. მის მხარდამჭერებს ძველებური რიხი აღარ აქვთ. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ის - პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩრდილოკავკასიურ კლანებში ბიზნესგარიგების სანაცვლოდ მხარდამჭერების ძებნას დაიწყებს თუ რეგიონს გაეცლება. ფაქტია, არც რუსეთში იქნება უსაფრთხოდ, რადგან "ქართული კლანი" ძალიან გაძლიერდა და მათ საცეცებს ადვილად ვერ დაუძვრება..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

მათივე თქმით, ბოლო დროს ბარცბას პოლიტიკაში აქტიურობა ზღვარს გასცდა. მასთან კონსულტაციის გარეშე ადგილობრივი ე.წ. მაღალჩინოსნებიც კი აღარ ინიშნებოდნენ. ბარცბა შსს-ს მუშაობაშიც ერეოდა, რაც ვიღაცების გაღიზიანებას იწვევდა.

"გუდაუთელი ბარცბა ჯანგველაძე-გულის ალიანსის პირისპირ მეტისმეტად უმწეოდ გამოიყურება. ამ ფონზე გალის ქართველი მოსახლეობის მიმართ წნეხი სრუ­ლიად უსაფუძვლო მეჩვენება. "გუდაუთის კლანის" წამმზომი ჩართულია და ნუ გადავაყოლებთ მას რაიონის უდანაშაულო და ისედაც დაჩაგრული მოსახლეობის სიმშვიდეს", - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი, რომლის თქმითაც, კარგი იქნება, თუ მოსახლეობის დასაცავად ის აფხაზი "კანონიერი ქურდები" ამოიღებენ ხმას, რომელთაც ქართველ კრიმინალებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. სხვაგვარად აფხაზეთში ქურდულ კლანებს შორის ომი უფრო სახიფათო მასშტაბს შეიძენს...

P.S. სოციალურ ქსელში აფხაზები წერენ, რომ მათი ინფორმაციით, კილერებმა სოხუმი კორიდორით დატოვეს. სროლის დროს რესტორანში კამერა გაითიშა, მერე კი ისევ ჩაირთო, რაც ნიშნავს, რომ კილერებს ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდათ.
...
13 იანვარი 2020 14:32
არასწორი საქციელი არავის არ შერჩება!სოხუმი და აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი კუთხე და წარმოადგენდა მაღალი დონის ელიტას და დადგება დრო და ყველაფერი ჩადგება კალაპოტში.
leeloo
11 იანვარი 2020 00:11
დიდი მერაბი ცდილობს აფხაზეთში ზეგავლენის დაბრუნებას, არადა ბარცბა ვის დაკარგვია, სად იყო ბარცბა როცა იყო მერაბი, ბორია აფაქელა, სტანისლავ ციშბა, ვალერი ხაშბა და ა.შ. მოუნდა ტურა ბარცბას ლუკმა

რუბრიკის სხვა სიახლეები