"პუტინი არის ერთი ჩვეულებრივი ბანდიტი, კრიმინალი პრეზიდენტი" - რას პასუხობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა პუტინს? - კვირის პალიტრა

"პუტინი არის ერთი ჩვეულებრივი ბანდიტი, კრიმინალი პრეზიდენტი" - რას პასუხობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა პუტინს?

როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დააანონსა, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილის) მკვლელობის საქმე "ნორმანდიის სამიტზე" გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა გახდა. ამას წინ უძღოდა ბერლინიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევება, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების მიზეზად ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებასთან მოსკოვის არასაკმარისად აქტიური თანამშრომლობა დასახელდა. საქართველოს მოქალაქის ბერლინში მკვლელობის საქმეში გერმანული გამოძიება რუსეთის ხელისუფლების კვალს ხედავს.

"ასეთ შემთხვევაში არსებობს დაუწერელი კანონები - თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ გავაძევებთ თქვენსას", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსული მხარე "ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელ კოლეგებს აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს". ზელიმხან ხანგოშვილი

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ა.წ. 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს - მეჩეთში მიმავალ ხანგოშვილს მკვლელი ელექტროველოსიპედით გაეკიდა და ცეცხლი გაუხსნა. კილერმა მას სამიდან ერთი ტყვია თავში ესროლა და გაქცევა სცადა, მაგრამ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზევე დააკავეს. როგორც გაირკვა, მკვლელი ევროპაში ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვის სახელით, ყალბი არაბიომეტრიული პასპორტით ჩაფრინდა. დადგინდა, რომ ის რუსეთის მოქალაქე, 54 წლის ვადიმ კრასიკოვია, რომელზეც 2014 წელს საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - ის მოსკოვში ბიზნესმენის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.

ზელიმხან ხანგოშვილს 2015 წელს თბილისშიც დაესხნენ თავს და დაჭრეს. მკვლელობის მცდელობისა და არაერთგზის მუქარის შემდგომ, ზელიმხან ხანგოშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

  • ცნობისათვის: ხანგოშვილი მოსკოვმა დიდი ხნის წინ გამოაცხადა მტრად. ის რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ 1999-2002 წლებში ჩეჩნეთის ომში იბრძოდა, 2012 წელს კი ლოპოტის ხეობის ინციდენტის დროს ისლამისტებისა და საქართველოს უშიშროების ძალების მოლაპარაკებაში შუამავლობდა.

kvirispalitra.ge-ს ზელიმხანის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ესაუბრა":

- პუტინი რომ კარგს არაფერს იტყოდა, ეს ისედაც გასაგები იყო. მათ იციან, რომ დანაშაული რუსებს დაუმტკიცდებათ, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურის ჩადენილია და აქედან გამომდინარე, წინასწარ იზღვევენ თავს. ბოლო დროის რუსეთის ისტორიაში რაც კი რამ ცუდი და საშინელი მოხდა, ყველაფერში ჩემი ძმა დაადანაშაულეს, რუსებს ზელიმხანი ტერორისტი და სისხლისმსმელი გამოჰყავთ. მარტო ეს მოსკოვის მეტროს ტერაქტი არ ვიცოდი და ეგეც დააბრალა პუტინმა, აქამდე ეს არ უთქვამთ. უფრო და უფრო ამძიმებენ საქმეს, ალბათ კიდევ დაუმატებენ რამეს. ჩვენთვის პუტინია ბანდიტი და სისხლიანი პრეზიდენტი. ჩვენ, ვინც მათი ბინძური პოლიტიკის წინააღმდეგი ვართ, ყველანი მტრები და ბანდიტები ვართ. რამდენი სისხლი დაღვარეს კავკასიაში... პუტინი არის ერთი ჩვეულებრივი ბანდიტი, კრიმინალი პრეზიდენტი და ყველაფრის მკადრებელი. მაგათთვის ნორმალური და სიმართლის მთქმელი ადამიანები ტერორისტები არიან.

- როგორ ფიქრობთ, პუტინის ეს განცხადება გამოძიების მსვლელობაზე ზეგავლენას იქონიებს?

- არ ვიცი, რა პოლიტიკურ გათვლებს გააკეთებენ, არა მგონია, გერმანიის მთავრობამაც თავის საზიანო ნაბიჯი გადადგას, ვნახოთ.. გერმანიის სპეცსამსახურებისათვისაც ალბათ ცხადია, რატომ ჰკიდებენ ჩემს ძმას ტერაქტებს, თავის გასამართლებლად რომ იგონებს რუსეთი. აქამდე გაგებული არც მქონდა, ახლახან OPT-ზე რაღაც ორი ტერორისტული ორგანიზაცია დაასახელეს, თითქოს მათ ზელიმხანი ხელმძღვანელობდა. კიდევ რას მოიგონებენ, ნეტა?

- გაქვთ მართლმსაჯულების აღსრულების იმედი?

- აქამდე თუ ეჭვის თვალით ვუყურებდი, ახლა იმედიანად ვარ. გული იმაზე მწყდება, რომ არც საქართველოს საგარეო უწყებიდან, არც საელჩოდან არავინ შეგვხმიანებია. ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს განცხადება არ გაუკეთებიათ, საქართველოში მის გადმოსვენებაშიც არავის მიუღია მონაწილეობა. როცა ზელიმხანს 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ, დამნაშავეებს ხელი დააფარეს, საქმე არ გახსნეს და თავიანთი მოქალაქე არ დაიცვეს. ცხადი იყო, ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობდა და მის ინტერესებს იცავდა. დღესაც იგივე ხელისუფლება გვყავს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მკვლელობის საქმე ბერლინის კრიმინალურ პოლიციაში იყო, გამომძიებელმა მითხრა, არ გეგონოთ, საქმე საქართველოს მსგავსად გამოუძიებელი დავტოვოთ, რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა და პოლიტიკური კონიუნქტურა გამორიცხულიაო.

- რა იცით ვადიმ კრასიკოვზე?

- ის კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. კრასიკოვი რუსეთის მოქალაქეა და როგორც მედიაში წერენ, მას 2013 წელს მოსკოვში იმავე ხელწერით ჩაუდენია მკვლელობა - მაშინაც ველოსიპედით ყოფილა და ანალოგიური ჭრილობები მიუყენებია ყაბარდოელი ბიზნესმენისთვის, ალბერტ ნაზრანოვისთვის. ეს ოფიციალურად არ არის დადგენილი, მაგრამ ამბობენ, რომ მისი მკვლელიც ვადიმ კრასიკოვია.

- როგორც ვიცით, თქვენც გემუქრებათ საფრთხე და ამის შესახებ გაგაფრთხილეს კიდეც... - ჩემს ახლობელს დაუკავშირდა მეგობარი, მიუსამძიმრა და "უნამიოკა", გადაეცი ძალიან ფრთხილად იყოს, შემდეგ სამიზნედ ზურაბს ასახელებენო. მარტო ის ვიცი, რომ ის ადამიანი სანდო წყაროა და იცის, რა მიზნებიც აქვს რუსეთის სპეცსამსახურებს.

იხილეთ ასევე: "ჩემი ძმა რუსებმა ლამის ბინ ლადენს გაუთანაბრეს"

(სპეციალურად საიტისთვის)