საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა - რას აცხადებს შსს? - კვირის პალიტრა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა - რას აცხადებს შსს?

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა აზერბაიჯანის საავადმყოფოში უტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქის დაშავება და კონკრეტულად, საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდა ინციდენტი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შემთხვევით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

შსს-ს ცნობით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

"საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"