"გოგოსთან ერთად მიდიოდა ქუჩაში, რაღაც კონფლიქტი მოხდა და მოკლესო" - რატომ მოკლეს მოსკოვში ქართველი ბიჭი? - კვირის პალიტრა

"გოგოსთან ერთად მიდიოდა ქუჩაში, რაღაც კონფლიქტი მოხდა და მოკლესო" - რატომ მოკლეს მოსკოვში ქართველი ბიჭი?

მოსკოვში 34 წლის ქართველი მამუკა დარჩია მოკლეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მისი ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებიან. ახალგაზრდის მკვლელობას ყველა საშინლად განიცდის, თუმცა ჯერ არ აქვთ მეზობლებს ინფორმაცია ვინ და რატომ მოკლა სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა კაცი. ერთი ვერსიით, მამუკა ქუჩაში გოგოსთან ერთად მიდიოდა, როცა მას შემთხვევითი შემხვედრები აუშარდნენ და დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. მეორე ვერსიით, ახალგაზრდები რესტორანში ქეიფობდნენ, იქ მოხდა კონფლიქტი და ის ამ დროს მოკლეს.

მამუკა დარჩიამ ბავშვობა სოფელ ბაილეთში გაატარა. 12 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სკოლა იქ დაამთავრა. სოფელში მხოლოდ გარდაცვლილის ბებია ცხოვრობს, მას მამუკას მამიდებმა შეატყობინეს მომხდარი ტრაგედია. გადაწყვეტილია, რომ მოკლულ ახალგაზრდას ჩამოსვენებენ მშობლიურ კუთხეში და აქ მიაბარებენ მიწას.

ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ბაილეთში ზურაბ დარჩია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მკვლელობის დეტალები მისთვის უცნობია.

"გუშინ შევიტყვე, რომ მოუკლავთ მამუკა, ვიყავი სამძიმარზე ბებიასთან მისული, სადაც მთელი სოფელი იყო შეკრებილი. მომხდარის დეტალები არავინ იცის. დედ-მამასთან ერთად მოსკოვში დიდი ხანია ცხოვრობს. სოფელში გარდაცვალების სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. როგორც თქვეს, ქუჩაში ცივი იარაღით მოკლული უპოვიათ. ცოლ-შვილი არ ჰყავს. არც მის საქმიანობაზე ვიცი რამე. მშობლები ჩამოვლენ და ალბათ ისინი გვეტყვიან, რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი",- ამბობს ზურაბ დარჩია.

დარჩიების მეზობელი სოფელ ბაილეთში: "ძალიან კარგი ბიჭი იყო. 12 წლის ასაკში წავიდა აქედან, მანამდე აქ სწავლობდა სკოლაში. ჯერ მამამისი წავიდა, სამი წლის შემდეგ ცოლ-შვილი წაიყვანა. როგორც ვიცი, მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობდნენ. მას მერე სოფელში მამუკა იშვიათად ჩამოდიოდა, ბოლოს 2 წლის წინ იყო, სოფელში ყველა მოგვიკითხა, მოგვესიყვარულა, მართვის მოწმობაც აიღო და წავიდა. ეს ამბავი მამუკას მამიდებისგან შევიტყვეთ, ისინი ბათუმში ცხოვრობენ და ჩამოვიდნენ სოფელში, ბებიას გააგებინეს. ჩვენც არ ვიცით, კარგად, რა მოხდაო. მათი თქმით, გოგოსთან ერთად მიდიოდა ქუჩაში, რაღაც კონფლიქტი მოხდა და მოკლეს. მანამდე კი სოფელში სხვა ვერსია ითქვა, თითქოს სუფრასთან მომხდარი კონფლიქტისას მოუკლავთ. მამუკას ერთი და ყავს, რომელიც მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. წელს დაამთავრა სკოლა. ძალიან კარგი მშობლები ჰყავთ და როგორ გაანადგურებდნენ".

სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. "ყველას მოგვიკლა გული, ვერ ვითავისებ მამუკაზე წარსულში საუბარს... თვალწინ მიდგას ჩვენი ბუთქუჩა, თბილი და მუდამ მომღიმარი ბიჭი, მისი ბრიალა მწვანე თვალებით, რომელიც ყოველთვის სიკეთეს და სიყვარულს ასხივებდა, ვერასოდეს დაგივიწყებ, მამუ, სულ ჩემს გულში და გონებაში იქნები", - წერს ახლობელი.

რუსული პრესა ჯერჯერობით არაფერს წერს მამუკა დარჩიას მკვლელობაზე, უცნობია დააკავეს თუ არა სამართალდამცავებმა დამნაშავე.

(სპეციალურად საიტისთვის)