"კამერები დაათვალიერეს და ასე გაირკვა ბავშვის ვინაობა" - რა გახდა 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"კამერები დაათვალიერეს და ასე გაირკვა ბავშვის ვინაობა" - რა გახდა 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი?

15 წლის მოზარდი, რომელიც 12 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული. მედიკოსთა განცხადებით, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს. "მოზარდი კომატოზური მდგომარეობაში იყო როცა შემოიყვანეს, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანება. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა კლინიკის ექიმმა. ბიჭის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ იგი ამ მდგომარეობამდე პოლიციამ მიიყვანა და არასრულწლოვანზე ზეწოლაში სამართალდამცავებს ადანაშაულებენ.

"ბავშვი დიღმის პირველ განყოფილებაში მშობელთან ერთად დაიბარეს. საქმე შეეხებოდა "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებულ წარწერას. როდესაც მოზარდის დაკითხვა მშობელთან ერთად მიმდინარეობდა, ის კანონდარღვევას არ აღიარებდა, თუმცა ის სამართალდამცავებმა ცალკე გაიყვანეს, რის შემდგომაც ბავშვმა ბრალი აღიარა. პოლიციის განყოფილებაში ბავშვი დააშინეს თავის ძმით და ოჯახით", - ამბობენ ბიჭის ახლობლები.

ოჯახის წევრების თქმით, მოზარდი გარკვეული პერიოდი განმარტოებით ჰყავდათ პოლიციელებს და სწორედ მაშინ მოხდა მასზე ზეწოლა. მას ემუქრებოდნენ ძმით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, რის შემდეგაც აღიარა, რომ წარწერა სკოლის კედელზე ნამდვილად მან გააკეთა, თუმცა მეორე დღეს ეს ყველაფერი უარყო.

მომხდარის გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც გავარკვიეთ, 15 წლის მოზარდი თბილისის "მწვანე სკოლაში" სწავლობდა, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ სხვა სკოლაში გადიყვანეს.  სკოლის დირექტორი კახა დავითური აცხადებს, რომ ბავშვი სკოლიდან  მშობლებს კონფლიქტის გამო არ გადაუყვანიათ. ის ვერ ხსნის, რატომ უნდა გაეკეთებინა ასეთი წარწერები მოზარდს სკოლის კედლებზე. რატომ ჩარიეს პოლიცია და რა ხდებოდა ამ დღეებში, ამის გარკვევა სკოლის დრექტორთან ვცადეთ.

"მწვანე სკოლის" სკოლის დირექტორი კახა დავითური:

-  ბავშვი ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა, სხვა სკოლიდან დროებით გადმოიყვანეს. 2 დღის წინ სკოლაში რომ მოვედით, ვნახეთ ეს წარწერები. პოლიცია სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, რადგან წარწერებთან ერთად, დაზიანებული იყო კედლები და დაფები. როგორც წესია, ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, არ ვიცოდით, ეს ვინ გააკეთა, ამიტომაც ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც მოახდინა რეაგირება. კამერებიც დაათვალიერეს და ასე გაირკვა ბავშვის ვინაობა.

-  რა სახის წარწერები იყო?

- უხამსი სიტყვები პულივიზატორით იყო დაწერილი. მერე გავარკვიეთ, რომ მოზარდი წაყვანეს დაკითხვაზე.

-  თქვენი სკოლიდან უკმაყოფილო ხომ არ წავიდა და ეს მისი პროტესტი ხომ არ იყო?

- არა, მშობელმა წაიყვანა სხვა სკოლაში, თქვა, რომ გადასახადის გამო მიჰყავდა.

- როგორ დაახასიათებთ მოზარდს, ადრე რაიმე კანონდარღვევაში ხომ არ იყო მხილებული? ან თანაკლასელებთან ხომ არ ჰქონდა კონფლიქტი?

- ნორმალური ბავშვია, განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება და მისი კარგად გაცნობა ვერც მოვასწარით, რადგან ცოტა ხანი იყო ჩვენთან. მშობლისგან ვიცით, რომ სკოლაში კარგად გრძნობდა თავს, უბრალოდ, გადასახადის გადახდა ვერ შეძლეს. არ მგონია, თანაკლასელებთან პრობლემები ჰქონოდა.

-  წარწერებს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა?

-  ვინმესკენ მიმართული არ ყოფილა. ეს იყო ვანდალიზმი, ფრაზებს ვერ გეტყვით, რაც ეწერა, უხამსად ეწერა. გადავღებეთ იმავე დღეს ყველაფერი...

- სკოლას დარაჯი არ ჰყავს?

-  დარაჯი გვყავს, უბრალოდ, მისი ოთახი შემოსასვლელშია, დიდი ტერიტორია აქვს სკოლას, შემოღობილია და ყველგან დარაჯი ვერ იქნება. ბავშვი გადმოხტა ღობიდან. თვითმკვლელობა რომ სცადა, ეს მოგვიანებით გავიგეთ. მანამდე ვიცოდით, რომ დაკითხეს. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერიც იყო დაკითხვაზე, ის ამბობს, რომ დედასთან ერთად იყო ბავშვი მისული, მას მერე ცალკე დაიკითხა თუ არა, არაფერი ვიცით. დამრიგებელი დაუკავშირდა ოჯახს  და მასაც იგივე უთხრეს, რასაც ახლა მედიასთან ამბობენ. სხვას ვერაფერს გეტყვით.

მომხდარს საია გამოეხმაურა. მათი შეფასებით, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა.  ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე, ასევე, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

ამ სკანდალს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ მოზარდის გამოკითხვა ორჯერ მოხდა და ორივე შემთხვევაში მშობლის თანდასწრებით.

"10 დეკემბერს, 112"-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე. შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო "მწვანე სკოლის" კედლების მოხატვა. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა. მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს", - ამბობენ უწყებაში.

უკვე ისიც ცნობილია, რომ ოჯახმა გენერალურ ინსპექციასაც შეატყობინა 12 დეკემბერს მომხდარი და პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა. ახლა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა უნდა ჩაატაროს მომხდარის გამოძიება და გაირკვეს სიმართლე და რაც მთავარია, უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი, რატომ სცადა 15 წლის მოზარდმა თავის მოკვლა.

(სპეციალურად საიტისთვის)