სოფელი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს - კვირის პალიტრა

სოფელი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

"ჩვენმა მთავრობამ აქეთ მოგვიჩინა პოლიციის ეკიპაჟი, თუ რამე გაბედა სოფელმა, ხმა რომ ჩააკმენდინონ"

"ქართველ კაცს რო საკუთარ მიწა-წყალზე დაჩაგრავს მთავრობა, იმას რო აყურებინებს, სხვა ტომის წარმომადგენელი უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში გყავს, კაცს შუღლი გაუჩნდება გულში, აბა, რა იქნება?"

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემათა მიჩუმათებამ თუ გულგრილობამ არა მარტო საზღვრისპირა სოფლებში დაძაბა და გაამწვავა სიტუაცია. ხორნაბუჯის ტრაგედია ისეთივე აქტუალური და ცხელია, როგორც საზღვრისპირა ერისიმედისა. მოგეხსენებათ, შუბი ხალთაში ვერ დაიმალება და ამიტომაც გვსურს, ეს პრობლემები (რომლებიც ზოგჯერ ტრაგედიაშიც გადაიზრდება ხოლმე) საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ. დაგვეთანხმებით, მედიის პირდაპირი მოვალეობაც ეს გახლავთ.

გასულ კვირას, კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში საქართველოს მოქალაქე ილგარ ასან ოღლი ქარიმოვმა ოთხი კაცი ჩაცხრილა და მიიმალა. 23 წლის მურად შანშაშვილი, 24 წლის ილია პაპუაშვილი და 36 წლის ვაჟა ნატროშვილი მაშინვე დაიღუპნენ, ხოლო 26 წლის ნიკოლოზ პაპუაშვილი ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია და დღემდე სიკვდილს ებრძვის.

KvirisPalitra.Geდანაშაულში ბრალდებული 25 წლის ილგარ ასან ოღლი ქარიმოვი  მკვლელობიდან მეორე დღეს სოფელ ყარაჯში, საქონლის ფერმაში დააკავეს სამართალდამცავებმა. ქარიმოვს ჩამოართვეს ნივთმტკიცება - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 ვაზნით.

გავრცელებული ინფორმაციით, ყარაჯელი ილგარ ასან ოღლი ქარიმოვი ავტოგასამართ სადგურზე არასამუშაო დროს მივიდა და მანქანის საწვავით შევსება მოითხოვა, უარის შემდეგ კი სადგურის ოპერატორსა და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქარიმოვს უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამივე დაღუპული სოფელ ქვემო მაჩხაანიდან არის. სოფელში ხუთშაბათს, დღის 2 საათზე ჩავედით. იმ საზარელი ტრაგედიის სიტყვით გადმოცემა ძნელია. იმ დღეს დაცარიელებულ სოფელში შარაგზაზე სკამზე ჩამომჯდარი ორი მოტირალი შავოსანი მოხუცი იყო სოფლის სახე. ორივე დაღუპულებს გლოვობდა. სამი ცხედარი ეკლესიიდან ერთდროულად გამოასვენეს. სოფელი თავზარდაცემული და დამუნჯებული იყო.

მხოლოდ ილია პაპუაშვილის დედის გოდება ისმოდა, დამიბრუნეთ შვილი, ჩემი შვილი მინდა! მურად შანშაშვილის ტირილისაგან დაოსებულ დედას ხმაც ჩასწყვეტოდა. ვაჟა ნატროშვილი სოფელ არბოშიკში გადაასვენეს - მამის გვერდით დასაკრძალავად. ილია პაპუაშვილი და  მურად შანშაშვილი კი  ერთმანეთის გვერდიგვერდ დაკრძალეს ქვემო მაჩხაანის სასაფლაოზე.

ახლა სოფელში ყველას ერთი აზრი აქვს, ერთი გრძნობა უტრიალებს გულში. "ამისთანა KvirisPalitra.Geუბედურება არ ახსოვს ჩვენს სოფელს. რამდენიმე წლის წინ ჩვენი სოფლიდან ორი ახალგაზრდა დაიღუპა ავტოავარიაში, ეს ვერ მოვინელეთ დღემდე, ახლა კი სამი ვაჟკაცი მივაბარეთ მიწას, რისი გულისთვის, ღმერთო?" -  მითხრეს სოფლის უხუცესებმა.

ჩვენც მათგან შევეცადეთ, დაწვრილებით შეგვეტყო, რა მოხდა იმ დღეს ავტოგასამართ სადგურზე.

"იმ დღეს ბიჭები ხორნაბუჯში სამუშაოდ წავიდნენ ნაკვეთებში, საღამოს კი სოფელში სამი ცხედარი მოასვენეს. თურმე ბიჭებმა საღამოს მეგობართან გამოიარეს, ცოტა იქეიფეს და შინ დაბრუნებას აპირებდნენ, როცა ქარიმოვი ავტოგასამართ სადგურში მისულა და ბენზინი მოუთხოვია. ბიჭები მხოლოდ და მხოლოდ გამოესარჩლნენ მეგობარს.

ქარიმოვს 50 მეტრი გაუვლია, ავტომანქანასთან მისულა, ავტომატი აუღია, მობრუნებულა და იქვე ჩაუხოცავს ბიჭები", - მიამბო დაღუპულების თანასოფლელმა. გაბოროტებული სოფელი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

ამ ტრაგედიას უფრო შორს მიმავალი ფესვები აქვს და, ვფიქრობთ, უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს.

ზემომაჩხაანელებს სახნავ-სათესი და ვენახები ხორნაბუჯში აქვთ. სოფელ ზემო მაჩხაანიდან ხორნაბუჯამდე 8 კილომეტრია. ბევრი სიშორის გამო მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს, უპატრონოდ დარჩენილ მიწებს კი, იქაურების თქმით, აზერბაიჯანელი მოსახლეობა ეპატრონება: "გამწარებული ვართ მთელი  სოფელი. 50 კაცი დედოფლისწყაროში ჩავედით, ლინჩის წესით ვითხოვდით გასამართლებას. პოლიციის უფროსმა კიდე, თქვენა ჭკუით იყავით, თორემ იქით დაგიჭერთ სუყველასაო.

კანონიც ჩვენა ვართ და სამართალიც, დამნაშავე დაკავებული გვყავს და რა გინდათ, რისთვის მოხვედით აქაო? ეს კი გვესმის კარგათა,  XXI საუკუნეში ლინჩის წესი რა დროსია, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია. ქართველ კაცს თავის მიწაზე ხმა ვეღარ ამოუღია. ჩვენს სოფელს მიწები ხორნაბუჯში აქვს. ამ ბოლო დროს იქ აზერბაიჯანელები მომრავლდნენ.

დაუჩემებიათ, ჩვენ აქა საძოვრები გვაქვსო. მე შენ გეტყვი და იმუშავებ და მოსავალს აიღებ! ან მოგპარავენ, ან რასაც ვერ მოიპარავენ, ღობეს გაარღვევენ,  საქონელს შეუსევენ და აოხრებინებენ იქაურობას. რამდენჯერ მივმართეთ გამგეობას, პოლიციას, მაგრამ რად გინდა.

თუ არ მოგვხედეს, აქ კიდე დატრიალდება ტრაგედია, ისეთი, მარნეულში რო მოხდა. ხომ გახსოვთ, სვანმა კაცმა რომ ცემით ორი აზერბაიჯანელი მოკლა ნაკვეთში. ერთ დღესაც გადავიდა კაცი ჭკუიდანა, რამდენჯერ მივიდა, იმდენჯერ გაჩანაგებული დახვდა მოსავალი. ასეთი უბედურება ატყდება აქაც.  ამოუვა ერთ დღესაც მოსახლეობას ეს ყველაფერი ყელში. ხალხი 8 კილომეტრს გადის, მიწა რომ დაამუშაოს, წვალობს, წელებზე ფეხს იდგამს, მერე კიდე, მოსავალს რომ მოიყვან და იმასაც ისე გაგიჩანაგებენ, რომ პასუხის მომთხოვნი არ იქნება არავინ, რა უნდა ქნას ადამიანმა?

ოჯახი არ მოიძებნება აზერბაიჯანულ სოფელში, რომ ავტომატი და ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდეს სახლში. სუყველამ იცის ეგა.

ეს ტრაგედია რო დატრიალდა, პოლიციას ვუთხარით, რატო არ შედიხართ და არ ამოიღებთ ამ იარაღს-მეთქი. აქეთ შემოგვიტიეს, რომ არ აღმოაჩნდეთ იარაღი, თქვენ დაგიჭერთ ცილისწამებისთვისაო, მაშ, ცილისწამება არა?

აბა, საიდან ჰქონდა ავტომატი იმ ნაძირალას? ისე არიან გათამამებული და გადიდგულებული, რომ მანქანითაც დაატარებენ. იციან, რო ქვეყანა ქვეყანას არა ჰგავს და ქართველი კაცის გარდა ყველა აქ ბოგინებს. მაგათთვის რომ ავტომატები და იარაღი წაერთმიათ თავის დროზე, ეს უბედურება ხო არ დატრიალდებოდა? დიდი-დიდი მუშტი-კრივს გამართავდნენ და ეგ იქნებოდა. პირდაპირ მანქანაში ედო ის ავტომატი, ამოიღო და იქვე ჩახოცა ეს  საჯიშე ბიჭები.

ეს რომ ქართველს ჩაედინა, ხომ ააწიოკებდნენ მის სოფელს დედაბუდიანად? ეს ამბავი რომ მოხდა, მეორე დღეს  ყარაჯში აზერბაიჯანული სოფლებიდან 40 მანქანით ჩავიდნენ აზერბაიჯანელები მკვლელის დასაცავად, შეამოწმა ვინმემ, რა ჰქონდათ იმ მანქანებში? ხმას ამაიღებ თუ რა? ჩვენმა მთავრობამ აქეთ მოგვიჩინა პოლიციის ეკიპაჟი, თუ რამე გაბედა სოფელმა, ხმა რომ ჩააკმენდინონ.

მთავრობა, იმის მაგივრად, დაგიცვას და გვერდში დაგიდგეს, პირში ბურთსა გჩრის, ეროვნული შუღლის ჩამოგდებას ცდილობთო.

ეროვნული შუღლი მართლა გაჩნდება აქა, თუ დროზე არ მოგვხედეს. რას ვითხოვთ? თანაბარ პირობებში ჩააყენონ ქართველი და აზერბაიჯანელი, სხვას არაფერს! განცხადებას რო დავწერ, გამქურდეს და გამაჩანაგეს-მეთქი, დამნაშავე ალაგმონ.

იარაღი თუ ჩვენთვის არ შეიძლება, აზერბაიჯანელი რა, საქართველოს მოქალაქე არ არის?

ქართველი კაცი თავის მიწაზე შევიწროებული და დაბეჩავებულია.

რამდენჯერ მივმართეთ პოლიციას, რამდენი განცხადება შევიტანეთ, მოგვხედეთ, გაგვაჩანაგეს-მეთქი, მაგრამ რად გინდა, მოგვაქცია ვინმემ ყურადღება? ქართველმა კაცმა რომ ერთი ბოთლი ლუდი მოიპაროს, ციხეში ამოალპობენ, ამათ კიდე გაგვცალეს, ჩვენი ნაშრომი მაგათ მიაქვთ და უბატონოდ ხმას არავინ სცემს. ეგენი ავტომატებით შეიარაღებული დადიან, ჩვენ კიდევა მთავრობის შიშით სახლში შემოვარდნილი მგელი ვერ მოგვიკლავს.

ეროვნული შუღლის გაღვივება ამაზე მეტი რა გინდათ?! ეროვნული შუღლის გამღვივებლები თვითონ არიან თავის არათანასწორი ქცევითა. ქართველ კაცს რო საკუთარ მიწა-წყალზე დაჩაგრავს მთავრობა, იმას რო აყურებინებს, სხვა ტომის წარმომადგენელი უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში გყავს, კაცს შუღლი გაუჩნდება გულში, აბა, რა იქნება?

გამწარებულია სოფელი. ამ სამი ქართველის სისხლიც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მთავრობას ხელი გამოეღო და ყველასთვის ადგილი მიეჩინა.

რატომ არ ამოწმებენ აზერბაიჯანულ სოფლებს? ყველამ იცის, რომ სავსეა იქაურობა იარაღითა და ტყვია-წამლით.  ეს პირველი შემთხვევაც არ არი.

სწორედ მაგ სოფელში რამდენიმე ხნის წინ კიდე მოკლა ავტომატით ერთმა აზერბაიჯანელმა ქართველი კაცი, მაგრამ ის ამბავი არ გახმაურებულა. დავიჭირეთ დამნაშავეო. გააცოცხლებენ ახლა იმ ბიჭებსა თუ რა? სოფელმა კიდე რა უნდა ქნას? - უძლურია, დაბეჩავებული და დაბოღმილია".