"მეუბნებოდნენ, ჩოლოიანი ქვეყნიდან წასულიაო, თურმე ისევ გამომძიებლად მუშაობდა" - რას ჰყვება ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე ყოფილი პოლიტპატიმარი? - კვირის პალიტრა

"მეუბნებოდნენ, ჩოლოიანი ქვეყნიდან წასულიაო, თურმე ისევ გამომძიებლად მუშაობდა" - რას ჰყვება ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე ყოფილი პოლიტპატიმარი?

15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და სასამართლო მალე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და ამ უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პირობას დებს, რომ ყველა დეტალი გაირკვევა და ყველა დამნაშავე დაისჯება. თავად ბრალდებული გამომძიებელი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ისიც ცნობილია, ბრალის წარდგენის შემდეგ ის ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მისი დაკავება ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, არადა, წინა დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მინისტრის მოადგილე ირწმუნებოდა, - პოლიციაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარაო. იგივეს ამბობდა, თავად საქმის გამომძიებელი ჩოლოიანი "იმედის" ეთერიდან და საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ბავშვი მშობლის გარეშე არც ერთი წუთით არ ყოფილა და არასრულწლოვანზე არანაირი სახის ძალადობა არ ყოფილა. დღეს რეალობა უმძიმესია, მთელი ქვეყანა შეძრულია მომხდარით და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

გამომძიებლის ვინაობის გახმაურების შემდეგ გაირკვა, რომ მარიანა ჩოლოიანის მისამართით სხვა ბრალდებულებსაც ჰქონიათ ადრე პრეტენზიები და წლების განმავლობაში მის დასჯას უშედეგოდ ითხოვდნენ. გამომძიებელი ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში. გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ის 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. 2011 წელი, ნაცემი ნიკა გოგუაძე

2013 წელს ნიკოლოზ გოგუაძე პოლიტიკურ პატიმრად სცნეს და ის პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, არადა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლომ მას 12 წელი მიუსაჯა. როგორც ირკვევა, გათავისუფლების შემდეგ ნიკოლოზ გოგუაძე უწყებიდან უწყებაში დადის და ითხოვს დაზარალებულად ცნობას, დამნაშავე გამომძიებლების და პოლიციელების დასჯას, თუმცა ეს საქმე წლებია თაროზეა შემოდებული და არც ერთი დამნაშავე ძალოვანი ამ საქმეზე არ დასჯილა. ნიკა გოგუაძეს, თურმე პროკურატურაში არწმუნებდნენ, რომ მარიანა ჩოლოიანი სისტემიდან წასული იყო და საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდა, თუმცა დღეს ირკვევა, რომ ის ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას.

- ნიკა, როგორც ირკვევა, თქვენს საქმეში ფიგურირებს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც დღეს ბრალდებულის სკამზე ზის, იქნებ გვითხრათ, ახდენდა თუ არა ის თქვენზე ზეწოლას?

- ეს ქალი რეალურად მხოლოდ ჭანჭიკია, ის არის ბრძანების შემსრულებელი, იძიებდა ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეს. ჩოლოიანს შევხვდი მთავარ სამმართველოში, სადაც მიმიყვანეს დაკითხვაზე. მან დაიწყო ჩემი გამოკითხვა, ვერანაირად რომ ვერ აკმაყოფილებდა ჩემი პასუხები... არც შეურაცხყოფა მოუყენებია და არც ხელით შემხებია, მაგრამ ოთახიდან გადიოდა და ამის მერე შემოდიოდა მისი დამრტყმელი ძალა, რომლებიც ფიზიკურად მისწორდებოდნენ, მერე ისინი გავიდოდნენ, დაბრუნდებოდა ისევ ჩოლოიანი ოთახში, ვითომ არაფერი მომხდარა და ისე აგრძელებდა დაკითხვას.

ასე გრძელდებოდა თითქმის 2 დღე-ღამის განმავლობაში, მანამდე ვიდრე არ დაწერეს ის ჩვენება, რაც თვითონ შეადგინეს. ჩემი გაუთავებელი ცემა-წამება რომ დამთავრებულიყო იმ დაწერილისთვის უნდა მომეწერა ხელი. ვინც დაზიანებები მომაყენა იგივე პოლიციის სხვა თანამშრომლები იყვნენ, ყველას ვინაობა ცნობილია, მაგრამ აბსოლუტურად ყველამ შეინარჩუნა თანამდებოდა დღემდე, ზოგი დაწინაურებულია და გადასულია სხვა დეპარტამენტში.

არც ერთ მათგანს პასუხი არ უგია. შემიძლია ვთქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად, ხელი დააფარა და შეინახა ეს დამნაშავეები, უწყების გადმონაშთები და აგრძელებენ მუშაობას იგივე მეთოდებით. სისტემაა ასეთი ბინძური, რომელიც გადმოიბარა "ქართულმა ოცნებამ" და არ შეეცადა მის გაწმენდას. ჩოლოიანის გარდა სხვა ბევრი ადამიანი ფიგურირებს ჩემს საქმეში, რომლებსაც უფრო დიდი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ არ დასჯილან. ჩოლოიანმა კარგად იცოდა რა ხდებოდა, როცა ოთახიდან გადიოდა და მერე შემოდიოდა, ან ზოგჯერ მე გამათრევდნენ და მერე ნაცემი, განადგურებული შემოვყავდით, მაგრამ ის თვალს ხუჭავდა ყველაფერზე, რადგან მიზანი მხოლოდ ერთი იყო, უნდოდა მიეღო ის ჩვენება, რაც უნდოდა. აბსოლუტურად ყველაფერი გამოძიებულია, თავიდან ბოლომდე გარკვეულია ყველა დამნაშავე, უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის, რომ ბოლომდე მივიდეს ეს საქმე და დამნაშავეები დაისაჯონ.

- ნიკა თქვენ სერიოზული დაზიანებები გქონდათ, სხეულზე სისხლჩაქცევები, მენჯი დაზიანებული, ეს ყველაფერი ამ განყოფილებაში მიიღეთ და არ ასახა გამომძიებელმა ჩოლოიანმა საქმეში?

- საქმეს აყალბებდა ჩოლოიანი, დაზიანებები მარტო მთავარ სამმართველოში არ მიმიღია, ბევრ ადგილას მომიწია ყოფნა ქარელის პოლიციაშიც ვიყავი, ყველგან მცემდენ უმოწყალოდ და მისწორდებოდნენ ფიზიკურად, ბოლო გაჩერება იყო მთავარი სამმართველო, ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს, უბრალოდ, იქ კიდევ უფრო მეტი დამიმატეს, პრაქტიკულად გათიშული ვიყავი, გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი, ისევ იწყებოდა დაკითხვა. საშინელება გამოვიარე.

- თქვენს სასამართლო პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი ჩოლოიანი, მას სინანული შეატყვეთ? აღიარა თქვენზე ძალადობა რომ ხდებოდა?

- მისი დაკითხვის ოქმიც კი მაქვს დღემდე შენახული, ის უტიფრად იტყუებოდა სასამართლო პროცესზე. ჩემი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე ჰკითხავდა და ყველაფერს უარყოფდა, რომ ჰკითხა, - ვინ შემოიყვანა თქვენთან კაბინეტში ნაცემი ნიკოლოზიო, - უპასუხა, არ მახსოვს, მგონი, არანაირი დაზიანება არ ჰქონდაო. ურცხვად იტყუებოდა ყველაფერს. წარმოიდგინეთ, ამ დრომდე იმას ვერ მივაღწიე, რომ დაზარალებულად ვეცნე სახელმწიფოს. დაზარალებულად რომ მცნონ, უნდა დააკავონ ის პირები, ვინც ჩემზე იძალადა, ეს კი არ უნდათ. წარმოიდგინეთ, 7 წელია დამნაშავეების დასჯას ვითხოვ, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ დაასწრო ადგილობრივ განაჩენს. მითითება აქვთ რომ მიიყვანონ საქმე ბოლომდე, მაგრამ მაინც ძვრა არ არის. ჩემი საქმე რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, წამების ეპიზოდი ძიებაშია, ყინწვისის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ვითხოვთ და ეს პროცესები სასამართლოში მიდის, გვინდა მოხდეს რეაბილიტაცია, სამწუხაროდ, პროკურატურის ოფიციალური პოზიცია ასეთია, ისევ მხარს უჭერენ "ნაციონალების" მიერ წაყენებულ ბრალს დღესაც მაშინ, როცა მე პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მაქვს. ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში ვარ. 20 დეკემბერს არის ჩვენი სასამართლო პროცესი, სადაც მოვითხოვ გამართლებას.

- ჩოლოიანს მძიმე ბრალი აქვს წაყენებული, რას იტყვით ამაზე?

- დადებული პირობა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, არ აღდგა. აბსოლუტურად ძველი კადრებით არის გავსებული ყველა უწყება, მაშინ რომ დაესაჯათ ჩოლოიანი ჩემს საქმეზე, ეს არ მოხდებოდა. ინფორმაცია მქონდა რომ მარიანა ჩოლოიანი იყო საქართველოდან წასული. ვიკითხე პროკურატურაში ახლა სად მუშაობს-მეთქი, პროკურატურაში მითხრეს, საქართველოდან წასულიაო, თურმე ტყუილი ყოფილა და აგრძელებს სხვა განყოფილებაში მუშაობას. ასე აფარებენ ხელს დამნაშავეებს.

იმას ნამდვილად არ დავუშვებ, რომ ფიზიკურად შეეხო იმ ბავშვს, მაგრამ მარიანას და მის მეგობრებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ბადალი არ ჰყავთ, ეს მათი სპეციალობაა. მარიანას შესაძლებლობები შეზღუდული იყო, მე მაშინ 30 წლის ვიყავი და იმდენად ვერ მოახდინა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამიტომ ეთიშებოდა დაკითხვის პროცესს და ჩემთან უშვებდა ფიზიკურად მოძალადეებს. მარიანა შემსრულებელია, მარტო მასზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი, მის მიღმაც არის ბევრი ადამიანი, ვინც ძალადობს ხალხზე. ის თანამონაწილეა ამ ყველაფრის. ბავშვის შემთხვევაშიც ამბობენ, გაყვანილი ჰყავდათ ცოტა ხნითო, მარიანამ კარგად იცის, რატომაც გაიყვანდნენ ბავშვს. იმხელა ტრაგედია მოხდა, ამას დეტალური გამოძიება სჭირდება. მაშინ ვიყავი 30 წლის და ეს პატარა ბიჭი 15 წლის იყო, ის ვერ მოექცეოდა ბავშვს ისე სასტიკად, როგორც 30 წლის კაცს მექცეოდა, თუმცა ბავშვის ფსიქიკა გაცილებით მყიფეა...

2013 წელს გამოვედი ციხიდან, 7 წელი გავიდა, ვითხოვ დამნაშავეების დასჯას, მაგრამ არავინ დასჯილა და ამ დაუსჯელობის შედეგია  ეს ტრაგედია.

(სპეციალურად საიტისთვის)