"იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ მივიღეთ გამომძიებლის დაკავების გადაწყვეტილება, ვერ დავეთანხმები" - კვირის პალიტრა

"იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ მივიღეთ გამომძიებლის დაკავების გადაწყვეტილება, ვერ დავეთანხმები"

იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა მარიამ ჩოლოიანის დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. ამიტომ იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები.

ვმუშაობთ მართლა 24 -საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირის დაკავებას, რომლის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თვითდაზიანება მიიყენა დაღუპული მოზარდის მეგობარმაც.

"ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა დაზიანებები,"- აღნიშნა მან.

ლონდა თოლორაიას შეხვედრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან უკვე დაიწყო და მას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილიც ესწრება.

"ინტერპრესნიუსი"