15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, "მწვანე სკოლის" დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, "მწვანე სკოლის" დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას განმარტების ან ჩვენების მიცემას, "მწვანე სკოლის" დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს "112"-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო "მწვანე სკოლის" კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მოზარდი გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"