რატომ ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური "მწვანე სკოლაში" შემოწმებას? - კვირის პალიტრა

რატომ ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური "მწვანე სკოლაში" შემოწმებას?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ახორციელებენ "მწვანე სკოლაში" შემოწმებას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ჩახუნაშვილმა განაცხადა, გამოძიების ფარგლებში, სკოლის მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის და მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები.

მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილებაა შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება.

"გატარებული ღონისძიებების და არსებული შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით, როდესაც ხელთ გვექნება არსებული შედეგები და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება. ჩვენ კამერების ამოღებას არ ვახორციელებთ.

მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით, რაც ეხება არასრულწლოვნებს. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად გამოკვლეული გარემოებები, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ადგენს კონკრეტულ წესებს და პირობებს, რა შემთხვევაშია დასაშვები ვიდეოთვალთვალი და სწორედ ამ კანონმდებლობით დადგენილ წესებს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური",- განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"