"ჩხუბი იმის გამო დაიწყო, რომ ცოტნეს ღვინო დაუწუნეს" - კვირის პალიტრა

"ჩხუბი იმის გამო დაიწყო, რომ ცოტნეს ღვინო დაუწუნეს"

19 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, საღამოს 7 საათზე, საკუთარ სახლთან, გალის ქუჩაზე დაჭრეს. ცოტნე გამსახურდია მრავლობითი ჭრილობებით ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ორი გადაუდებელი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მას მრავლობითი დაზიანებები დანითა და ბლაგვი საგნით თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობა ბრალად ედება ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, კახა ჩხეტიანს, პეტრე ყუფარაძესა და თორნიკე ქვათაძეს. დაკავებულთაგან სამი სარფში დააკავეს. როგორც ჩანს, ისინი მიმალვას აპირებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვაჟა არობელიძე, დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი: "ცოტნე და პეტრე მეზობლები და ბავშვობის მეგობრები არიან. დაჭრილი მან წაიყვანა საავადმყოფოში, პოლიცია რომ მივიდა, იქ იყო. ეს დანაშაულის დაფარვა არ არის, ფაქტობრივად, ყუფარაძემ გადაარჩინა ცოტნე. ის არც დაჭრას შესწრებია და არც დამჭრელი დაუნახავს. თქვა, რომ ჩხუბი იყო და როცა გასაშველებლად მივიდა, ისინი გაიქცნენ, ცოტნე კი ჩაიკეცა... პეტრე ყუფარაძე მხოლოდ ერთ დაკავებულს იცნობს, რომელიც მისი მეზობელია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული".

ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი რომან ნადირაძე მედიასთან აცხადებს: "ბრალდებულის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. კატეგორიულად გამაფრთხილა, რაიმე არ ვთქვა. პოლიტიკური მოტივი არ არის".

მძიმედ დაჭრილი ცოტნე გამსახურდია მეზობლებმა ნახეს, თუმცა ამბობენ, რომ დანაშაულის ფაქტს არ შესწრებიან. როგორც გალის ქუჩის მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულებიდან ორი - ყუფარაძე და ჩხეტიანი ერთუბნელები და ცოტნეს მეგობრები არიან, დანარჩენი სამი - ღარიბაშვილი, ქვათაძე და სოლოღაშვილი - სტუმრები. სწორედ ისინი დააკავეს სარფში. მეზობლების თქმით, კამათი სუფრაზე დაიწყო.

კოკო გამსახურდია, ცოტნეს ძმა: - ვინც ცოტნე იპოვა, იმ ახალგაზრდამ თქვა, რომ მას თავდამსხმელები არ დაუნახავს. ცოტნე უკვე გონდაკარგული იყო და ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო... დაუჯერებელია, რომ ორი კაცი გლადიატორივით იბრძოდა და დანარჩენები შორიდან უყურებდნენ.

ანა ჯაბაური, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: - მეზობლის დაბადების დღეზე რა მოხდა, არ ვიცი. მერე შემობრუნდა, გავიდა და მას ეს ჯგუფი ჭიშკართან დახვდა, ეტყობა, გამოჰყვნენ და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნეს ერთმა კაცმა სცემა და ოთხი უყურებდა. ცოტნე ძალიან ძლიერია, მას ერთი კი არა, სამი კაციც ვერ მოერეოდა. ის ბრძოლის ველიც ვნახე, რომელიც ჭიშკართან იყო. ბევრ ადგილას იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნებიც კი. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა. ეს არის ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

რას ჰყვება სისხლიანი დაპირისპირების მოწმე

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენებით, რომელიც "ინტერპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. ჩვენებაში მ.ხ. ჰყვება, რომ ისინი ერთ სუფრაზე მოხვდნენ და ცოტნე გამსახურდიამ მათ "კარგი ღვინის მიტანა" შესთავაზა, თუმცა ღვინო სუფრის წევრებს არ მოეწონათ, რამაც ცოტნე გამსახურდია გაანაწყენა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო.

მ.ხ.: "ბავშვობიდან ვმეგობრობ კახა ჩხეტიანთან, მასთანაც ნათელმირონობაც მაკავშირებს... 20 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ჩემს მობილურზე უცნობი ნომრიდან დარეკა კახა ჩხეტიანმა და მითხრა, რომ თუ სახლში ვიქნებოდი, მოვიდოდა... დაველოდე კახას, რომელიც მოვიდა 12 საათისთვის მარტო, ფეხით... ამის შემდეგ გავშალე სუფრა და კახას კატეგორიულად მოვთხოვე მოეყოლა ყველაფერი და აქა-იქ ნუ მელაპარაკებოდა. კახამ მიამბო შემდეგი: 19 დეკემბერს ყოფილა მისი გარდაცვლილი ძმის, ბადრის დაბადების დღე, რის გამოც კახა და მისი მეზობელი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, წასულან ბადრის საფლავზე, დაუნთიათ სანთლები და მალევე უკან, მათ უბანში დაბრუნებულან. გზად შეუძენიათ სამწვადე... ისინი დამსხდარან ცოტნე გამსახურდიას სახლის ანუ კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც თურმე უბნელები იკრიბებიან. სუფრის დროს ძმებ ქვათაძეებს დაურეკავთ კახასთვის და უკითხავთ, სად იყო, რაზედაც კახას უპასუხია, რომ სასაფლაოზე სანთლები დაენთოთ და ჩასულიყვნენ იქ, სადაც ქეიფს აპირებდნენ. ამასობაში კახასთან მისულან სხვა უბნელებიც. ერთ-ერთ მეზობელს, ვანო კორინთელს უნდა მიეტანა სუფრაზე ღვინო. ამ დროს იქ უკვე მისულან ძმები ქვათაძეები და მათი მეგობარი ტატო ღარიბაშვილი, რომელიც ფეხებზე ოპერაციის გამო "კასტილებით" მივიდა. ვანო კორინთელის მოსვლამდე მისულა ცოტნე გამსახურდია, რომელსაც თავის მხრივ, კახასთვის შეუთავაზებია კარგი ღვინის მიტანა. კახას მიუცია ჭურჭელი და ცოტნესაც მოუტანია ღვინო, რომელიც, როგორც კახამ თქვა, არც ერთ სუფრის წევრს არ მოსწონებია. ამის გამო დაუწყიათ კორინთელის მოტანილი ღვინის დალევა, რაზედაც ცოტნე განაწყენებულა, დამჯდარა ცალკე, მოუთხოვია მისი მიტანილი ღვინო და დაუწყია დალევა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სუფრაზე მჯდომს უთხოვია მისთვის სუფრასთან მისვლა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, სუფრასთან მჯდომ აზერბაიჯანელ პირს უთქვამს ძმები ქვათაძეებისთვის, რომ აღნიშნული სუფრიდან ეპატიჟებოდა მის სახლში, ვინაიდან გარკვეული სიმპათიები გამოუხატავს ახალგაზრდების მიმართ. ამაზე ცოტნეს ირონიულად უთქვამს, წამოდით, მეც გამოგყვებით, გაგაცილებთო. გიორგი ქვათაძეს ცოტნესთვის გადაუხდია მადლობა და უთქვამს, რომ არსად წასვლას არ აპირებდა... ამის შემდეგ ცოტნე ამდგარა და წასულა, რაზედაც სუფრის ყველა წევრს შვებით ამოუსუნთქავს, რადგან მთელი სუფრა ცოტნეს უხეში და უზრდელი საქციელით ყოფილან დაძაბული. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ქეიფს მორჩენილან და გარეთ გამოსულან უბანში, ამ დროს ცოტნეც გამოსულა სახლიდან და გიორგი ქვათაძისთვის უთქვამს ხალხში, არასწორი ბიჭი ხარო, რაზედაც კახას და იქ მყოფებს უთხოვიათ როგორც გიორგისთვის, ისე ცოტნესთვის, რომ დაწყნარებულიყვნენ და არაფრის გამო არ გადაეზარდათ სიტუაცია ჩხუბში, გიორგის კი უთხოვია კახასთვის, რომ მხოლოდ კითხვას დაუსვამდა ცოტნეს, თუ რას უშავებდა და რატომ უწოდა არასწორი, რაზეც უცებ ცოტნეს ორჯერ ზედიზედ ხელი დაურტყამს გიორგისთვის თავისა და სახის არეში, თან შეუგინებია დედა. ამ დროს ცოტნესთან ახლოს მდგარა ტატო ღარიბაშვილი, რომელსაც მეგობრის ცემის დანახვაზე ცოტნესთვის თავში ჩაურტყამს ყავარჯნები. გამართულა ხელჩართული ჩხუბი და ამ დროს, როგორც კახამ მითხრა, დავინახე, გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელებს ცოტნეს სახისკენ და თავისკენ, მაგრამ, ვერ დავინახე, რა ეჭირა ხელშიო. ერთ მომენტში გიორგი გვერდით გაუთრევია ძმას, თორნიკეს, ხოლო დანარჩენებმა გავაშველეთ ტატო და ცოტნეო. შემდეგ რამდენიმე მეტრის გავლისას ისევ ტატოსა და ცოტნეს შორის დაწყებულა ჩხუბი, რა დროსაც ორივე მათგანი წაქცეულა. შემდეგ ტატო ამდგარა ფეხზე და ყველა ერთად, ანუ კახა, გიორგი და თორნიკე ქვათაძეები და ტატო ღარიბაშვილი გაქცეულან შემთხვევის ადგილიდან ისე, რომ ტატოს ყავარჯნები ადგილზე დარჩენია. მათ იქვე გაუჩერებიათ ტაქსი, რითაც წასულან შემთხვევის ადგილიდან. კახას ტაქსში უნახავს, რომ ყველა მთლიანად სისხლიანი იყვნენ და გაკვირვებულს გიორგისთვის უკითხავს, ბიჭო, დანას ხომ არ ურტყამდი თავშიო>? გიორგი დათანხმებულა, ანუ როდესაც კახას დაუნახავს, რომ გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელს, მას ხელში ნამდვილად დანა სჭერია და ამის გამო იყო ყველა გასისხლიანებული ცოტნეს სისხლით. როგორც კი კახას დანის ხმარების ფაქტი გაუგია, შეშინებულან და წასულან დუშეთში, თუმცა არ ვიცი, ვინ წაიყვანა, რითი წავიდნენ და ვისთან მივიდნენ... აქვე მოგახსენებთ, რომ როგორც კახამ მითხრა, თორნიკე ქვათაძეს და თავად კახას ცოტნესთვის ხელი ან რაიმე საგანი არ დაურტყამთ, ისინი აშველებდნენ მათ, მხოლოდ ტატოს ჩაურტყამს ყავარჯნები და ფიზიკურად გასწორებია, ხოლო გიორგის დაურტყამს დანა". (სტილი დაცულია)

"ინტერპრესნიუსმა" მოიპოვა კიდევ ერთი პირის, დ.ა.-ს ჩვენება, რომელიც პირადად შეესწრო გამსახურდიას დაჭრის ფაქტს. მისი განცხადებით, "დაინახა, როგორ მისდევდა ცოტნე გამსახურდია ხელჯოხით წვერებიან მამაკაცს", თუმცა "წვერებიანმა მამაკაცმა მას მარცხენა ხელით მოქაჩა კისერში, ამავდროულად, ფეხი დაუდო და გადაქაჩა უკნიდან, რა დროსაც მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა ცოტნე გამსახურდიას".