ტრაგედია, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს! - კვირის პალიტრა

ტრაგედია, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს!

"ატირებულმა დედას უთხრა, ვაღიარებ იმიტომ, რომ ჩემი ძმა არ დაისაჯოსო"

"დიღმელი ვარ, მაგრამ მთელი საქართველო და თბილისი ჩემი უბანია", - ეს 15 წლის ლუკა სირაძის სიყვარულით ნათქვამი სიტყვებია. ალბათ, მთელმა საქართველომ ნახა სოციალურ ქსელში მისი ეს ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სკოლაშია გადაღებული. ეს ღიმილიანი, სიცოცხლით სავსე ბიჭი 21 დეკემბერს მიაბარეს მიწას. ტირის მთელი საქართველო - ლუკას უამრავი ცრემლი გაჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახს მიუსამძიმრა და ამ ტრაგედიის გამო საახალწლოდ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა. 12 დეკემბერს ბიჭი =თავისი სახლის მეზობელი კორპუსიდან გადმოხტა... ლუკა იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს. მისთვის ისრაელიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს ექიმი, ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ პატარა ბიჭის გული 17 დეკემბერს გაჩერდა.

ლუკა სირაძე თბილისის "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო, მაგრამ სექტემბრიდან დედამ სხვა სკოლაში გადაიყვანა, რადგან სწავლის ფულს ვერ იხდიდა.

ამ საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა უკვე შეეფარდა. სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ყველა ის პირი დაისჯება, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. როგორც ირკვევა, "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციამ დამოუკიდებლად ჩაატარა მოკვლევა, ჯერ დაათვალიერა სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები, მერე დაიწყო ბავშვების ჯგუფურად გამოკითხვა... გამოიძახეს პოლიცია, რადგან ჩათვალეს, რომ სკოლისთვის მიყენებული ზარალი ამის საფუძველს იძლეოდა. მანამდე სკოლის ადმინისტრაციას ბავშვებთან კომუნიკაცია ჰქონდა. პოლიციას ადმინისტრაციამ გადასცა კამერების ჩანაწერები, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა პირადი მიმოწერები.

გამოძიება იმასაც გაარკვევს, დაარღვია თუ არა სკოლამ მოზარდების უფლებები, როცა მშობლების დაუკითხავად ბავშვების პირადი მიმოწერები ამოიღო და პოლიციას გადასცა. "თუ დადასტურდა სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების არაკანონიერად დამუშავება, დადგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი", - ამბობს ლონდა თოლორაია.

ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ აჭარაძე იცავს:

- 10 დეკემბერს 4-დან 5 საათამდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პირველი განყოფილებიდან დაუკავშირდნენ ლუკას დედას. უთხრეს, რომ მისი შვილი დაბარებული იყო პოლიციაში. იქ მისულს გამომძიებელი ეკითხება, ხომ იცი, რატომაც დაგიბარეთო? არ ვიციო, პასუხობს ლუკა. მაშინ ჩოლოიანი ბავშვს ეუბნება, რომ იცის, რაც ჩაიდინა!.. ლუკა ყველაფერს უარყოფს და ვითარება ნელ-ნელა იძაბება. იმატებდა ზეწოლაც. ბოლოს მოზარდმა კი არა, დედამაც დაიჯერა, რომ შეიძლებოდა მის შვილს რაღაც დამართოდა. იყო მუქარა: "თქვი, თორემ მაინც დაგიმტკიცებ", "კისერი ისეთებისთვის მომიგრეხია" "თუ არ აღიარებ, შეიძლება ციხეში მოხვდე", "შენს ძმას პრობლემები შეექმნება"... არადა, ლუკასთვის 20 წლის ძმა იყო მისაბაძი ადამიანი. ბიჭებს მამა გარდაეცვალათ და დედის ჩვენებით ირკვევა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ლუკასთვის ძმა გახდა კერპი. მასაც უნდოდა სამხედრო აკადემიაში ესწავლა. თავიც იმიტომ გადაიპარსა, რომ ძმისთვის მიებაძა, გამომძიებელმა კი ესეც სათავისოდ გამოიყენა, ეუბნებოდა, შენ თმა გაქვს გადაპარსული და ისე მელაპარაკები, როგორც დამნაშავეები იქცევიანო. Uუმეორებდა, "კაპეზეში" რომ მოხვდე, ხომ იცი, რომ პრობლემები შეგექმნებაო. ლუკა ამბობდა, რომ ეს მას არ ჩაუდენია. ბავშვმა იმ დღეს "მწვანე სკოლაში" შეიარა მეგობრების სანახავად, იქიდან მასწავლებელთან წავიდა, მერე მეგობრებთან ერთად გაისეირნა. გამომძიებელმა მოითხოვა, დაესახელებინა მათი ვინაობა, ვისთან ერთადაც იყო. მასწავლებელიც უნდა დავკითხოო და ტელეფონის ნომერი მოითხოვა. დედამ უთხრა, რომ სახლში ჰქონდა ნომერი. წადი და მომიტანე, ჩვენი თანამშრომელი წაგიყვანს მანქანითო. ამიტომ გავიდა დედა პოლიციის შენობიდან. როცა დაბრუნდა, უფრო დაიძაბა სიტუაცია.

დედა ამბობს, ლუკა ანერვიულებული დამხვდაო. მაშინ შეშინდა, როცა ბიჭი განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისმა ცალკე ოთახში გაიყვანა. იქიდან დაბრუნდა ანერვიულებული, ატირებული და დედას უთხრა, ვაღიარებ იმიტომ, რომ ჩემი ძმა არ დაისაჯოს და რამე არ მოუვიდესო. დედა ამბობს, არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა მოადგილის კაბინეტში შესვლაო. პოლიციის უფროსის მოადგილე ამბობს, დედასთან კონფლიქტი ჰქონდა და ამიტომ გავიყვანეო. მათ არ ჰქონდათ უფლება, ექვსსაათ-ნახევარი მოზარდი განყოფილებაში ჰყოლოდათ! ლუკას იქ ყოფნის პერიოდში კიდევ ორი არასრულწლოვანი მოიყვანეს და ერთ-ერთი დაუპირისპირეს. ლუკას გამოკითხვისას იკვეთება რამდენიმე აშკარა დარღვევა: პირველი - სანამ გამოიკითხა უსაფრთხოების მენეჯერი, ბიჭი იქ იჯდა და იცდიდა; მეორე - გამომძიებელი აიძულებდა, მიეცა ჩვენება; მესამე - დაკითხვას უცხო პირი ესწრებოდა; მეოთხე - მოზარდები დაუპირისპირა ერთმანეთს, მეხუთე - ბავშვი მარტო დარჩა განყოფილებაში. ამ დროის განმავლობაში გამომძიებლის მაგიდასთან მიდიოდნენ სხვა თანამშრომლები და ელაპარაკებოდნენ; სხვა ადგილებიდანაც ეძახდნენ, ჯობია აღიაროო. ესეც ზეწოლაა!

- პოლიციაში დაპირისპირებულმა გოგონამაც სცადა თვითმკვლელობა... - მანაც დიდი სტრესი განიცადა, ამბობს, რომ ძალიან ინერვიულა, ასეთ გარემოში რომ მოუხდა ჩვენების მიცემა.

- ლუკა პოლიციიდან გამოსული სჩადის თვითმკვლელობას? - დედა ამბობს, მეორე დღეს პოლიციიდან სახლში რომ დაბრუნდნენ, ძალიან განერვიულებული იყო და მხოლოდ პური შეჭამაო. შემდეგ ლუკა სააბაზანოში ისე შევიდა, რომ დედას არ გაეგო, ჩაიცვა ფეხსაცმელი და შეიკრა ქურთუკი - ეს ხდება დღის სამ საათზე. სახლიდან რომ გადიოდა, დედამ ჰკითხა, სად მიდიხარო. მე დღეს სახლში არ დავბრუნდებიო, უპასუხია და კიბეზე ჩაირბინა. დედა გაჰყვა, მაგრამ ბიჭი გაიქცა. ამის მერე შეშინებულმა დაურეკა ჩოლოიანს და უთხრა, რომ მისი შვილი განერვიულებული წავიდა სახლიდან და დახმარება სთხოვა. გამომძიებელმა უპასუხა, შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან იპოვოსო. ამ საუბრიდან დაახლოებით ნახევარ საათში ჩოლოიანი თვითონ ურეკავს დედას, ჩემი "ბიჭებიც" (იგულისხმება პოლიციელები) არიან გასულები და იპოვიანო. შეიძლება მართლაც გავიდა ვინმე ლუკას მოსაძებნად ან შეიძლება ეს დასამშვიდებლად უთხრა, ამას გამოძიება დაადგენს. მალე დედას ახლობლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ლუკა მეზობელი კორპუსიდან გადმოხტა.

რას ამბობს სკოლის დირექტორი

კახა დავითური, სკოლის დირექტორი: - ლუკა ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვე სწავლობდა, სექტემბრიდან სხვაგან გადავიდა. ერთხელ, სკოლაში რომ მოვედით, კედლებზე ვნახეთ წარწერები. ეს გაკეთებული იყო წინა ღამით. პოლიცია სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, რადგან რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო კედლები, დაფები. უხამსი სიტყვები და სხვა სახის წარწერები პულვერიზატორით იყო გაკეთებული. მერე გავარკვიეთ, რომ ეს ბავშვი წაიყვანეს დაკითხვაზე. ჩვენ ბავშვების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. არ ვიცოდით, ეს ვინ გააკეთა - ვიღაც იყო შემოსული და ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც მოახდინა რეაგირება. კამერები დაათვალიერეს და ბავშვის ვინაობა გაირკვა. წარწერებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავდა.

"სკოლა კატეგორიულად ითხოვდა, ზარალი ლუკა სირაძის ოჯახს აენაზღაურებინა"

"რომ არა სკოლის დაჟინებული მოთხოვნა, ჩოლოიანი გამოძიების დაწყებას არ აპირებდა"

თეონა გვაზავა, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი: - ყველაფრის ინიციატორი სკოლა იყო. სკოლამ დაადგინა, რომ ეს შესაძლოა ლუკას გაეკეთებინა და მანვე მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას იმ მოსწავლეთა შესახებ, რომლებიც ფლობდნენ და ადასტურებდნენ არასრულწლოვნის მიერ კედლების მოხატვის შესაძლო ფაქტს. სწორედ სკოლამ მოსთხოვა მარიანა ჩოლოიანს გამოძიების დაწყება. ჩოლოიანს კი სურდა ყველაფერი მორიგებით დასრულებულიყო. რომ არა სკოლის დაჟინებული მოთხოვნა, ჩოლოიანი, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ იწყებდა გამოძიებას, მაგრამ ამას კატეგორიულად ითხოვდა სკოლის წარმომადგენელი, მენეჯერი, რომელიც მოწმის სახით გამოიკითხა, გამოცხადდა პოლიციაში და მოთხოვნა დააფიქსირა - კედლების გარდა, დაზიანებული იყო 2 დაფა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეულ ლარს აღემატებოდა. სკოლა კატეგორიულად მოითხოვდა, ზარალი ლუკას ოჯახს აენაზღაურებინა. მათი შეფასებით, დაფები 300 ლარი ღირდა.

"შეწყვიტეთ ბავშვების დაზაფვრა"

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა: - ახლა მთავარია არ გავაუფასუროთ ეს საყოველთაო ტკივილი. როცა მოზარდი ამბობს, ასეთი ცხოვრების დედაცო, ეს საზოგადოების ცხოვრების წესს ეხება. ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვესმის უხამსი სიტყვები, ვუყურებთ იაფფასიან შოუებს, სატელევიზიო ფილმებს, სადაც ბევრი რამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით არის შეფუთული. დღევანდელ ახალგაზრდებს უწევთ ისეთ პირობებში ცხოვრება, სადაც გამარჯვებული და დაფასებულია აგრესია, ბილწსიტყვაობა, ცილისწამება, ღირებული სიტყვა გაუფასურებულია, დაბულინგება - წახალისებული. დღეს მიტინგები და გამოსვლები კი არ უნდა იყოს, თავდახრილებმა საკუთარ თავში უნდა გავიაზროთ, რა მოხდა და ვეძიოთ გამოსავალი.

- ამ დროს რამდენად გადამდებია ნეგატიური გზავნილები?

- ბავშვისთვის ცხოვრება ზღაპარია და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბოროტის გვერდით სიკეთე და სიცოცხლე იმარჯვებს. ეს არის კაცობრიობის ანი და ჰოე. ამ ფონით კი მივიღებთ ბავშვობაწართმეულ, დაზაფრულ მოზარდებს. დაზაფრულია მთელი საზოგადოება - ცხოვრებასთან ჭიდილს სჭირდება ემოციური ინტელექტი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 15 წლის ყმაწვილის ოჯახის მწუხარებით სპეკულაცია ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი, დამაზიანებელი. თუ შევძლებთ ემოციის მართვას, არ გაგვიჭირდება ცხოვრება დავინახოთ ზუსტად ისეთი, როგორიც არის - მშვენიერი... დავფიქრდეთ ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, როგორ ვცხოვრობთ?!