"დათვს ამოფარებული კურდღლების "სამართალი" - კვირის პალიტრა

"დათვს ამოფარებული კურდღლების "სამართალი"

ტყვეობაში თავისუფალი ვაჟა ექიმი ჩვენი დროის გმირია!

ამ კაცს ქართულ მიწაზე გამოგონილი საზღვრის დარღვევა დააბრალეს და იზოლატორში უკრეს თავი. იმ დღიდან აიძულებენ "დანაშაულის" აღიარებას, ის კი საოკუპაციო რეჟიმის წინაშე მტკიცედ იცავს სამშობლოს ღირსებას და საქართველოს კანონიერ საზღვრებს. გარისკა, წავიდა, გადავიდა, არ დანებდა და... ჩვენი თეთრხალათიანი თანამედროვე გმირად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი მძიმე ავადმყოფის მოსანახულებლად მიდიოდა.

როდესაც ოკუპანტებმა ქართველი ექიმი დააკავეს და სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევისთვის პასუხი მოსთხოვეს, უპასუხა, სახელმწიფო საზღვარი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან ვიციო და თარჯიმანი მოითხოვა: "ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებით"...

მას შემდეგ, ქართველი ექიმის დახსნის მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება თეთრი ხალათების აქცია. სოლიდარობას გამოხატავს საერთაშორისო თანამეგობრობა და მედიკოსთა ასოციაცია, თუმცა ამაოდ...

ცაში ატყორცნილი თეთრი ხალათი

ამ გმირული ეპოპეის ყველაზე ემოციური ნაწილი 15 დეკემბერს, სოფელ ოძისში გამართული აქცია იყო - მეუღლის თეთრი ხალათით შემოსილმა თამილა ლაფანაშვილმა ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ვაჟასთანა კაცისთვის ასეთ მხარდაჭერას დიდი ფასი აქვს: "ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ თეთრი ხალათი, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არა აქვთ არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა თავისუფლება ვაჟა ექიმს, დააბრუნეთ ექიმი სახლში!".

ოკუპანტების დაწესებულ ე.წ. საზღვართან იყო ათასობით ადამიანი, ზეცაში აპყრობილი უამრავი წყვილი თვალი და... ქათქათა ბუშტებთან ერთად ცაში ატყორცნილი თეთრი ხალათი, რომელმაც თითქოს მოშალა ყველა საზღვარი, ყველა მავთულხლართი, ექიმის განვლილი გზა გაიარა და ისიც ცხინვალისკენ გაჰყვა ნიავს.

"ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად განვაგრძობთ ბრძოლას"

20 დეკემბერს ცხინვალში ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის სასამართლო გაიმართა, რომელსაც იმედით ელოდა მთელი ქართველი მოსახლეობა. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმმა კვლავ უარი თქვა მის გათავისუფლებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმარს მაქსიმალური სასჯელი - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმიტომ, რომ ექიმი კვლავ არ აღიარებს უკანონო საზღვრებს. ამ განაჩენით მთელი საქართველო დაგვსაჯეს! სასამართლოს გადაწყვეტილება ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებისთვისაც მოულოდნელი იყო. ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ და მიაჩნიათ, რომ "ექიმის საქმე" სახელმწიფოსთვის ღირსების საქმეა.

თამილა ლაფანაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: - ვაჟასთვის ეს მაქსიმალური სასჯელია, რასაც ვერაფრით შევეგუებით. ადამიანი ისჯება იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ იდეისთვის დაისაჯა. ისევ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს - აუცილებელია მეტად გააქტიურება და ისევ ერთად დგომა. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გააქტიურებას, ბრძოლა მაქსიმალურად გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო მხარში ამოგვიდგება და ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ვაჟას დასახსნელად, ეს ღირსების საქმეა!

"ვაჟა ექიმი სამარტოო საკანში ზის და წიგნებს კითხულობს"

დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: - სასამართლო პროცესზე ექიმმა ამჯერადაც იგივე პოზიცია დააფიქსირა - ის არ ცნობს საზღვრებს. მისმა ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა პროცესზე საქმის შეწყვეტა და ექიმის გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ უკანონო სასამართლომ მაქსიმალური სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. არადა, მსგავს შემთხვევებში მოსამართლე ადმინისტრაციულ სასჯელს ან ჯარიმას უსჯის. მოსამართლის გადაწყვეტილება სადამსჯელოა, ადამიანს პრინციპულობისა და პატრიოტიზმისთვის მოექცნენ ასე. მათ ავიწყდებათ, რომ ექიმებს საზღვრები არა აქვთ! ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით - საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, დიპლომატიით, ადვოკატების მხრიდან ადგილზე პროცედურების გაგრძელებით. ვაჟა ექიმი უნდა გათავისუფლდეს! ყველას კარგად გვესმის, რომ დე ფაქტო რეჟიმთან გვაქვს საქმე და იქ სამართლის პოვნა მიამიტობაა.

- რა პირობებშია ვაჟა ექიმი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - როგორც მისი ვლადიკავკაზელი ადვოკატი ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ფსიქოლოგიურადაც შემართებითაა. სამარტოო საკანში ზის და წიგნებს კითხულობს, მაგრამ ცხინვალის იზოლატორში რა პირობები იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ? მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დროულად და უპირობოდ გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.

"ეს ლაჩრული გადაწყვეტილებაა"

ამირან სალუქვაძე, სამხედრო, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი: - ეს ლაჩრული გადაწყვეტილებაა. ისიც სასაცილოა, რომ ექიმს რუსული კანონმდებლობით ასამართლებენ. რუსებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენ მიმართ მტრული პოლიტიკა აქვთ. სპეციალურად შექმნეს ისეთი ვითარება, რომ დასავლეთი ამ საქმეში თავად რუსეთზე კი არა, მხოლოდ მის "გავლენაზე" ლაპარაკობდეს...

კრემლს უნდა გამოეჩინა "კეთილი ნება" და ექიმი გაეთავისუფლებინა, რათა ქართველებისთვის ეჩვენებინა, აი, ჩვენთან ლაპარაკი შეიძლება, ჩვენ არა ვართ მტრული სახელმწიფოო, მაგრამ ამის უნარიც არ გააჩნია. ამ გადაწყვეტილებით კრემლმა უფრო გაამძაფრა ანტირუსული განწყობები! რუსეთისთვის ძალიან მარტივია საქართველოს "დამეგობრება", მაგრამ საწინააღმდეგოს აკეთებენ. იმის ჭკუაც არ ეყოYთ, თუნდაც ბურჯანაძის ვიზიტის შემდეგ მაინც არ მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება. რუსეთი არ გვთვლის თანაბარ პარტნიორად და ზემოდან გვიყურებს...

ჩვენი მოქალაქე არაკანონიერ ტყვეობაშია, მისი დაკავება-შეჩერებაც უკანონოა, რადგან ეს ოკუპირებული ტერიტორიაა. ექიმმა არ ცნო საზღვარი, ეს ადამიანი ოფიციალურად საკუთარ მიწა-წყალზეა - ეს არის მტკიცე და ვაჟკაცური, მოქალაქეობრივი პოზიცია. ოსები სახელმწიფოობანას თამაშობენ და ელემენტარული ვაჟკაცობა, კავკასიელთა ხასიათი არა აქვთ. ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობენ და ცხოვრობდნენ. ეს დათვს ამოფარებული კურდღლების ლაჩრული გადაწყვეტილებაა!

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დავიხსნათ ვაჟა ექიმი, რაში ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალი ოკუპაციის წინააღმდეგ ერთიანობაა. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ და შევეცადოთ ჩვენი ექიმის მშვიდობიანი გზით დაბრუნებას. ჩვენ იმის უნარიც არა გვაქვს, მთელი საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი გავერთიანდეთ და ოკუპაციის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. წლებია, ოკუპაციის საკითხს საკინკლაოდ ვიყენებთ. მიუხედავად ამ უკანონო, ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილებისა, იმედია, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას და ძალისხმევას არ დაიშურებს. პოლიტიკური ძალები უნდა შეეშვან კინკლაობას და დასხდნენ ერთად. მისასალმებელია, რომ საოკუპაციო ზოლთან ყველა პარტიის წარმომადგენელი ჩავიდა. იქნებ ამ ერთ საკითხზე მაინც მორიგდნენ, გაერთიანდნენ. როცა საოკუპაციო ძალა დაინახავს, რომ საზოგადოება ერთიანია, ერთ პოზიციაზე, სხვა რეალობა დადგება.