"ისეთი დაღლილი ვარ, მგონია, მხრებზე ლოდი მაწევსო - ეს იყო გიგას ბოლო სიტყვები" - კვირის პალიტრა

"ისეთი დაღლილი ვარ, მგონია, მხრებზე ლოდი მაწევსო - ეს იყო გიგას ბოლო სიტყვები"

მთელმა საქართველომ იცის, როგორ მოკლეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, ე.წ. ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან გალის რაიონიდან დევნილი 30 წლის გიგა ოთხოზორია. მას აფხაზმა ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ტყვია დაახალეს და ამის შემდეგ ისევ უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამ შემზარავ ტრაგედიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, არსებობს ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც. გიგას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ის არავის დაუსჯია. ქართული მხარე დღემდე უშედეგოდ ითხოვს ბრალდებულის გადმოცემას. სამ წელზე მეტი გავიდა გიგას სადისტური მკვლელობიდან და ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ დამნაშავე დაისჯება. გიგას დედა, მეუღლე და შვილები ზუგდიდში ცხოვრობენ. მათ ვთხოვეთ, ესაუბრათ ამ ახალგაზრდა კაცზე, რომლის სახელი მსოფლიომ გაიგო.

ჟულიეტა ჭანტურია, გიგას დედა: - გიგაზე კარგს არასოდეს ვამბობდი, ამიტომ მეტყოდა ხოლმე, ყველა დედა აქებს თავის შვილს, შენ ჩემი და ჩემი დის საქებარი რომ გამოიმეტო, რა მოხდებაო. თქვენი ადგილი იპოვეთ ცხოვრებაში და როგორებიც ხართ, ყველა დაინახავს, ქება რა საჭიროა, დედის ქებას ჩალის ფასი აქვს-მეთქი, ვეუბნებოდი. ახლა რომ ისმენდეს, გაუკვირდებოდა, მასზე ამდენ კარგს რომ ვამბობ. არა იმიტომ, რომ სიკვდილის შემდეგ ამბობენ კარგს - მართლაც კარგი შვილი გამიზრდია. ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. ისეთ ამბებს იხსენებენ მეგობრები, მიხარია, ასეთი შვილი რომ მყავდა. გიგა გასაჭირში არავის მიატოვებდა. ზოგჯერ ვეტყოდი, ასმა კაცმა იმ სიტუაციას ჩაუარა და შენც აგევლო გვერდი-მეთქი. მპასუხობდა, იმ ას კაცს რა ვუთხარი, ადამიანს გასაჭირში გვერდით რომ ჩაუარაო. მისი ხასიათი მკვლელობის დღესაც გამოჩნდა.

ჩემი შვილი ქართველ ახალგაზრდას გამოესარჩლა, რომელიც აბუჩად აიგდეს და ქართულ პასპორტს შეურაცხყოფა მიაყენეს; უთქვამს, ჩვენს მიწაზე ხართ და რას ბედავთო? არ შეუშინდა ოთხ კბილებამდე შეიარაღებულს და ესროლეს. თურმე უთქვამს, ფეხში რომ მესროლეთ, თუ ვაჟკაცები ხართ, გულში მესროლეთო და გულშიც ესროლეს და თავშიც. მისი საქციელით ვამაყობ, თორემ ჩემს შვილზე მეტი ვაჟკაცობა და გმირობა სხვებს აქვთ ჩადენილი. ბევრი გმირი დედა ჰყავს საქართველოს. ისე არ არის, ჩვენმა პრეზიდენტმა რომ თქვა, ჯარი არც გვყავს და არც გვეყოლებაო. ეს როგორ უნდა თქვა, როცა ამდენი ვაჟკაცი დაეცა ბრძოლის ველზე! როცა შენს ქვეყანას ჰყავს ანწუხელიძე! უნდა დავფიქრდეთ, რას ვამბობთ. ზოგჯერ ძალიან გვტკენენ გულს...

აფხაზეთიდან რომ წამოვედით, გიგა მესამე კლასში გადადიოდა... ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. მახსოვს, სახლის მეპატრონე ქალი რაღაცაზე გაუბრაზდა. ბავშვი ჩამოჯდა კიბეზე და ატირდა, როდის მეღირსება ჩემს სახლში წასვლა, რომ არავინ მითხრას, ეს არ გააკეთოო. ახსოვდა იქაურობა. მერეც გადავდიოდით. ჩემი დედამთილ-მამამთილი იქ იყვნენ და გადავდიოდით, სანამ საბჭოთა პასპორტები იყო. რომ აირია სიტუაცია, ჩემს მამამთილს წაყვანილი ჰყავდა სოფელში ჩემი შვილები და ჩემი მულიშვილი. დავურეკე, როგორმე ბავშვები გადმოიყვანე საზღვარზე-მეთქი. ბაბუას რომ მოჰყავდა, თურმე გიგა მიტრიალებულა სახლისკენ და თვალცრემლიანს უკითხავს, კიდევ მეღირსება, ბაბუ, ამ სახლში მოსვლაო? ამ განწყობით წამოვიდა. მას მერე აფხაზეთში არ ჩასულა...

- ალბათ, რთული წლები გამოიარეთ, როგორც სხვა დევნილებმა...

- ჩემი მეუღლე მუშაობდა. მეც დავიწყე სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და არ გვიჭირდა... გიგა მამასთან განსაკუთრებულად მეგობრობდა. მამამისი მასზე დარდს გადაჰყვა.

- იქნებ ტრაგედიის დღე გაიხსენოთ...

- ჩემი მულის დედამთილი იყო გარდაცვლილი. იმ დილით ვუთხარი გიგას, დღეს მოდიან გალიდან და შენც დაეხმარე-მეთქი - პროდუქტები უნდა წაეღოთ. მე სკოლაში წავედი. დამამთავრებელი კლასის ბოლო ზარი იყო იმ დღეს. ჩემი სადამრიგებლო კლასი იყო და წესით, უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ გულმა რაღაც მიგრძნო, თითქოს მითხრა, წადი სახლში, შენს შვილს მიუსწარიო. მივატოვე ყველაფერი და წამოვედი. წვიმდა ძალიან. ქოლგა სამსახურში დამრჩა, მაგრამ უკან არ მივბრუნებულვარ. კარი გიგამ გამიღო. სახლში სტუმრები დამხვდნენ. გიგამ ასეთი სველი რომ დამინახა, გატრიალდა, პირსახოცი მოიტანა და თმა თავისი ხელით გამიმშრალა. მაგიდასთან ვისხედით, რომ დარეკეს, საზღვარზე ვართო. გიგამ სტუმრებს სთხოვა, 15 წუთი კიდევ გავჩერდეთო. სწორედ ეს 15 წუთი აღმოჩნდა მისი ბედის გადამწყვეტი. ზუსტად იმ დროს მივიდა, როცა ქართველს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაშინვე რომ წასულიყო, ამას ასცდებოდა, მაგრამ ბედისწერა იყო, ალბათ. ყველანი ლიფტამდე მივაცილე და წავიდნენ. კორპუსის ქვემოთ, მაღაზიაში შესულა გიგა და გამყიდველისთვის უთქვამს, ისეთი დაღლილი ვარ, მგონია, მხრებზე ლოდი მაწევსო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები...

- გაქვთ იმედი, რომ მკვლელი დაისჯება?

- მან თავი თვითონ დაისაჯა, იმხელა ცოდვა აიკიდა. მინდა, აღსრულდეს სამართალი, თუმცა უფლის სამართალს ვერ გაექცევა. მართალია თუ არა, არ ვიცი, მითხრეს, ავარიაში მოყვა და დაშავდაო.

ნინო მატკავა, გიგას მეუღლე: - ძალიან თბილი და მზრუნველი მამა იყო. გიტარაზე უკრავდა, მღეროდა... ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდა და თვითონაც დიდ სიყვარულს ითხოვდა. იმ საშინელ კადრებშიც ჩანს, რომ სხვის დაცვას შეეწირა. ეს მისი ხასიათი იყო და მჯერა, ახლა ცოცხალი რომ იყოს და იცოდეს, იქ მისულს ეს სიტუაცია დახვდება, ერთი წუთითაც არ დაფიქრდება თავის თავზე. ჩვენი პატარა ბიჭი სულ სასეირნოდ დაჰყავდა, ეუბნებოდა, შენ ხარ აფხაზეთიდან, ჩვენი კუთხე იქ არის და იცოდე, აუცილებლად დავბრუნდებითო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საომრად წასასვლელად მოემზადა. დედამ უთხრა, არ წახვიდეო. როგორ გგონია, ჩემი ქვეყნის დასაცავად არ წავალო? ჯარისკაცი არ იყო, მაგრამ სამშობლო ძალიან უყვარდა. ჩემი აკაკი მეორე კლასში იყო, გიგა რომ მოკლეს. ორი წელი მამაზე არც ერთი შვილი არ ლაპარაკობდა... სკოლაში გაკვეთილი ჩაუტარებია მანდატურს და აკაკის იქ გიგაზე ულაპარაკია. ახლა მეექვსე კლასშია და უფრო უადვილდება ემოციის გადმოცემა. ქეთი მეშვიდე კლასში იყო, გიგა რომ გარდაიცვალა. საძინებელში შედიოდა და ჩუმად უყურებდა მამის ვიდეოებს. ბევრჯერ საწოლთან ჩამუხლულს ამ ვიდეოების ყურებაში ჩასძინებია...

სულ ვცდილობთ, წარსულიდან კარგი ამბები გავიხსენოთ. არ მინდა, აფხაზების სიძულვილით გაიზარდონ ჩემი შვილები.

იმ დღეს რამდენჯერმე დამირეკა. მე არ მქონია წინათგრძნობა. მერე მაღაზიის გამყიდველმა მითხრა მისი ნათქვამი... ეს, ალბათ, წინათგრძნობა იყო. გიგას არასოდეს უთქვამს, აფხაზებთან ურთიერთობა შეუძლებელიაო. იქ ცხოვრებაზე ოცნებობდა... აუცილებლად დავბრუნდები, როცა შესაძლებელი იქნება. ვერ გეტყვით, გიგას მკვლელის გვერდით ცხოვრებას შევძლებ-მეთქი, მაგრამ ამაზე პასუხს სხვას არ ვაგებინებ... მინდა მშვიდობა იყოს. გიგას შემდეგ ყველაზე მეტად სიცოცხლე დავაფასე, მინდა ყველას ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს.