"სცემეს ძალიან ძლიერ...გზაშიც დაარტყა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა" - რა მოხდა ხობში? - კვირის პალიტრა

"სცემეს ძალიან ძლიერ...გზაშიც დაარტყა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა" - რა მოხდა ხობში?

ადვოკატ, დარიკო თორდიას ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ 21 წლამდე მამაკაცი გ.ჭ.-ს სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, იქიდან გამოსული კი პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა ჩაუტარა,რასაც უსიტყვოდ დაემორჩილა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მას პოლიციის სამმართველოში გაყოლა სთხოვეს, უარი განაცხადა , რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ადვოკატის ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები თავის არეში, მხრებზე, ფეხისა და კისრის არეში აღენიშნება და დღეს იგი ქუთაისში სამედიცინო ექსპერტიზაზე იყო გადაყვანილი.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მიუხედავად ამის მას ბრალს დებენ დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას. ანუ, მოხდა ასეთი რამ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, იმყოფებოდა თავის მეგობრებთან ერთად რესტორანში, იქიდან გამოსულზე პოლიციის მანქანამ გააჩერა, გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჰკითხეს მას მხოლოდ სახელი და გვარი, მან უპასუხა რა თქმა უნდა, ზრდილობიანად.შემდეგ ჩაუტარეს ჩხრეკა, რა თქმა უნდა ,პოლიციის მოთხოვნას ის დაემორჩილა. ჩხრეკის შედეგად, არ იქნა აღმოჩენილი არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი და ნივთიერება, რის შემდეგაც მას უთხრეს,მანქანაში ჩამჯდარიყო. მან იკითხა სად უნდა გაჰყოლოდა, პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ უნდა გაჰყოლოდა მათ პოლიციის სამმართველოში, რაზეც უარი განაცხადა. უთხრა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და აქედან გამომდინარე არ გაჰყვებოდა მათ. ამ დროს პოლიციის მხრიდან წამოვიდა აგრესია, აგრესიული სიტყვები, რაზედაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეეპასუხა, რის შემდეგაც პოლიციამ ძალა გამოიყენა",-აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველი ჰყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკური ძალადობა პოლიციის სამმართველოშიც მოხდა.

"ჩატენეს მანქანაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც 21 წელს მიუღწეველი პირია. გზაშიც დაარტყა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს და პოლიციის სამმართველოში , ასევე განახორციელეს მასზე ძალადობა. ანუ, სცემეს ძალიან ძლიერ, ძირითადად თავის არეშია დაზიანებები მიყენებული, ასევე მხრებზე, კისრის და ფეხის არეში. მე გამომიძახეს, როგორც ადვოკატი, დავესწარი მისი ბრალდებულის სახით დაკითხვას, სადაც მან დააფიქსირა ყველა ის მომენტი, რაც კი განხორციელდა პოლიციის სამმართველოში პოლიციელების მხრიდან, რის შემდეგ მან მოითხოვა სამედიცინო დახმარება. ვინაიდან, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ძალიან სტკიოდა თავი და ჰქონდა ღებინების შეგრძნება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოვითხოვე სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და მოვითხოვე სამედიცინო დახმარება, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსმა დაუყონებლივ შეასრულა, გამოიძახა ექიმი. ასევე, როგორც კი გამოვედი იზოლატორიდან, შევეხმიანე საქმის მწარმოებელ პროკურორს, რომელმაც მყისიერად მოახდინა რეაგირება მომხდართან დაკავშირებით და შეატყობინა გენ-ინსპექციას“ -განუცხადა ჟურნალისტებს დარიკო თორდიამ.

დარიკო თორდიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ცუდად გრძნობს და მასთან ამ წუთებში ექიმი იმყოფება.

გ.ჭ. ამჟამად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"