"მანქანიდან ერთი მოსწავლის ჩანთა გადმოვარდნილა, რვეულზე ეწერა მისი გვარ-სახელი" - საზარელ ავარიას შეწირული ხუთი მოზარდი - კვირის პალიტრა

"მანქანიდან ერთი მოსწავლის ჩანთა გადმოვარდნილა, რვეულზე ეწერა მისი გვარ-სახელი" - საზარელ ავარიას შეწირული ხუთი მოზარდი

დაღუპულები თანატოლები და მეგობრები არიან

ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა 25 დეკემბერს, დაბა ჩაქვში. მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის საათებში, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადაიჩეხა და 5 მოზარდი ადგილზე დაიღუპა. სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედრები მანქანიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს და იმდენად დასახიჩრებულები იყვნენ, რამდენიმე საათი დასჭირდა მათ ამოცნობას. ახლა ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზის შემდეგ ცხედრები სახლებში მიასვენეს.

ყველა გარდაცვლილი დაბა ჩაქვის მაცხოვრებელია, ისინი თანატოლები და მეგობრები იყვნენ. დაღუპულებიდან სამი, ერთი სკოლის მოსწავლეა. ჩვენ დაბა ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ ტარიელ ქათამაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, მისი სკოლის სამივე მოსწავლე იმ საბედისწერო დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა.

"საშინელება მოხდა. მანქანა, რომელსაც მართავდა მოზარდი, ხევში გადაიჩეხა. დაღუპულებიდან სამი - საბა დიასამიძე, გიორგი ფალავანდიშვილი და ნიკა ბეჟანიძე ჩვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მანქანის საჭესთან მათი თანატოლი გიორგი არძენაძე იჯდა. იგი ჩაქვში, სასულიერო სკოლაში სწავლობდა, კიდევ ერთი გარდაცვლილი, ლუკა ზაქარაძე ამ ბავშვების მეგობარი, ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ზაქარაძე მეცხრე კლასიდან იყო გასული. როგორც ჩანს, თანაკლასელებს მოაკითხა სკოლაში და ერთად გავიდნენ გაკვეთილების შემდეგ. სამართალდამცავთა პირველადი ინფორმაციით, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. გიორგი ფალავანდიშვილი

ავტომანქანა, რომელსაც მოზარდი მართავდა, როგორც ამბობენ, არძენაძის ბიძას ეკუთვნის. გიორგი იჯდა საჭესთან. დღისით ბავშვები ჩვეულებრივ გაკვეთილზე იყვნენ. ტრაგედია დაახლოებით 15 საათსა და 40 წუთზე დატრიალდა, მოაკითხეს მანქანით და ისინი ერთად წავიდნენ. ჩაქვის თავში არის საქეიფო ადგილები და ეტყობა იქითკენ მიდიოდნენ. სადაც ეს ავარია მოხდა, იქ ძალიან ვიწროა გზა, ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა მძღოლმა და 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მანქანა სახურავით დაეცა და ადგილზე დაიღუპა ხუთივე. უმძიმესი სიტუაციაა, ძალიან დადებითად დავახასიათებ ყველა მათგანს. მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ, კარგი მოსწავლეები და სანიმუშო ყოფაქცევის ბავშვები იყვნენ. ახლა მასწავლებლები გუშინდელი დღის დეტალებს იხსენებენ. მეექვსე გაკვეთილი ბავშვებმა ხუმრობა-ხუმრობით დაასრულეს თურმე, კარგი ემოციით წავიდნენ და... მალე ეს საშინელება შევიტყვეთ", - გვითხრა ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ.

სკოლის დირექტორის მოადგილე, ნანა მოდებაძე ამბობს, რომ ბავშვებს ბოლოს ისტორიის გაკვეთილი ჰქონდათ და ესწრებოდნენ: "არ ვიცი რა ვთქვა, მართლა კარგი ბავშვები არიან, ჩვენი მეთერთმეტე კლასელები, საბა დიასამიძე ჩვენი დაწყებითების პედაგოგის შვილიშვილია, გიორგი ფალავანდიშვილის ბებიაც ადრე ჩვენთან მუშაობდა... გამორჩეული ბავშვები იყვნენ, ყველა აქტივობაში ჩართულები, კარგად აღზრდილები. ლუკა ზაქარაძეც მათი კლასელია.

სკოლაში ვიყავით ჯერ კიდევ საშინელი ამბავი რომ შეგვატყობინეს. ისტორიის მასწავლებელი გაგიჟდა, ყველა ბავშვი გაკვეთილზე მეჯდა და ისინი არ იქნებიანო. თავიდან სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა და ვინაობებსაც ვერ ვადგენდით. ყველანი გაგიჟებულები ვრეკავდით დასახელებული ბავშვების ტელეფონებზე. ზოგის ტელეფონი გათიშული იყო, ზოგიერთთან ირეკებოდა და არავინ გვპასუხობდა. ერთადერთი ვისი ვინაობაც თავიდან ითქვა, ნიკა ბეჟანიძე იყო, მანქანიდან გადმოვარდნილა მისი ჩანთა და რვეულზე ეწერა ნიკას სახელი და გვარი. დანარჩენების იდენტიფიცირება გვიან მოხდა. სამი მოსწავლე გუშინ მერხზე რომ გეჯდა და დღეს კლასში შეხვალ და ისინი აღარ დაგხვდებიან, წარმოიდგინეთ სკოლაში რა დღეში ვიქნებით. მათი ოჯახების ტკივილი ხომ გაუსაძლისია. ამბობენ, რომ გიორგი არძენაძის ბიძის მანქანაა. მეათე კლასელი იჯდა მანქანის საჭესთან".

როგორც შევიტყვეთ, გიორგი ფალავანდიშვილი და საბა დიასამიძე სოფელ გორგაძეებიდან იყვნენ. ბათუმის მერიამ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმა. ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში 25 დეკემბერს აღარ აინთო. ასევე არ ჩატარდა კონცერტი და სხვა ღონისძიებები.

მომხდარის გამოძიება დაიწყო. ალბათ დაიკითხება მანქანის მძღოლი და გაირკვევა მან მისცა თუ არა მოზარდებს ავტომანქანა. შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ძნელია ამ ტკივილზე ისაუბრო, სიტყვებით გადმოსცე ის, რაც ახლა ჩაქვში ტრიალებს. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს ამ საშინელ ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)