"ცუდი თვალით გვიყურებენ გერმანელები ქართველებს. აგდებულად გექცევიან" - რა გახდა გერმანიაში ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ცუდი თვალით გვიყურებენ გერმანელები ქართველებს. აგდებულად გექცევიან" - რა გახდა გერმანიაში ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი?

გერმანიაში გარდაცვლილ ქართველს, 36 წლის ზურაბ დოლიძეს საქართველოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ. როგორც მისმა მეგობარმა გვითხრა, საქართველოს ელჩი ჩართულია ამ საკითხში. უკვე მომზადდა საჭირო საბუთები და სახელმწიფო დაფარავს ზურას გადმოსვენების ხარჯებს. ახლა მთავარი პრობლემა საგამოძიებო მოქმედებებია, ექსპერტიზა და სხვა პროცედურები უნდა დასრულდეს.

როგორც გავარკვიეთ, ზურაბ დოლიძე გერმანიის ციხეში გარდაიცვალა. ის 13 დეკემბერს დააკავეს და 20 დეკემბერს საკანში გარდაცვლილი ნახეს. ადვოკატმა მომხდარი 3 დღის შემდეგ შეიტყო. უმძიმესი ფაქტი საშობაო არდადეგებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ კვირაზე მეტი გავიდა მომხდარიდან ზურა დოლიძისთვის ამ დრომდე ექსპერტიზა არავის ჩაუტარებია. მისი ცხედარი საავადმყოფოს მორგში რჩება. დასვენებების გამო ზურას ადვოკატმა პოლიციასთან კომუნიკაციაც კი ვერ შეძლო. ადვოკატი 27 დეკემბერს შევა ციხეში და შეეცდება გაარკვიოს თუ რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი. პირველადი ინფორმაციით, ზურამ ნარკოტიკის შემცველი აბები  მიიღო და ეს გახდა მომხდარის მიზეზი. ამ ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა ზურას ბავშვობის მეგობარს, გიორგი სომხიშვილს. ისიც გერმანიაში ცხოვრობს. გიორგის მტკიცებით, ზურას ნარკოტიკთან არასოდეს ჰქონია შეხება, ის სპორტსმენი იყო, წამალს არასოდეს გაჰკარებია, ამიტომაც გამორიცხავს ამას. მისი ვარაუდით, ზურას სიკვდილში გერმანელი სამართალდამცავები არიან გარეული.

გიორგი სომხიშვილი:

- მე და ზურა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ერთად გავიზარდეთ. ბაღში ერთად ვიყავით, თანაკლასელები ვართ. მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გატარებული. ზურას ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი - გიორგი, მე მათი მეჯვარე და ბავშვის ნათლია ვარ. შეძრული ვარ მომხდარით. მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. ზურა სპორტსმენი გახლდათ, ის გამორჩეული ადამიანი იყო, მას მთელი გორი იცნობს. ეს დღეები ტელეფონი არ ჩერდება, იმდენი ხალხი მირეკავს, სრულიად უცხო ადამიანები კითხულობენ მის ამბავს. ყველგან სიკეთეს თესავდა, სხვებზე ზედმეტადაც კი იყო გადაყოლილი. ზუსტ ინფორმაცია რა მოხდა, არ ვიცით, გერმანიაში დასვენების დღეებია, რადგან შობაა და ადვოკატმა შესვლა ვერ შეძლო, პოლიცია ტელეფონსაც არ პასუხობდა. ამიტომ ექსპერტიზაც არ დაწყებულა, სავარაუდოდ, 28 დეკემბერს ჩატარდება ექსპერტიზა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გიორგი წივწვაძეს, ის დამიკავშირდა საელჩოდან და ყველანაირად დაგვეხმარა, რომ ჩემი მეგობარი სამშობლოში გადმოვასვენოთ. დაფინანსების საკითხი მოგვარებულია, მადლობა მას.

- თქვენი მეგობარი რატომ იყო დაკავებული? ამბობენ, რომ თითქოს გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკი გახდა... - რაღაც პატარა მიზეზის გამო 13 დეკემბერს დაიჭირეს, იმ დღეს მქონდა მასთან კომუნიკაცია, მერე ადვოკატმა გამაგებინა დაკავების ამბავი. იმას ველოდებოდი როდის გაირკვეოდა დეტალები და ზურას გარეთ როდის გამოუშვებდნენ, რადგან პატიოსანი ადამიანია. ცუდს არაფერს ჩაიდენდა. სპორტსმენი ბიჭია, ვარჯიშობდა, წესიერად ცხოვრობდა. ყველანაირად ცდილობდა გერმანიაში დარჩენილიყო, აქ ემუშავა და აეწყო ცხოვრება. მაგრამ დაკავებიდან ზუსტად ერთ კვირაში, 20 დეკემბერს ციხეში დაიღუპა, ადვოკატმა სამი დღის შემდეგ, 23 დეკემბერს, ფოსტით მიიღო წერილი, რომ ზურა გარდაცვლილი იყო. მან გამაგებინა და მითხრა, რაღაც მედიკამენტი მიიღო და იმით გარდაიცვალაო. კატეგორიულად არ მჯერა ამ ვერსიის, სპორტსმენი იყო, ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. არასოდეს მიუღია ნარკოტიკი და ამას არ გააკეთებდა. ახლა ვიდრე ადვოკატი არ შევა და უფრო მეტ დეტალს არ გაარკვევს, ვერაფერს გეტყვით.

- როგორც ამბობენ, საქართველოდან ახალი ჩამოსული იყო, სადმე მუშაობდა? - საქართველოში ძალიან ჭირს სამუშაოს შოვნა. ამიტომ დრო და დრო ჩამოდიოდა და არალეგალურად მუშაობდა, ცოტა თანხას მოაგროვებდა და ისევ ბრუნდებოდა. ცუდი არასოდეს გაუკეთებია, ახლაც უმნიშვნელო დარღვევის გამო იყო დაკავებული. აქ ძალიან დასდევენ ქართველებს. ბევრი ქართველია გერმანიაში, ზოგი იპარავს, ზოგი მუშაობს. ზოგიერთი ცუდად რომ იქცევა, ამიტომაც ცუდი თვალით გვიყურებენ გერმანელები ქართველებს. აგდებულად გექცევიან, როცა ქართველს გხედავენ, კარგი ხარ თუ ცუდი, მათთვის აღარ აქვს მნიშვნელობა... მე საავადმყოფოში ვმუშაობ, ბევრჯერ ქართველობის გამო ადგებულად უსაუბრიათ. რომ იგებენ რას წარმოვადგენ, სად ვმუშაობ, მერე ჩუმდებიან.

- გერმანულ ციხეში ნარკოტიკი თავისუფლად იშოვება? - გამიგია რომ თავისუფლად შედის ციხეში წამალი, მაგრამ ზურა არავითარ შემთხვევაში არ მოიხმარდა. შეიძლება პოლიციასთან რაღაც კონფლიქტი მოუხდა და მათ მისცეს ისეთი პრეპარატი, რომელიც ზურამ ვერ აიტანა და გარდაიცვალა. ასე მგონია, მის სიკვდილში გერმანული პოლიციის ხელი ურევია. ჯერჯერობით ეს არის ჩემი ვერსია. რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბევრი ადამიანისთვის გაუკეთებიათ ასეთი რამ ციხეში. თუ გაუძალიანდები და შეეწინააღმდეგები რაღაც პრეპარატებს ასმევენ. მისმა ორგანიზმმა ეტყობა ვერ აიტანა. წარმოიდგინეთ რამხელა უპასუხისმგებლობაა, იღუპება ახალგაზრდა კაცი და ფოსტით აგზავნიან შეტყობინებას, 3 დღე ადვოკატსაც არ ატყობინებ მომხდარს. ერთი კვირაა უკვე ზურას ცხედარი იქ არის და ჯერ ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. გასაგებია დასვენების დღეებია, მაგრამ ადამიანია დაღუპული... ზურას მეუღლე პოლონეთში იყო სამუშაოდ წასული, ახლა ისიც ჩამოსულია გერმანიაში. ჯერ ცხედარი არ გვინახავს. ზურა პერიოდულად ხან პოლონეთში იყო, ხან გერმანიაში, უნდოდა პირობები მოეწყო და ოჯახი ერთად ყოფილიყო, მაგრამ არ დასცალდა. საქართველოში ბებიასთანაა ზურას ერთადერთი ვაჟი, გიორგი, ის სტიქაროსანია, მას მზრუნველობას არასოდეს მოვაკლებ.

იმედია, რომ ადვოკატი ზურაბ დოლიძის გარდაცვალების დეტალებს გაარკვევს, ექსპერტიზითაც ალბათ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი. ახალგაზრდა კაცს გორში ჰყავს მშობლები და იქ, მშობლიურ კუთხეში დაკრძალავენ.

(სპეციალურად საიტისთვის)