"ჩვენი ექიმის გათავისუფლების შემდეგ უამრავი ადამიანი მილოცავდა, კარგი ფეხით ჩასულხარ ცხინვალშიო"
"ჩვენი ექიმის გათავისუფლების შემდეგ უამრავი ადამიანი მილოცავდა, კარგი ფეხით ჩასულხარ ცხინვალშიო"
"ვაჟა ექიმის ადვოკატმა ხელები უმწეოდ გაშალა, აბა, ამ შენობაში სიმართლის პოვნა შეიძლებაო?!"

ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის­ ციხიდან­ თავის დაღწევას ქართ­ველი საზო­გადოება დიდი სიხარ­ულით შეხვდა. მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება­ ორმაგად სასიხარულოა­ ადვოკატთა ასოციაციის წევრ ბადრი მანჯავიძისთვის, რომელიც ქართველი ექიმის მხარდასაჭერად უამრავ ბარიერს, სასიცოცხლო რისკებს არ შეუშინდა და ვლადიკავკაზის გავლით, ცხინვალში ჩავიდა... "ძალიან მიხარია ქართველი ექიმის გათავისუფლება. საკუთარი თვალით ვნახე იქ არსებული ვითარება, ვიცი, რას გაუძლო და არ გატყდა. ეს ყველას არ შეუძლია,
მან კი შეძლო... ექიმის გათავისუფლების შემდეგ უამრავმა ადამიანმა­ დამირეკა და მომწერა - მილოცავდნენ, რა კარგი ფეხით ჩასულხარ ცხინვალში, შენმა მოგზაურობამ უშედეგოდ არ ჩაიარაო... იქ ნანახიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ ჩვენს ექიმს ადგილობრივებშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. უდანაშაულო ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, მით უფრო ექიმიო, - ამბობდნენ... არსებული ინფორმაციით,
სააპელაციო სასამართლო 31 დეკემბერს იყო ჩანიშნული და მეორე ინსტანციაც თუ იქნებოდა, ისევ ვაპირებდი­ წასვლას. მონახაზიც გავაკეთე, მით უფრო, რომ გზა უკვე გაკვალული მქონდა..." - ამბობს ბადრი მანჯავიძე. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ცხინვალში ჩასული ადვოკატი იქაური ვითარების ამსახველ დეტალებს იხსენებს:

- 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნისას, გადავწყვიტე ცხინვალში წასვლა... ბევრს ეგონა, მეგობრები ვიყა­ვით, მაგრამ ვაჟა ექიმს არ ვიცნობ. ცხოვრებაში არის რაღაცები,­ რის გამოც გარისკვა ღირს. მე, როგორც ქართველს, მხოლოდ ეს შემეძლო - ცხინვალში მის სასამართლო პროცესზე­ წავსულიყავი და მხარი დამეჭირა.­ ორმაგი­ მოქალაქეობა მაქვს, წლებია, რუსეთის მოქა­ლაქეც ვარ და ეს იქ ჩასვლაში დამეხმა­რებოდა. აქციაზე მის მეუღლეს ვუთხარი, ცხინვალში წასვლას ვაპირებ და მედიკამენტები­ თუ ტანსაცმელი, გამატანეთ-მეთქი. დაბნეულმა შემომხედა. ავუხსენი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვარ, რუსეთის მოქალაქე, იქაური კანონები­ ვიცი და ვეცდები, გამოვიყენო-მეთქი... შემდეგ სოცქსელში ჩვენს საერთო­ მეგობარს მივწერე­ და ვთხოვე, მისთვის ჩემი ტელეფონის ნომერი მიეცა. რამდენიმე დღეში­ დამირეკა­ და თავშეკავებულად მელაპარაკა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელ დავით­ ასათიანს უნდა შევუთანხმოო. თუ გნებავთ, მიეცით­ ჩემი ნომერი და დამირეკოს-მეთქი. დასძინა,­ არ მინდა ცხინვალის­ ციხეში კიდევ­ ერთი ტყვე ჰყავდეთო და შემპირდა, დაგირეკავთო, თუმცა არც მას და არც დავით­ ასათიანს არ დაურეკავთ. ალბათ, საქმის სირთულის გამო შეიკავეს თავი... მეც ასე მოვიქცეოდი...­ 19 დეკემბერს, დილით­ ადრე, დიდუბის ავტოსადგურიდან მსუბუქი ავტომანქანით­ გავემგზავრე ვლადიკავკაზში. ქალაქში ძალიან­ ადრე ჩავედი, რადგან იმ დღესვე უნდა წავსულიყავი ცხინვალში, რომ სასამართლო პროცესამდე თადარიგი დამეჭირა.

- ცხინვალში ოდესმე ყოფილხართ?
- 1996 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ერგნეთის ბაზრობა" არსებობდა, რაჭიდან­ ცხინვალში, ერთ ქართველთან სტუმრად ჩავედი... ვლადიკავკაზის ავტობუსის მძღოლმა ავტოსა­დგური მიმასწავლა, საიდანაც ცხინვალის მიმართულებით გადიოდა ტრანსპორტი. იქაურმა მძღოლებმა, ცხინვალელმა თუ ვლადიკავკაზელმა ოსებმა რომ გაიგეს, თბილისიდან ვიყავი, დამეხვივნენ. რამდენიმე ქართულადაც გამომელაპარაკა.

- რა უთხარით, ცხინვალში რისთვის მივდივარო?
- ოსი პოეტის, გიორგი ბესტაუთის საფლავზე მივდივარ-მეთქი... ძალიან კეთილგანწყობილი, ჩემი თაობის ხალხი იყო და ერთგვარი მონატრებაც კი ვიგრძენი. ცხინვალში წაყვანაზე უარი მითხრეს, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ უკან უსაფრთხოდ დაბრუნდები. ცხინვალში არავინ გყავს, ოსურად ერთი სიტყვაც არ იცი, თავის შეკავებას გირჩევთ, ქვედა ზარამაგის საზღვარზე არ შეგიშვებენო.­ ეს არის ჩრდილოეთ ოსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფი საზღვარი, სადაც ოსი მესაზღვრეებიც დგანან.

გაკვირვებული მიყურებდნენ. ერთმა მეგობრულად დამკრა ხელი და ქართულად მითხრა, მე არ წაგ­იყვან და თუ უნდა, სხვამ წაგიყვანოსო.
ტაქსის მძღოლების უარის შემდეგ ავტობ­უსში ავედი. ცხინვალის ე.წ. საზღვართან "ცხინვალელმა მესაზღვრემ" ჩემს დოკუმ­ენტებს რომ დახედა, ოსურად გამომელაპარაკა. რუსულად ვუპასუხე, ქართველი ვარ-მეთქი. სხვები გაატარა. შენ გვერდზე­ გად­ადიო და სადღაც დარეკა. მივხვდი,­ ხელმძღვანელობას ურეკავდა. ვისთან მი­დ­იხართო,­ მკითხა. გიორგი ბესტაუთთან-მეთქი. ნომერი მითხარი, დავურეკავო. 1978 წელს გარდაიცვალა. კარგი პოეტი იყო და ყოველთვის ვოცნებობდი მისი საფლავი მენახა, ცხინვალშია დასაფლავებული-მეთქი.
უცნაური ღიმილით მაკვირდებოდა და ჩემს სიტყვებს­ ხელმძღვანელობას­ ოსურად უთარგმნიდა. შემდეგ საუ­ბარი შეწყვიტა და კიდევ რამ­დენიმე კითხვა დამისვა. ამასობაში სხვებიც შემოგვიერთდნენ. აგრესიულები არ ყოფილან. ის "მესაზღვრეც" კი ცდილობდა, თავდაჭერილი ყოფილიყო. ამასობაში დაურეკეს, შემოუშვიო.

- მგზავრებმა იცოდნენ თქვენი ცხინვა­ლში წასვლის ნამდვილი მიზეზი?
- მათაც მოვუყევი პოეტზე, რომელმაც­ "ვეფხისტყაოსანი" ოსუ­რად თარგმნა...
ავტობუსში ოსი მამაკაცების უმეტ­ესობა ან სამხედრო პირი იყო, ან ე.წ. შსს-ს თანამშრომელი. ფორმა ეცვათ. უამრავ კითხვას მისვამდნენ. მთლად არ სჯეროდათ, თუმცა ე.წ. ცხინვალის საზღვართან მაინც ჩემი მხარე დაიჭირეს...

- არ შეგეშინდათ?
- სიმართლე გითხრათ, ქართულ მხარეს რომ დავბრუნდი, მერე უფრო შემეშინდა... სხვათა შორის, ცხინვალელმა "მესაზღვრეებმა" ავტობუსის მძღოლიც გაიყვანეს განზე და რაღაცები ჰკითხეს... ცხინვალის ავტოსადგურში რომ ჩავედით, შებინდებ­ული იყო. იქვე ახლოს, სასტუმრო "ალან­იაში" დავბინავდი. ეს არის საბჭოური სასტუმრო, ძველი ინფრასტრუქტურით, თუმცა, ყურადღებიანი პერსონალით.

ჩემი ქართული აქცენტით მიხვდნენ, სადაურიც ვიყავი და გაოცებით მითხრეს, ბოლო წლებში ქართველი სტუმარი პირველად გვყავსო...
5-სართულიან შენობაში სულ სამი ნომერი მუშაობდა. ძალიან მაინტერესებდა ქალ­აქი, თუმცა, ღამე სიარულს მოვერიდე და მისი დათვალიერება მეორე დღისთვის გადავდე. დილით ადრე ტაქსით წავედი სასაფ­ლაოზე. იქიდან სასამართლომდე რამდენიმე მეტრია.

- ბესტაუთის საფლავი მოვლილი იყო?
- არც ისე... ოსები პოეტებით განებივრებული არ არიან. ამ კაცმა ცხინვალის ქართული სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, თავისი პირველი ლექსები ქართულად გამოსცა... უსამართლობაა, რომ მისი სახელობის ქუჩა თბილისში არ გვაქვს. 45 წლისა გარდაიცვალა. უამრავი ქართველი მეგობარი ჰყავდა და პირველი ადამიანი იყო, ვინც ივანე მაჩაბლის პრემია მიიღო.
დილის 10 საათისთვის უკვე სასამართლოს შენობაში ვიყავი. ე.წ. სააპელაციო სასამართლო და უზენაესიც ერთ შენობაშია განთავსებული. ფეისკონტროლი გავიარე. დაცვას ვუთხარი, რუსეთიდან მოვდივარ, ქართველი ექიმის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოვედი-მეთქი. რატომღაც არავის გაჰკვირვებია. რამდენიმე ხანში იწყება პროცესი, დაბრძანდითო და იქვე სკამისკენ მიმითითეს. ცოტა ხანში ერთ-ერთი მოვიდა, სასამართლოს შენობა დატოვეთ, პროცესი დახურულიაო.

- მედია იყო ახლომახლო?
- არა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პროცესი დახურული იქნებოდა... სასამართლოს შესახებ ვლადიკავკაზელმა მგზავრებმაც კი იცოდნენ, რომლებიც მთელი გზა პუტინზე, სტალინზე, რუსეთზე, ბიბილოვსა და ვაჟა გაფრინდაშვილზე ლაპარაკობენ... პროცესი ოთხ საათს გაგრძელდა.

- ჩვენს ექიმს თუ მოჰკარით თვალი?
- დიახ, როცა სპეციალური მანქანიდან გადმოიყვანეს, რათა შენობაში შეეყვანათ...
რკინის ღობესთან მივედი და დავინახე, როგორ გადმოიყვანა ორმა ბრგე ბადრაგმა. შავი ქურთუკი ეცვა. პროცესის განმავლობაში ბადრაგი რამდენჯერმე გამოვიდა მოსაწევად­. მათთან გასაუბრება ვცადე. ორთან შევძელი გამოლაპარაკება. ექიმი თავს როგორ გრძნობს-მეთქი. ვინ ხართო, მკითხეს. დაძაბული იყვნენ. ახლობელი ვარ-მეთქი, ვუთხარი. ერთ-ერთმა მითხრა, უნდა გაიგოთ, რომ ეს უკვე სხვა ქვეყანაა და აქაური კანონი უნდა დაიცვათო... რატომღაც ყველას ჰგონია, რომ აქ თქვენი ექიმი ძალიან ცუდად არის, არადა,­ სულაც არ არის ასე, რადგან წვერი აქვს მოშვებული, ეს არ ნიშნავს,­ რომ ცუდად არის, როცა შვებულებაში გავდივარ, წვერს მეც ვუშვებო. სიგარეტს თუ ეწევა, გაგატანთ-მეთქი. არასდროს მინახავს, რომ მოეწიაო, მიპასუხა. ვთხოვე, თუ მასთან გასაუბრებას შეძლებთ, გადაეცით, რომ ქართველია ჩამოსული და გარეთ ელოდება, ასე ვცადე, მისთვის მხარი დამეჭირა-მეთქი. არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, ძალიან გაუკვირდა. დამშვიდობებისას ორივე ხელი ასწია და თავშეკავებული ღიმილით მითხრა, კარგად არის თქვენი ქართველი ექიმიო.

- მის ადვოკატთან საუბარი შეძელით?
- დიახ, ცოტა ხნით... ძალიან ნერვიულ­ობდა. განაჩენის შემდეგ აღელვებული­ გამოვიდა და მაშინვე სიგარეტს მოუკიდა. ტელ­ეფონზე ემოციურად ლაპარაკობდა. მივხვდი, სასიკეთო გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული. ორი სიტყვით მითხარით, რა ხდება-მეთქი. კარგი არაფერიო. მერე ხელები უმწეოდ გაშალა - ბრალმდებელმა­ მაქსიმუმი მოითხოვა, აბა, ამ შენობაში სიმართლის პოვნა შეიძლებაო?! რას აპირებთ-მეთქი? რა უნდა დავაპირო, ვემუდარები, დუმილის უფლება გამოიყენე-მეთქი, ის კი ყველა სასამართლო პროცესზე ერთსა და იმავეს იმეორებს: ეს საოკუპაციო რეჟიმია, ოკუპანტებმა დამაკავეს. ჩემს ქვეყანაში ვარ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვითომ საზღვრის დარღვევას მედავებიანო... იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. ძალიან განვიცადე და ფეხით გამოვუყევი გზას...

- რა ხდება ცხინვალის ქუჩებში?
- ახალი შენობები, ერთი სუპერმარკეტის გარდა, არ შემინიშნავს, თუმცა, საახალწლო განწყობა იგრძნობოდა. კაფეში შევედი ყავის დასალევად. დალაპარაკებისთანავე მიხვდნენ, რომ ქართველი ვიყავი, მაგრამ მათგან აგრესია არ მიგრძნია. სასტუმროში დაბრუნებულს ადმინისტრაციამ გამომკითხა, იპოვეთ პოეტის საფლავიო? სამი ადამიანიდან ორი ქართულად მელაპარაკებოდა. ქუჩებში სტალინის­ ფოტოები, მაღაზიასა და კაფეებში კი მისი მინიქანდაკებები შევნიშნე. საშაურმეშიც კი ჰქონდა ერთ ქალს... ვნახე სტალინის, პუტინის, მედვედევის, ლუჟკოვის სახელობის ქუჩები...

- უკანა გზაზე ისევ შეგაყოვნეს?
- არა... გამიღიმეს და ხელის აწევით დამემშვიდობნენ. დაბეჯითებით ვერ ვიტყვი,­ მაგრამ ვგრძნობდი, რომ ვიღაც მითვალთვალებდა. ლარსის საზღვარზე­ შემაყოვნეს და უამრავი­ კითხვა დამისვეს, როდიდან ვარ ორმაგი მოქალაქე, ცხინვალში ბოლოს როდის ვიყავი, სკოლა სად დავამთავრე, სამხედრო სამსახური თუ გავიარე.

- ოჯახმა იცოდა, სად მიდიოდით?
- ოჯახს ვუთხარი, გუდაურში მივდივარ-მეთქი. უკან მომავალმა სტეფანწმინდიდან დედას რომ დავურეკე, სახლში ვბრუნდები-მეთქი, მაშინ გავაცნობიერე, რომ გავ­რისკე. ის ორი დღე სხვა სამყაროში მეგონა თავი, სხვანაირად შევხედე ჩვენი ექიმის საქციელს. მე თავისუფლად დავდიოდი, თუმცა­ მაინც გამიჭირდა, ის კი ციხეში იჯდა და ყველაფრის მიუხედავად, არც ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა... როგორც კაცს და როგორც ქართველს, მინდოდა, სოლიდარობა გამომეხატა. ისიც ვიგრძენი, რომ მას იქ პატივს სცემდნენ...­ ძალიან მაინტერესებს, იმ ბადრაგმა თუ გადასცა ჩემი თხოვნა ჩვენს ექიმს. იმედია, ბატონ ვაჟასთან მექნება ამაზე საუბრის საშუალება.