ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - რა მოხდა თბილისში, "დამპალოს სასაფლაოზე" - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - რა მოხდა თბილისში, "დამპალოს სასაფლაოზე"

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარში მონაწილე პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

"საქართველოს შს სამინისტრომ 2019 წლის 3 იანვარს დაიწყო გამოძიება 2 იანვარს ქ. თბილისში ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1" ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2020 წლის 4 იანვარს, მიმდინარე გამოძიების ეტაპზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.( თავისუფლების უკანონო აღკვეთა)

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ.

ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა.

ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

2020 წლის 6 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზ.ფ-ს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2020 წლის 6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117 - ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ",-ნათქვამია ინფორმაციაში.