"ძალიან ვწუხვარ, ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა" - რა თქვა სასამართლოზე 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სამართალდამცველმა - კვირის პალიტრა

"ძალიან ვწუხვარ, ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა" - რა თქვა სასამართლოზე 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სამართალდამცველმა

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა, - ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ზურა ფოფხაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ.

"რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ", - განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ფოფხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ.

ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო