"ზურა ამბობს, მანქანა გამტაცეს, თან დედა მაგინეს, რომელიც 2 თვის გარდაცვლილი მყავს და ვეღარ მოვითმინეო, თავიც დაიღუპა და მეც დამღუპაო"
"ზურა ამბობს, მანქანა გამტაცეს, თან დედა მაგინეს, რომელიც 2 თვის გარდაცვლილი მყავს და ვეღარ მოვითმინეო, თავიც დაიღუპა და მეც დამღუპაო"
ფოტო:გარდაცვლილი მურად წურწუმია
"შვილი წამებით მომიკლეს... ხელს რატომ აფარებენ მას? არავის ვაპატიებ ჩემი შვილის სიკვდილს"

7 იანვარს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თბილისის მეორე განყოფილების უფროსის ზურაბ ფოფხაძის სასამართლო პროცესი. ბრალდებულს და მის მეგობარს 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავდა გარდაცვლილი ბიჭის დედა, მაგრამ მანდატურებმა ის შენობაში არ შეუშვეს, რადგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ ჰქონდა. ქალის განწირული ხმა სასამართლოს დარბაზში
აღწევდა, ის და მისი ოჯახის წევრები დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. "მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა. მარტო ერთი რატომ დაიჭირეს? სად არის მეორე დამნაშავე? ხელს რატომ აფარებენ მას? იმიტომ რომ ჯგუფური მკვლელობის ბრალდება უფრო მძიმეა და სასჯელი არ დაუმძიმდეთ?! არ
ვაპატიებ არავის ჩემი შვილის სიკვდილს! გამოვიდეს ის მეორე და თქვას, რომ ისიც მონაწილეობდა. არ გავჩერდები მანამდე, სანამ დამნაშავეები უმკაცრესად არ დაისჯებიან", - აცხადებდა სასამართლოში შვილმკვდარი დედა, ელისო წურწუმია.

ბედობის ღამეს მომხდარ დანაშაულს ახლა პროკურატურა იძიებს. მართალია ძალოვნებს ერთი პირი ჰყავთ ბრალდებული და ზურაბ ფოფხაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ მისი შვილის სიკვდილში დამნაშავე მეორე პირიც სპეცრაზმელია და მის დასჯასაც ითხოვს.

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მოხდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, წურწუმიები იმყოფებოდნენ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ფოფხაძე და მისი მეგობარი. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც ისინი სცემა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროსაც ბრალდებულმა მურად წურწუმიას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ზურაბ ფოფხაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მოკლულის ოჯახი ამ კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ითხოვს მომხდარს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

"ჩემი შვილი სასაფლაოზე სასტიკად სცემეს, მერე ქუჩაში შიშველი დააგდეს. სასიცოცხლო ნიშნები არ ჰქონდა, როცა სასწრაფომ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მოვითხოვ ორივე სპეცრაზმელი დაისაჯოს. ჩემი მეორე შვილი ამბობს, ორი კაცი გვირტყამდაო, აგერ არის ცოცხალი მოწმე და რატომ უნდა დაისაჯოს ერთი და არა ორივე დამნაშავე. ეს არის ჯგუფური დანაშაული, შვილი წამებით მომიკლეს. ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს ამ უფროსს, მერე გამოუშვებენ ალბათ და მეორე დაუსჯელი დარჩება? ამას მე ვერაფრით შევეგუები. რატომ მომიკლეს ჩემი შვილი, მურო მკვდარია, ჩემს მეორე შვილსაც თავი აქვს გატეხილი, ტვინის შერყევით მიწევს, მითხარით რას უშვებოდნენ?",- ამბობს შვილმკვდარი დედა.

ოჯახის ნათესავის თქმით, ძმები წურწუმიები იმ დღეს მამის საფლავზე ავიდნენ, ნასვამები იყვნენ. ადასტურებენ იმასაც, რომ ძალოვანის მანქანაში ისხდნენ ძმები წურწუმიები. "რომ გამოსულან სასაფლაოდან მანქანა დაუნახავთ, დაქოქილი მანქანა იდგა თურმე იქ, ეს სპეცრაზმელის მანქანა ყოფილა. იქ ჩამსხდარან, უნდოდათ თურმე სიგარეტისთვის მოეკიდებინათ და ცოტათი გამთბარიყვნენ, მანქანა გაიყვანეს გზაზე, რადგან ნასვამები იყვნენ და მერე გაუჩერებიათ. რომც მოეპარათ, ამისთვის უნდა მოეკლათ ბიჭები? პოლიციელები იყვნენ და დაეჭირათ, რატომ კლავდნენ. მანქანა გაუჩერებიათ, გადმოსულან მანქანიდან და გზაში რომ მოდიოდნენ იქ დაეწივნენ და ორმა კაცმა ისე სასტიკად სცემა ძმები, რომ მოკლეს მურო. აბსურდია, რომ ბიჭებს მანქანის გატაცება უნდოდათ. ძალიან პატიოსანი ბიჭები არიან. უკონფლიქტო იყო ეს საწყალი ბიჭი ",- ამბობს მურად წურწუმიას ნათესავი.
ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე სასამართლო პროცესზე
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმა პროკურატურას და პატიმრობის შეფარდებას. სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმაც აღიარა დანაშაული. ამბობს, რომ ნანობს მომხდარს. "ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, მე ვერ წარმომედგინა უბრალოდ, რომ ასე მოხდებოდა, ჩემი მიზანი იყო მანქანა არ წაეყვანათ, მეტი არაფერი არ ყოფილა. ორნი იყვნენ და მოხდა ჩხუბი... რა თქმა უნდა ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ", - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ ფოფხაძემ.

მურადის ძმა, დიმიტრი წურწუმია გამორიცხავს, რომ მის ძმებს მანქანა გაეტაცათ. "როცა მივიდნენ საფლავზე, იდგა მანქანა დაქოქილი, გათბობა ჩართული, ოღონდ კაციშვილი არ იჯდა. მანქანაში ჩასხდნენ, გაწიეს სადღაც 10-15 მეტრი და უკვე რომ მოვიდნენ აზრზე, რომ სხვისი მანქანა იყო, გააჩერეს და გადმოვიდნენ. ისინი უკნიდან დაესხნენ თავს და დაუწყეს ცემა. შემდეგ წამოიყვანეს ეს ჩემი ძმა. ჩემს ძმას ჰქონდა ეპილეფსია, ჩხუბის დროს გაითიშა და ურტყეს და ურტყეს თავის არეში, როგორც ვიცი მეორეს დაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ზემოდან არის დარეკილი, რომ ჩახსნეს ამის დაჭერა. ჩემს ძმებს თუ რამე დანაშაული ჰქონდათ, თვითონ პოლიციელი იყო, მოეკიდა ხელი, დაერეკა პოლიციაში და ჩაებარებინა, არ მერჩივნა ციხეში მჯდარიყო, ვიდრე მკვდარი მყავდეს აქ?!" - განაცხადა დიმიტრი წურწუმიამ.

განსხვავებულია ბრალდებულის მონათხრობი. ჩვენ გავესაუბრეთ ფოფხაძის ადვოკატს მევლუდ ჯანჯღავას:
- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს. 2 იანვარს ბედობა დღეს, ფოფხაძე თავის მეგობართან ერთად იყო "დამპალოს" სასაფლაოზე. რადგან მეგობარმა თხოვა და მას თავისი ავტომანქანით გაყვა. უკვე შებინდებული იყო, ორი პიროვნება, საკმაოდ მთვრალები, გარდაცვლილი და მისი ძმა ნახეს მის მანქანაში ისხდნენ და ცდილობდნენ მანქანის წაყვანას. ბრალდებული ამბობს, თავიდან ვცდილობდით ყოველგვარი შეხლა შემოხლის გარეშე გადმოგვეყვანა ისინი მანქანიდან, რადგან შს სამინისტროს თანამშრომელი ვარ და ვერიდებოდი ყველანაირ კონფლიქტსო. მაგრამ ამ დროს დაქოქეს მანქანაო. მანქანამ გაიარა სადღაც 15-20 მეტრი, მიეჯახეს ბოძს და იქ გაჩერდაო. ამ დროს მივიდა იმ ადგილას ზურა და გადმოათრია ისინი მანქანიდან და მაშინ ატყდა გინება და ჩხუბი. ეს ადამიანები ცდილობდნენ სხვისი ნივთის გატაცებას. მომხდარის მიზეზი ხომ უნდა ავხსნათ, რომ არ ჩამსხდარიყვნენ, ეს ხომ არ მოხდებოდა. ზურა ამბობს, მინდოდა მხოლოდ მანქანიდან გადმომეყვანაო. მანქანა გამტაცეს, თან დედა მაგინეს, რომელიც 2 თვის გარდაცვლილი მყავს და ვეღარ მოვითმინეო. ძალიან მწარედ განიცდის მომხდარს, ამბობს, თავიც დაიღუპა და მეც დამღუპაო. სამი მცირეწლოვანი შვილის მამაა. დიდი ხანია ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს.

- ასე სასტიკად რატომ გაუსწორდა?
- კონფლიქტში 4 პირი იყო, აქედან ერთი გარდაცვლილია, საქმეში არის გარდაცვლილის ძმის ჩვენება, რომელიც ამბობს, ორი პირი გვცემდაო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, თავად ზურა ამბობს, რომ ჩხუბი იყო, ის მეორე პირი, მეგობარი მოჩხუბრებს აშველებდა. თავად ის პირიც დაკითხულია და ისიც ამბობს ვაშველებდიო, ზურასაც ურტყამდნენ და ამ ჩხუბში ზურაც კი წაიქცაო. როგორც ბრალდებული ამბობს, ვინც საჭესთან იჯდა ის გაიქცა, ცემის შემდეგ ნახეს მეორე პირი ცუდად რომ იყო და ზურამ თავის სახლში წაიყვანა.

- სასწრაფო რატომ არ გამოიძახა მაშინვე?

- წესით სასწრაფოსთვის უნდა დაეძახათ, მაგრამ არ დაუძახეს, ამას განიცდის, უნდა გამომეძახაო. ღამით მიიყვანეს ზურას სახლში, სისხლი მოწმინდეს, ღია ჭრილობა არ ჰქონიაო, ტყუილია და სრული სისულელე, რომ თითქოს ქუჩაში მიაგდეს შიშველი და თვალებდათხრილი. მეორე დღეს, 3 იანვარს დილის საათებში რომ დამძიმდა მდგომარეობა, ზურამ სასწრაფო გამოიძახა, სასწრაფომ წაიყვანა კლინიკაში და გარდაიცვალა. მეორე პირი იმასაც ამბობს, პირიქით, გზაში ქურთუკიც კი მოვახურეთო. სასწრაფო რომ მან გამოიძახა, ესეც დადასტურდება. ექსპერტიზა დანიშნულია და დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.

- გასაგებია, მაგრამ ფაქტია, ცემის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა. ოჯახი ამბობს, რომ ნეკნებიც კი დამტვრეული ჰქონდა გარდაცვლილს და თავშიც სერიოზული დაზიანებები, ეს დაზიანებები რითია მიყენებული, საქმეში დანა ან სხვა რამე საგანი ფიგურირებს?
- ფიზიკურად ძლიერი ბიჭია ზურა, იმასაც მოხვდა ხელი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ცემის დროს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. საქმეში რაიმე საგანი არ ფიგურირებს, როგორც ჩანს, გაშლილ ხელს ან სავარაუდოდ, მუშტს ურტყამდა. დაზიანებები ექნებოდა გარდაცვლილს, ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნა იტყვის კონკრეტულად რა დაზიანება იყო.

- ქუჩაში სასტიკად სცემა ადამიანი და მერე ის თავის სახლში წაიყვანა? მთელი ღამე ნაცემი ადამიანი სახლში ჰყავდათ? იქნებ ისიც მითხრათ, ზურას მეგობარიც ძალოვანია?
- დიახ, ასე ამბობს ბრალდებული, რომ ღამით სახლში ყავდათ და უწევდნენ დახმარებას. ახლა ცდილობენ რომ ეს ფაქტი ჯგუფურში გაიყვანონ, მაგრამ რეალობა ასეთია. ზუსტად ვერ გეტყვით მეორე არის თუ არა ძალოვანი. მითხრა, ჩემი მეგობარიაო. ორმხრივი ჩხუბი იყო, შედეგი მძიმეა, ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ძალიან განიცდის მომხდარს და ამბობს, მეც დამღუპესო.

- მეორე ძმა გაიქცა და მერე უკან არ მობრუნებულა?
- ორივე ჩხუბობდა და გაიქცა მეორე, მერე აღარ მობრუნებულაო. პირი ითხოვდა თავისი კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნებას და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. როცა სასწრაფომ წაიყვანა, ამის შემდეგ მივიდა თავის სამსახურში, დაწერა პატაკი, ჩააყენა საქმის კურსში ხელმძღვანელობა და დაიწყო საქმის გამოძიებაც.

გამოძიებას დაკითხული ყავს გარდაცვლილის ძმა, მუხრან წურწუმია. სრულიად განსხვავებულია მისი ჩვენება. ის ყვება, რომ მათ ორი პირი სცემდა. ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, სახლში მივიდა. ეგონა, რომ მისი ძმაც მოვიდოდა, მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მურადმა გაქცევა ვეღარ მოახერხა. რის შემდეგაც ის სასაფლაოზე ისევ დაბრუნდა, თუმცა, სასაფლაოსთან მხოლოდ ძმის სისხლიანი ტანსაცმელი იპოვა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ იბრძოლებს მანამ, სანამ ორივე პირი უმკაცრესად არ დაისჯება, პროკურატურა აცხადებს, რომ მოგვიანებით საქმის დეტალებს გააცნობს ოჯახს და საზოგადოებას.

(სპეციალურად საიტისთვის)

nan
10 იანვარი 2020 13:46
მანქანის პატრონი, რომ ფიზიკურად ძლიერი პიროვნება არ ყოფილიყო, ძმები წურწუმიები ნეტა ცოცხალს დატოვებდნენ და ბოდიშისმოხდით დაუბრუნებდნენ მანქანას?
მე...
09 იანვარი 2020 23:07
რა ზღაპრებს ყვებით!...საშინელებაა ადამიანი რომ კვდება,მაგრამ თქვენი თავები მანახა,როცა ასე უცერემონიოდ აგახევენ საკუთარ ქონებას თვალსა და ხელს შუა და გინებ-გინებით!დალოცვილებო,კრიმინალი დასჯადია და რატომ შერჩევით?!..აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გარდაცვლილის ძმას,როგორც დანაშაულის ჩადენის თანამონაწილეს....ან სად იყო ისეთი ყინვა რომ სხვის მანქანაში ჩასხდნენ გასათბობად.მორჩით ზღაპრებს და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით!
კაკო
09 იანვარი 2020 22:01
ცუდი ამბავია და ტრაგედიაა. მაგრამ ქურდობა ძალია სამარცხვინო საქმეა.სხვის ქონებას არ უნდა შეეხო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა