24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში, ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა.

შესაბამის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყება შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს ამჯერად ჯგუფურად ძალადობასაც ედავება.

"გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ"" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.

ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ.

დღეს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ"" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "ზურა ამბობს, მანქანა გამტაცეს, თან დედა მაგინეს, რომელიც 2 თვის გარდაცვლილი მყავს და ვეღარ მოვითმინეო, თავიც დაიღუპა და მეც დამღუპაო"

"ინტერპრესნიუსი"