"აფხაზეთში ქართველი "კანონიერი ქურდების" გაძლიერებას ელიან" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში ქართველი "კანონიერი ქურდების" გაძლიერებას ელიან"

აფხაზეთში უკიდურესად დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. სოხუმში საპროტესტოდ ქუჩაში გასული ხალხი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს. პროტესტანტებმა 9 იანვარს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ხაჯიმბას გადადგომას ურჩევს. პოლიტიკური ვითარების გამწვავებას აფხაზეთში უკიდურესად გამწვავებული კრიმინალური ვითარება და სისხლიანი გარჩევები უძღვოდა.

ორწლიანი დუმილის შემდეგ აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდების შეტაკება ახალ, უფრო დაძაბულ ფაზაში გადავიდა.

22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, რესტორან "სან რემოში" ადგილობრივ კრიმინალებს 80-მდე ტყვია ესროლეს... შემთხვევას ორი ე.წ. კანონიერი ქურდი - ასტამურ შამბა ("ასტიკი") და ალხას ავიძბა ("ხასიკი") შეეწირა. რუსტამ შამბა მძიმედ დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოგვიანებით გარდაიცვალა 22 წლის დომინიკა აკირთავა, მას 2 წლის შვილი დარჩა და ძმა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაეცვალა. მოსახლეობა სოციალურ ქსელში ითხოვდა, კომაში მყოფი გოგონას მოსკოვში ან თბილისში გადაყვანას, მაგრამ სოხუმის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, ეს დაუშვებელი იყო, რადგან მისი ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა...

რა ხდება გალში

რამდენიმე დღეა ჩაკეტილია ენგურის ადმინისტრაციული საზღვარი. რეიდებია გალის რაიონში - აფხაზეთის ე.წ. მილიცია ეჭვმიტანილს გალში ეძებს.

გალის მცხოვრები: - ბოლო წლებში აქაურობას გუდაუთელი აფხაზის, რაულ ბარცბას, მეტსახელად "პიზას" კლანი აკონტროლებდა და ძალიან მძიმე ვითარება იყო. გარანტია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ქართველი კრიმინალების გავლენის დროს მეტ-ნაკლებად დაცული ვიყავით, ბარცბამ კი აქაც სეპარატისტული განწყობა შემოიტანა, ყველა განდევნა, ან მოკვლით დაემუქრა და გააჩუმა, რაც არ აპატიეს. ბოლო დღეებია, გალში ცალკე მილიცია აწყობს რეიდებს, ცალკე კრიმინალები აქტიურობენ. ბარცბა პოლიტიკაზეც ახდენდა გავლენას და ამის გამოძახილი იყო გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ქართველთმოძულე თემურ ნადარაიას გამოსვლები, რომ ქართული ენა არ უნდა ისწავლებოდეს და ქართველ სტუდენტებს ენგურს იქით გადასვლა უნდა აეკრძალოთ...

ქართველი კრიმინალების გავლენა აფხაზეთში

აფხაზები წერენ, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში ჩართული, რეგიონში ჩაკეტილი "პიზას" არასწორი სტრატეგიის შედეგია, რომ მას საყრდენი გამოაცალეს და ახლა შეიძლება აფხაზეთში გავლენა ქართულმა კლანმა დაიბრუნოს, რადგან ბარცბამ თვითიზოლაციით ე.წ. ქურდულ სამყაროში ყველა გზა მოიჭრა.

"ასტიკი" და "ხასიკი" რეგიონში ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, 53 წლის რაულ ბარცბას ნათლულები და უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ. ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, საქმე უახლოეს ხანებში უნდა გაიხსნას და მკვლელობის დამგეგმავები უნდა გამოვლინდნენ. აფხაზური მედიის უწყებით: "სოხუმში მომხდარი მკვლელობის ავტორებმა საქართველოს შეაფარეს თავი"...

ეს ამბავი სათავეს შორიდან იღებს

აფხაზეთში მთავარი "კანონიერი ქურდის" სტატუსის გამო ბარცბას "სოხუმის კლანის" მეთაური მერაბ ჯანგველაძე დაუპირისპირდა. უფრო ადრე, 2014 წელს, ბარცბამ ახალი მეტოქე აღარ გაიჩინა და ის ჯანგველაძის პროტეჟეს, ასევე გუდაუთელი ალხას აგრბასთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის მინიჭებას შეეწინააღმდეგა. მოგვიანებით ამ საქმესთან დაკავშირებით აფხაზეთში ჩავიდა დედით აფხაზი, გაგრაში დაბადებულ-გაზრდილი და ამჟამად დევნილი ნიკო დგებუაძე ("ნიკო გაგრინსკი"). ბარცბას ნათლულები ავიძბა და შამბა მას გზაზე დახვდნენ და მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2017 წელს გუდაუთელმა "პიზამ" თვითიზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ადგილობრივ კრიმინალებს, ქართველი ქურდების მეგობრებს - ვალერ ხაშბას და თემურ ახუბას, იგივე "დინრიდის" და "მაკოლიას" სცემა.

ბარცბას შესაჩერებლად და ნიკო დგებუაძის დასახმარებლად დმანისში დაბადებული აზერბაიჯანელი ქურდის, სისასტიკით ცნობილი ნადირ სალიფოვის (იგივე "გული ბაკინსკის") დავალებით აფხაზეთში "რომა სტავროპოლსკი" (რომან დმიტრიევი) და "რაშად გიანჯინსკი" (რაშად ალიევი) ჩავიდნენ. აფხაზური მედია წერდა, რომ მაშინ ბავშვობის მეგობრებმა ნიკა დგებუაძე აფხაზეთში დაცვის კოლონით შეიყვანეს, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ვიღაცამ გასცა და სამივეს სასტიკად სცემეს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: აფხაზი კრიმინალების მკვლელობაში ქართველ "კანონიერ ქურდებს" ადანაშაულებენ - აფხაზეთში კრიმინალური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავა?