"დაცვის თანამშრომელმა იყვირა, ჩქარა გაიქეცითო. მოვასწარით კლუბის კარის ჩაკეტვა" - ვინ არის "ბასიანზე" თავდასხმისთვის დაკავებული? - კვირის პალიტრა

"დაცვის თანამშრომელმა იყვირა, ჩქარა გაიქეცითო. მოვასწარით კლუბის კარის ჩაკეტვა" - ვინ არის "ბასიანზე" თავდასხმისთვის დაკავებული?

12 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კლუბ "ბასიანთან" დამნაშავემ 18-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები "ბასიანის" თანამშრომლები არიან. ისინი სასწრაფოდ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ორ მათგანს ტყვია ფეხში მოხვდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, ერთი ახალგაზრდა კი ზურგის არეში შედარებით მსუბუქად იყო დაჭრილი და სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ იმავე დღეს სახლში გაწერეს.

სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ვაკეში, თავის საცხოვრებელ სახლთან, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი დააკავეს. მას ასევე წაუყენეს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. როგორც ირკვევა, ჩაჩხიანი იმ დღეს კლუბში იყო და კლუბის დიჯეისთან შელაპარაკება მოუხდა, ამ ინციდენტის გამო დაცვამ ჩაჩხიანს კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. თუმცა განაწყენებული გარკვეულ ხანში "ბასიანში" შეიარაღებული დაბრუნდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

"სავარაუდოდ, ნასვამი იყო, აგრესიულად იქცეოდა და დაცვამ დაატოვებინა იქაურობა. მომხდარი ინციდენტიდან ალბათ ნახევარ საათში დაბრუნდა კლუბთან შეიარაღებული და სროლა ატეხა. დაცვის თანამშრომელმა დაინახა, რომ იარაღი ჰქონდა და იყვირა, ჩქარა გაიქეცითო. მოვასწარით კლუბის კარის ჩაკეტვა. კლუბის კარსაც ესროდა, ნატყვიარი ეტყობა კარსაც", - ამბობს თვითმხილველი.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულისგან პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, ასევე 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. ახლა ჩაჩხიანს სასამართლოში მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ იმეტებდა ამ ადამიანებს სასიკვდილოდ, რატომ გაისროლა ამდენი ტყვია და როგორ აღმოჩნდა მის ხელში 6 დანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი?

ბრალდებული ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. მეზობლები ამბობენ, რომ ჩაჩხიანი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა სხვას მეტყველებს მომხდარი. დაკავებულს ბრალს 13 იანვარს წაუყენებენ და მის ინტერესებს, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. როგორც ირკვევა, ჩაჩხიანი ადრე ნასამართლევი იყო. თურმე 2010 წელს, ფალიაშვილის ქუჩაზე სროლა ერთ-ერთ აფთიაქთან მას შემდეგ ატეხა, როცა აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები არ მისცეს. მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა იქვე მდებარე ტურისტული კომპანიის ინვენტარი. ჩაჩხიანი მაშინაც დააკავა პოლიციამ და ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ხულიგნობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის.

სასამართლომ ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით შეწყალების საფუძველზე ჩაჩხიანმა ციხე დატოვა.

ახლა კი უმძიმესი ბრალდებით წარსდგება სასამართლოს წინაშე. საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და სამართალდამცავებმა დაჭრილები და ფაქტის თვითმხილველებიც უკვე დაკითხეს. კლინიკის რეანიმატოლოგის, სულხან სამხარაძის განცხადებით, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ სახლში მალე გაწერენ. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, კლუბ "ბასიანში" არაერთხელ მომხდარა ინციდენტი. ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით კლუბის ხელმძღვანელობას, მაგრამ ისინი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

"18 ტყვია გვესროლეს"

"ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა მომხდარს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი: "ყველაფერი კარგადაა, თუ ამას კარგად ყოფნა ჰქვია, თუმცა უარესებიც გადაგვიტანია. მადლობა და ბოდიში ყველას, ვისაც სიცოცხლის ფასად უჯდება "ბასიანის" სიყვარული.

პს: იმედი მაქვს ისევ საომარი არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა", - წერს ნაჯა ორაშვილი და მომხდარის დეტალებზე შემდეგს წერს: ნაჯა ორაშვილი

"დღეს, 12 იანვარს, 18 ტყვია გვესროლეს. კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით, სახლიდან მოიტანა 12-კალიბრიანი, ოფიციალურად გაფორმებული ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ("ვინჩესტერის" ტიპის) და კლუბის გარე პერიმეტრზე 18-ჯერ გაისროლა. დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში. ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში.

ოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელი მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით. სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს "ბასიანს", რომლებიც წარმოუდგენელ სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია და რამხელა რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს ჩვენი უსაფრთხოება".

ნაჯა ორაშვილი კლუბში მომხდარ სხვა ფაქტებსაც იხსენებს. "12 რიცხვი ნამდვილად კარმულია "ბასიანისთვის". ზუსტად 2 წლის წინ, 12 იანვარს, ჩვენი დაცვის წევრებს კლუბის წინ უშველებელი დანებით დაესხნენ თავს, 12 მაისის სპეცოპერაცია და დღეს, 12 იანვარს კი 18-ჯერ გვესროლეს", - წერს ორაშვილი.

2 წლის წინ, "ბასიანში" მომხდარი ფაქტი საკმაოდ გახმაურებული იყო. მაშინ დაცვის უფროსი, დაცვის ერთი წევრი და პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი დანით დაჭრეს. დაცვის უფროსი ზვიად მესხი, მაშინ თავის არეში იყო დაჭრილი და დაჭრილის ფოტოც ყველამ ნახა. როგორც თავად დაჭრილი ამბობდა, რომ არა პოლიციის ოპერატიული მოქმედება, შეიძლება ცოცხალი ვერც გადარჩენილიყო. ოპერატიულად დააკავეს ამ დანაშაულში ბრალდებული ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის ვაჟი, 26 წლის თამაზ ქვლივიძე. როგორც საქმიდან ჩანდა, ქვლივიძე იმ დღეს კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად ნასვამი მივიდა, უნდოდათ კლუბში შესვლა, მაგრამ "ფეისკონტროლი" ვერ გაიარა, რასაც მოყვა ჩხუბი. საპატრულო ეკიპაჟი სწორედ ჩხუბის დროს მივიდა და დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის მოქნეული დანა პოლიციელმა დაიჭირა ხელით და ისიც დაიჭრა. საქალაქო სასამართლომ თამაზ ქვლილიძე 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა ამას მაშინ დიდი ხმაური და პროტესტი მოყვა. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა, სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებული ქვლივიძე სასამართლო დარბაზში დააკავა.

იხილეთ ასევე: "სანადიროდ უნდა წავსულიყავი, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს" - "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

(სპეციალურად საიტისთვის)