"ყოველ წამს გულში ასეთი აზრები და ტკივილი მიტრიალებს, როგორ უნდა გავძლო თემირლანის გარეშე ამ ქვეყნად" - კვირის პალიტრა

"ყოველ წამს გულში ასეთი აზრები და ტკივილი მიტრიალებს, როგორ უნდა გავძლო თემირლანის გარეშე ამ ქვეყნად"

გამოძიების ყველაზე მთავარი მტკიცებულება ის იყო, რომ ხელყუმბარა ჰქონდა თემირლანს. ხელყუმბარა საერთოდ არ ყოფილა, ის არის შემოტანილი, - ამის შესახებ განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამოძიების ფარგლებში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმისთვის უკვე არა ცალკეული პირები, არამედ მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს.

"ის ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული. ვიღაცისთვის შეცდომაა, მაგრამ მე დღესაც ყოველ საღამოს, როდესაც ხეობაში ვარ, ჭიშკარში ველოდები თემირლანს. მეც ვიბრძვი და მთელი საზოგადოებაც იბრძვის ამ საქმისთვის, რომ სამართლიანად გაიგოს საზოგადოებამ, რა ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში. მე მაინც ყოველ წუთს, ყოველ წამს გულში ასეთი აზრები და ტკივილი მიტრიალებს, როგორ უნდა გავძლო თემირლანის გარეშე ამ ქვეყნად, ცხოვრება როგორ უნდა გავატარო. ამ ხელყუმბარამ საზოგადოება ჩააგდო ეჭვში და ამ საქმეს ეჭვის თვალით შეხედა. ხელყუმბარა საერთოდ არ ყოფილა, ის არის შემოტანილი. ხელყუმბარა შემოიტანეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან დალუქული. პაკეტზე აწერია გაბრიელ სალოსის ქუჩა 21 ნოემბერი. იმ პაკეტით არის შემოტანილი, შემდგომში გატანისას ისევ იმ პაკეტით ილუქება და მიაქვთ ეს ხელყუმბარა. დღევანდელი სისხლიანი სისტემა, ხელისუფლება შეეცადა ამ ტყუილისგან რაღაც ნაწილი მაინც დამაჯერებლად გადაეცათ ხალხისთვის. დღეს არა გარკვეული ნაწილი, არა ის ხალხი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ამისთვის მთელი სახელმწიფო აგებს პასუხს. მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მან იმ კითხვის ნიშნებზეც ისაუბრა, რომელიც სპეცრაზმელების ჩვენებებმა გამოიწვია.

"ჩვენ უკვე მოგვაწოდეს, რაც ჰქონდათ. აქამდე, იძახდნენ გრიფი "საიდუმლო" ადევსო, გამოძიება მიმდინარეობს, მტკიცებულებები გვაქვსო და ამით საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდნენ. ამ პერიოდში თუ სადმე რამე სიბინძურე არსებობს სახელმწიფოში ჩემზე ყველაფერი გამოიყენეს, რომ გავჩუმებულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ეს ოთახი არის პატარა, სადაც თემირლანი იწვა, სპეცრაზმელი ორი ნაბიჯით შესულია ოთახში, ხელში იარაღი უჭირავს და ამასთანავე ამბობს ჩვენებაში, რომ თემირლანი ჯერ მარჯვნივ გადაიხარა და შემდეგ მარცხვნივ, მერე ხელყუმბარა ამოიღო და შემდეგ სცადა მისი გააქტიურება. საინტერესოა, ამდენ ხანში სპეცრაზმელი რას ფიქრობს, ან რას აკეთებს, მითუმეტეს, იარაღით ხელშია. ეს არის შეთხზული საქმე", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს აყენებს. EMC სროლის განმახორციელებელი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის დადგენილის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვს.

EMC-ის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელის გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა და მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები.

"ინტერპრესნიუსი"