საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განმარტა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მასალების განადგურების დიდი რისკი არსებობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი იჩუკაიძის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა აღნიშნა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

"ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გიორგიმ თავის სიტყვაში ისაუბრა. მან თავისი აზრი გამოთქვა საქმის მოტივზე. მას სურს, რომ აღნიშნულ საქმეზე დეტალურად თვითონ მისცეს ჩვენება და თუ საქმე დადებითად წავა, თვითონ დააფიქსიროს მოტივი სასამართლო პროცესზე. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მოსამართლის გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო ამომწურავი გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა საფუძველი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი. მოსამართლეს ვერ დავეთანხმები იმაშიც, რომ თავისუფლების შემთხვევაში გიორგი გაანადგურებდა საქმის მტკიცებულებებს იქიდან გამომდინარე, რომ ის ნებაყოფლობით მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში," - აღნიშნა ლევან მარსაგიშვილმა.

გიორგი იჩუკაიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” ედებოდა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"