"მე მხოლოდ ჩიჩხიტურზე ასვლა მინდოდა, მაგრამ ბორკილები დამადეს და წამომიყვანეს"
"მე მხოლოდ ჩიჩხიტურზე ასვლა მინდოდა, მაგრამ ბორკილები დამადეს და წამომიყვანეს"
"როდესაც ჩამოვყავდით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავუძახე, რომ გარეჯი საქართველოა"

30 წლის გიორგი იჩუკაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ახლა ის საქმის არსებით განხილვას ელოდება და მაშინ ისაუბრებს დეტალურად, თუ რატომ აიყვანა მძევლად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრე.

გამოძიების მტკიცებით, 14 იანვარს გიორგი იჩუკაიძე სასაზღვრო ზონაში იმყოფებოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მუქარით ქართველი მესაზღვრე აიძულა, წასულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთისკენ. ამ დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი რამდენიმეჯერ გაისროლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
თანამშრომლების ოპერატიული მუშაობის შედეგად ვითარება დროულად განიმუხტა და იჩუკაიძე დააკავეს. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარაც.

ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა სასამართლოს სთხოვა გიორგი იჩუკაიძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ, რადგან ბრალი აღიარა, საქმის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ კი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და გიორგი იჩუკაიძისთვის პატიმრობა მოითხოვა. "როგორც
ბრალდებულმა განაცხადა, ის დავითგარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გასაძევებლად მივიდა. თვლის, რომ ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, საქართველოს ტერიტორიაა... მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ხელში ჩაგდება სურდა, სწორედ ამიტომ აიყვანა მძევლად ქართველი მესაზღვრე და დანარჩენ მესაზღვრეებს სთხოვდა, გადაეცათ მისთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. თავად ბრალდებულს ხელყუმბარა და პისტოლეტი ჰქონდა. ის აღიარებს დანაშაულს, თუმცა ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა პროკურორმა.
თავად ბრალდებულმა სასამართლოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ავედი ჩიჩხიტურზე ქართველებისთვის, ჩემი ძმებისთვის. მე არავის მოკვლა არ მინდოდა, არც ის, რომ ქართველების ხელით მოვმკვდარიყავი. მე ვარ ქართველი და ისინი ჩემი ძმები არიან. რაც შეეხება კონფლიქტს, იქვე, როდესაც იარაღი მეჭირა, მაშინვე მოვუხადე ბოდიში მესაზღვრეს, როცა შევატყვე, შეშინდა. ასეა საჭირო-მეთქი, თქვენი ხელით არ უნდა მოვკვდე, ჩიჩხიტურზე ასვლამდე კი თქვენ მესვრით, ამიტომ მჭირდები-მეთქი. არც ავტომატი წამირთმევია, როგორც თქვით. უბრალოდ მეჭირა იარაღი, არ გამომიყენებია. რამდენიმე წუთი, რაც იქ ვიყავით, მე და ის მესაზღვრე ერთად ვიცავდით საქართველოს. ვფიქრობ, ეს მარტო მე არ გამიკეთებია, ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით გავაკეთეთ. ჰაერში არ მისვრია, არც ჩიჩხიტურზე გამისვრია. მხოლოდ ჩიჩხიტურზე ასვლა მინდოდა, მაგრამ არ ამიშვეს. ბოლოს ბორკილები დამადეს და წამომიყვანეს. როდესაც ჩამოვყავდით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავუძახე, რომ გარეჯი საქართველოა".

ადვოკატი არ ახმაურებს იჩუკაიძის ჩვენების დეტალებს. მისი თქმით, ბრალდებულს სურს სასამართლოში თავად ახსნას, რატომ მოხდა ეს ინციდენტი.

რუბენ იჩუკაიძე, ბრალდებულის მამა: "გიორგი ცხვარს მწყემსავდა. დედისერთაა, ძირითადად, მარტო ცხოვრობს. პატიოსანი, სამშობლოს უზომოდ მოყვარული კაცია. ეს იყო მისი პროტესტი იმის გამო, რომ ქართველები დავითგარეჯში ვერ ადიან მოსალოცად. სხვა ინტერესი გიორგის არ ექნებოდა. გაიკითხეთ, სადაც გინდათ, კარგი გულის ადამიანია, უკონფლიქტო.
წარმოუდგენელია, ვინმე მძევლად აეყვანა, ან ვინმესთვის რამე დაეშავებინა. ეს საქართველოს ეკლესიის და სამშობლოს სიყვარულმა ჩაადენინა. ახალგაზრდაა და ემოციებმა დაღუპა. პროცესზე უთქვამს კიდეც, ვერ გადავიტანე, რომ მონასტერში მოსალოცად არ უშვებენ ქართველებს და რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა ამევსოო".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები