"შენ ბევრს არაფერს მოგისჯიან, შეგიძლია მარტივად გაიუმჯობესო მატერიალური მდგომარეობაო", - ასე აქეზებენ და ბავშვებიც დანაშაულზე მიდიან" - კვირის პალიტრა

"შენ ბევრს არაფერს მოგისჯიან, შეგიძლია მარტივად გაიუმჯობესო მატერიალური მდგომარეობაო", - ასე აქეზებენ და ბავშვებიც დანაშაულზე მიდიან"

"ჩვენს არასრულწლოვნებში პრობლემაა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. სასმლისთვის ფულის მოსაძიებლად რაღაცას გატეხენ, მოიპარავენ, ნივთს ჩააბარებენ, იყიდიან, დათვრებიან და დანაშაულს სჩადიან. ამას ვინმე აკონტროლებს?"

რამდენიმე წელია მკვეთრად მოიმატა არასრულწლოვანთა დანაშაულებმა. მოზარდები ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს სჩადიან - ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას. გახშირდა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებიც. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი გიორგი ღლონტი კანონდამრღვევი არასრულწლოვნების მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ თეორიებს გვიზიარებს:

- არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდის უამრავი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, უპირველესად კი ვითარება ქვეყანაში, სიღარიბე, უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, დარღვეული ოჯახები... მშობლები მთელი დღით საშოვარზე არიან და მოზარდებს არ უთმობენ სათანადო დროსა და ყურადღებას. სკოლამ უნდა აკონტროლოს ბავშვი, დააკვირდეს მას და თუ არის პრობლემები, ის სოციოლოგების და ფსიქოლოგების დახმარებით გადაწყვიტოს და არა პოლიციით. შსს-შიც არ არის გამართული პრევენციული საქმიანობა. არ არსებობს არასრულწლოვანთა დახმარების და მომსახურების სივრცე, არც სპეციალისტები არიან. მოკლედ, სრული განუკითხაობაა.

- არასრულწლოვანს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, ესეც ათამამებს მოზარდებს.

- არასრულწლოვანთა კოდექსი შექმნილია იმისათვის, რომ შეარბილონ პასუხისმგებლობა, იქნებ ახალგაზრდა პრევენციას დაექვემდებაროს, შეიცვალოს და ა.შ. პრინციპში, ეს კარგი იდეაა, მაგრამ როდესაც არსებობს მძიმე დანაშაული, არაფერი გააკეთო და თავიდან აიცილო პასუხისმგებლობა, ბავშვი უფრო მძიმე დანაშაულზე გადადის და კრიმინალად ყალიბდება.

შსს-ში უნდა იყოს სპეციალური ოთახები, სადაც ჩატარდება გამოკითხვა, დაკითხვა და მიმართავენ პრევენციულ ზომებს, რათა მოზარდები ყოველთვის კონტროლქვეშ იყვნენ. კანონმდებლობაში ეს საკითხები სპეციფიკურად უნდა იქნეს განხილული. როდესაც დანაშაული ჯგუფურად ხდება და იყენებენ ცივ ან ცეცხლსასროლ იარაღს, როდესაც ბავშვები ყაჩაღობენ ან თანატოლებს ართმევენ ნივთებს, შემჩნეული არიან ძალადობაში, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული მკაცრი პრევენციული ზომები. თუ ეს გადავიდა დანაშაულში, ის აუცილებლად უნდა იქნეს აღკვეთილი, ვინაიდან განუკითხაობა კიდევ უფრო ზრდის დანაშაულს.

- გვსმენია, რომ ასეთი მოზარდების უკან ზრდასრული კრიმინალები დგანან. - ბავშვი მხოლოდ 14 წლამდე შეიძლება არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. 14-დან 18 წლამდე ის არასრულწლოვნად ითვლება, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება. მათ მხოლოდ რამდენიმე შეღავათი აქვთ, მაგალითად, არ შეიძლება მიუსაჯო 10 წელზე მეტი. მოზარდების უკან შესაძლოა დგანან ზრდასრული ბოროტმოქმედები, რომლებიც მათ, ასე ვთქვათ, ამუშავებენ. არასრულწლოვნის ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია და თუ იცი ბავშვთა ფსიქოლოგია, შეიძლება მათ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგო. "შენ ბევრს არაფერს მოგისჯიან, შეგიძლია მარტივად გაიუმჯობესო მატერიალური მდგომარეობა, შენ უშიშარი ხარ, მაგარი", - ასე აქეზებენ და ბავშვებიც დანაშაულზე მიდიან.

დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი არ ფიქრობს იმაზე, 5 წელს მიუსჯიან თუ 10-ს. ის მიმართულია კონკრეტული დავალების შესრულებაზე ან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე. ამიტომ კანონის გამკაცრება უარესია. როდესაც არასრულწლოვანს 10 წელს მიუსჯი მაღაზიის გაქურდვაზე, რა ადამიანი გამოვა ციხიდან? დანგრეული ფსიქიკით, ჯანმრთელობით და ა.შ.

- სხვა ქვეყნებში რა ვითარებაა? - აშშ-ში ქურდობა-ყაჩაღობა მოზარდებისთვის არ არის მიმზიდველი, იქ მომატებულია ძალადობა, რაც განპირობებულია ინტერნეტის, მასმედიის, ძალადობაზე ფილმებისა და თამაშების გავლენით, რაც მათ აგრესიულს ხდის. ჩვენს არასრულწლოვნებში პრობლემაა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. სასმლისთვის ფულის მოსაძიებლად რაღაცას გატეხენ, მოიპარავენ, ნივთს ჩააბარებენ, იყიდიან, დათვრებიან და დანაშაულს სჩადიან. ამას ვინმე აკონტროლებს? ნებისმიერ მაღაზიაში არასრულწლოვანს სასმელსაც მიჰყიდიან და სიგარეტსაც, მით უმეტეს მაშინ, თუ აგრესიული ჯგუფი შევა. აშშ-ში სასმელს ვერ იყიდი დოკუმენტის გარეშე, სკოლებისა და უნივერსიტეტების გარშემო არის ზონები, სადაც აკრძალულია ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვა. საქართველოში კი პირდაპირ სკოლების გვერდზეა ლუდის ბარი, ნებისმიერ ჯიხურში იყიდება სასმელი და სიგარეტი.

ამერიკაში მთელი თეორიები აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ამ პრობლემას. ზოგმა გაამართლა. მათ შორის ერთ-ერთია მკაცრი ბანაკები, სადაც სამხედრო დისციპლინაა და ისე მკაცრად ეპყრობიან, როგორც ჯარში - 6 საათზე ადგომა, ვარჯიში, უფროსებთან ურთიერთობები, აჩვევენ შრომას. დაუმორჩილებლებისთვის არსებობს კარცერი და გარკვეული სასჯელები. მუდმივ ზეწოლას დაახლოებით 1-2 თვეში ძალიან დადებითი შედეგი მოაქვს.

გერმანიაში არასრულწლოვნებს ეკრძალებათ სიარული ღამის კლუბებში, იქ გასართობი ადგილები 10-11 საათზე იკეტება. ღამის საათებში მოზარდებს არ აძლევენ ხეტიალის საშუალებას. სკოლებში მკაცრი კონტროლია - ბავშვი სკოლის დროს ქუჩაში თუ დადის, ეს შეიძლება პოლიციამ გააჩეროს და დაჰკითხოს. საღამოს საათებში არასრულწლოვნებისთვის არის სპეციალური ინსტრუქციები და შეზღუდვები. ამერიკაში ღამის საათებში თუ დაინახეს, არასრულწლოვანი უპატრონოდ დახეტიალებს, მას აკავებენ, დაჰკითხავენ, ესაუბრებიან მშობლებს, აძლევენ გაფრთხილებას და ა.შ. თუ გაფრთხილება არ გაჭრის, შეიძლება უფრო მკაცრი ზომებიც მიიღონ.

ასე რომ, თუ ზომები არ მივიღეთ, შეიძლება არასრულწლოვანთა დანაშაულები უფრო გახშირდეს. საგანგაშოა, რომ ზოგიერთი ბავშვობის ასაკში ხვდება არასრულწლოვანთა კოლონიაში და იქიდან ჩამოყალიბებული დამნაშავე გამოდის. მათ ბიოგრაფია უფუჭდებათ. მათი მონაცემები კომპიუტერში ინახება და მათთვის საჯარო სამსახური აღარ იარსებებს. ამ ბავშვებს ასეთი სირთულეები რომ არ შეექმნათ, სკოლამ, ოჯახმა, პოლიციამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ, ნახონ, სად იკრიბებიან ახალგაზრდები, რას საქმიანობენ. ეს მძიმე კონტინგენტია და მასთან მუშაობას დიდი ძალისხმევა სჭირდება.