რა ნარკოტიკი გამოჩნდა შავ ბაზარზე - კვირის პალიტრა

რა ნარკოტიკი გამოჩნდა შავ ბაზარზე

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკი გამოჩნდა. ლაპარაკია GHB-ზე, რომელიც მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და დროთა განმავლობაში ქლაბერების საყვარელი ნივთიერება გახდა. ნარკოლოგები საზოგადოებას კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ GHB-ის ახალი ნაერთის მოხმარება უმძიმეს შედეგს იწვევს. ამ კლუბურ ნარკოტიკს "ქიმიური სექსის" სახელითაც იცნობენ.

ზურაბ სიხარულიძე, სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელი, ნარკოლოგი: "ახალი წლის დღეებში და მანამდეც ემერჯენსში რამდენიმე კაცი მოხვდა კომატოზურ მდგომარეობაში, რაც, სავარაუდოდ, განვითარდა GHB-თი, რომელიც საუკუნის ერთ-ერთი საშიში ნარკოტიკია. GHB თავდაპირველად ანესთეტიკად გამოიყენებოდა, გასული საუკუნის 80-იან წლებში კი მან, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა, დიდი პოპულარობა მოიპოვა სპორტდარბაზისა და კლუბების მოყვარულთა შორის. ეს წამალი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია. მომხმარებლების გადმოცემით, GHB მათ რელაქსაციის ეფექტს აძლევს, ისევე, როგორც ალკოჰოლი, თუმცაღა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით არ იწვევს კოორდინაციის დაკარგვას, ენის ბორძიკს ან ნაბახუსევს, მაგრამ საგულისხმოა, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება გონის დაკარგვას იწვევს, ხოლო მოქმედების ეფექტი ერთიორად იზრდება ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. ამ საშუალებას შემდეგი გვერდითი მოვლენები ახასიათებს: მეხსიერების ჩავარდნა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაბალი ტემპერატურა, ღებინება, ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გულყრა, გონების დაკარგვა.

1990 წლიდან მოყოლებული, ამერიკაში მისი მოხმარების ფონზე დაახლოებით 16 000 კაცი დაიღუპა. მომხმარებელთა 64%-ს ამ წამლის პარალელურად გამოყენებული ჰქონდა სხვა მავნე ნივთიერებაც. ცალკეული პროფესიონალების განმარტებით, GHB -ის მოხმარების შეწყვეტა ბევრად ძნელია, ვიდრე ჰეროინისა".

დავით ვადაჭკორია, ნარკოლოგიური ცენტრ "ნეოგენის" დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ნარკოლოგი:

- 90-იან წლებში ის ამპულების სახით იყო მოხმარებაში, მათ შორის საქართველოშიც, ბოლო პერიოდში კი ფართოდ გავრცელდა კლუბურ გარემოში. მას "ქიმიურ სექსსა" და "გაუპატიურების ნარკოტიკსაც" უწოდებენ, რადგან მისი მოხმარების შემთხვევაში, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, მოზარდი გოგონა უუნარო ხდება და არის გაუპატიურების შემთხვევები. ამ ნარკოტიკს რუსეთში "ბურატინოს" ეძახიან.

ეს საშუალება და ამ ჯგუფის პრეპარატები დიდი ხანია გამოიყენება მედიცინაში. მოზარდები, რომელთაც არა აქვთ ნარკოგამოცდილება და სმენიათ, რომ ეს უსაფრთხო ნივთიერებაა, მოიხმარენ მას და ზედოზირებისას ან ალკოჰოლთან ერთად მიღების შემთხვევაში ფატალური შედეგი დგება.

გადამეტებულია შეფასება, რომ ის ყველაზე საშიში ნარკოტიკია. თუმცა, დიდი რისკები ახლავს, ვინაიდან დოზადამოკიდებული პრეპარატია. მცირე დოზებს შეიძლება ჰქონდეს მასტიმულირებელი ეფექტი, სექსუალური ლტოლვის, ლიბიდოს გაძლიერების უნარი, მაგრამ დიდი დოზის შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას იწვევს.

- ამ ნივთიერების (და სხვებისაც) ლაბორატორიული კვლევა შესაძლებელია? - არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდები რეანიმაციაშიც ხვდებიან, მაგრამ იმის ზუსტად თქმა, რა პრეპარატი მოიხმარა, შეუძლებელია. ამას სპეციფიკური კვლევა სჭირდება, რომელსაც ჩვენთან ვერც ერთი კლინიკა ვერ ჩაატარებს. დღეს უამრავი ახალი ნივთიერებაა შემოსული და თუ მომხმარებელმა არ გაამჟღავნა, ისე მათი დადგენა ვერ ხერხდება.

- ახლახან თბილისსა და ბათუმში იატაკქვეშა ლაბორატორიებიც აღმოაჩინეს, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებებს აწარმოებდნენ. - ისე ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომ ეჭვი მაქვს, სხვა ლაბორატორიებიც იქნება. ჩვენთან შავ ბაზარს ვერ აკონტროლებენ.

- რატომ უწოდებენ GHB-ს "საუკუნის ნარკოტიკს"? - ვერ ვიტყვი, რომ საუკუნის ნარკოტიკია, მაგრამ საყურადღებოა და ხალხს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რა რისკებთანაა მისი მოხმარება დაკავშირებული. საუკუნის ნარკოტიკები სხვებია, მათ გაცილებით მძიმე შედეგები მოაქვს.

- ზედოზირების გამო გარდაცვლილებს ექიმები მიზეზად გულის პრობლემას უფიქსირებენ, ექსპერტიზის პასუხს კი ოჯახი არ ასაჯაროებს, ამიტომაც რეალური მიზეზი უცნობია ხოლმე. - არსებობს მხოლოდ მიახლოებითი სტატისტიკა, ისიც ბენეფიციარებისგან მოპოვებული. ოჯახები ერიდებიან მიზეზების გახმაურებას.

"ნარკოტიკის ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" 2006 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ გლობალური პროექტის ეგიდით კვლევებს მთელ საქართველოში ატარებს. კახა კვაშილავა, ქსელის აღმასრულებელი დირექტორი: - ჩვენი მონაცემებით, მარტო გასულ წელს, ნოემბრის ჩათვლით, ზედოზირების 1208 შემთხვევა იყო და აქედან 6 ლეტალური შედეგით დასრულდა. დღეს ძირითადად "სუბოქსონი", "მეტადონი", "სირეცი", "ვინტი" და ა.შ. მოიხმარება და შესაბამისად, არის ლეტალური შემთხვევებიც.

- გარდაცვალების სტატისტიკას რა აფერხებს და თქვენ რას ეყრდნობით აღრიცხვის დროს? - გარდაცვალების მიზეზად შესაძლოა დაფიქსირდეს სუნთქვის შეჩერება, გულის, ჰაერის უკმარისობა და სხვა ნებისმიერი კლინიკური ნიშანი, მაგრამ არ მიუთითებენ, რომ ამის მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა. ჩვენ ბენეფიციარების ინფორმაციას ვეყრდნობით. ის გვეუბნება, რომ მისი მეგობარი ზედოზირებით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი სტატისტიკა არ არსებობს და ნებისმიერი მოსურნე იძულებულია დაეყრდნოს ჩვენი ქსელის კვლევების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.